Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
”იმიტირებულ სიუჟეტთან” დაკავშირებული სატელეფონო საუბრის ექსპერტიზა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 აპრ.'10 / 16:28

სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელიც ტელეკომპანია ”იმედის” ე.წ. იმიტირებული რეპორტაჟთან პრეზიდენტ სააკაშვილის შესაძლო კავშირზე მიანიშნებს, ავთენტურია, თუმცა შესაძლოა საუბრის ზოგიერთი მონაკვეთი წაშლილი იყოს, ნათქვამია ლონდონში განთავსებული ფირმის, GPW, დასკვნაში.

GPW, რომელიც კორპორატიულ საქმეთა კერძო საგამოძიებო ფირმაა, ჩანაწერის კვლევა ახალი მემარჯვენეების ლიდერის, დავით გამყრელიძის, დაკვეთით გააკეთა.

დასკვნაში ნათქვამია, რომ კვლევის მიზანი იყო იმის დადგენა არის თუ არა ტელეკომპანია ”იმედის” აღმასრულებელ დირექტორს გიორგი არველაძესა და მის მოადგილეს ეკა წამალაშვილს შორის ჩაწერილი სატელეფონო საუბარი ნამდვილი. აუდიო ჩანაწერი, რომელიც, როგორც ჩანს, იმიტირებული რეპორტაჟის გაშვებამდე შედგა, რუსულენოვან ვებგვერდზე 15 მარტს გამოქვეყნდა - რეპორტაჟის გაშვებიდან ორი დღის შემდეგ.

არველაძემაც და წამალაშვილმაც თქვეს, რომ ჩანაწერში მართლა მათი ხმები ისმის, თუმცა ირწმუნებიან, რომ ეს ფაბრიკაცია იყო. ორივეს თქმით, ჩანაწერი მონტაჟის და მათი სხვა სატელეფონო საუბრებიდან ამოკრეფილი ფრაზების საშუალებით გაკეთდა, რათა პრეზიდენტ სააკაშვილის რეპორტაჟთან კავშირში დადანაშაულება მომხდარიყო. არველაძემ განაცხადა, რომ ეს რუსეთის სპეცსამსახურებმა გააკეთეს რათა ანტისახელისუფლებო განწყობების გაღვივებისთვის შეეწყოთ ხელი. მმართველი პარტიის დეპუტატებმა იგივე პოზიცია დაიკავეს და განაცხადეს რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გაკეთებულ ფაბრიკაციებზე ყურადღების გამახვილება არ ღირდა.

ანგარიშში, რომელიც ალიანსმა საქართველოსთვის 26 აპრილს წარმოადგინა (და რომელიც - ორიგინალი და ქართული თარგმანიც - ახალი მემარჯვენეების ვებგვერდზე დაიდო), ნათქვამია, რომ GPW-მა ლინგვისტური ექსპერტიზისთვის დაიქირავა იზაბელ პიკორნელი, კომპანია QED Limited-ს ხელმძღვანელი და ლინგვისტური ექსპერტიზის სფეციალისტი, და დონალდ რეიფილდი, ქართული და რუსული ენების პროფესორი ლონდონის ქუინ მერის კოლეჯში.

დასკვნა გამორიცხავს, რომ ჩანაწერი სხვადასხვა საუბრების კომპილაციის შედეგად შეიძლება იყოს გაკეთებული. ორივე ექსპერტი აღნიშნავს, რომ საუბრისას გამოყენებული სიტყვები და მათი წყობა ერთი მთლიანი საუბრის ნაწილია.

თუმცა, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საუბარში სამ ადგილას შეინიშნება გარკვეული შეუსაბამობები, რაც შესაძლოა მიუთითებდეს მსუბუქ ჩარევაზე, წაშლის ან ამოჭრის გზით. ”მართალია, ზოგიერთი ადგილი შესაძლოა ამოჭრილი იყოს, მაგრამ  ჩანართების ან დამატებების არანაირი კვალი არ არსებობს,” - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ შეუსაბამობებს საუბრის იმ ნაწილში აქვს ადგილი, სადაც პრეზიდენტ სააკაშვილზე კეთდება მინიშნებები.

სატელეფონო საუბარში არველაძე ორჯერ ახსენებს ”მიშას”; იგი ეუბნება თანამოსაუბრეს, რომ ”მიშას” სურვილი იყო, რომ რეპორტაჟი გამაფრთხილებელი ტიტრის გარეშე და ასევე სიუჟეტის გაშვებამდე გაფრთხილების გარეშე გასულიყო. არველაძემ მას შემდეგ ახსენა ”მიშა”, როდესაც ეკა წამალაშვილმა გააფრთხილა თავისი უფროსი, რომ გამაფრთხილებელი ტიტრის გარეშე გამოგონილი სიუჟეტის გაშვება მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევა იქნებოდა.
 
ანგარიში ძირითადად საუბრის ლინგვისტურ-შინაარსობლივ მხარეზე აკეთებს აქცენტს და არა მის ტექნიკურ ასპექტებს; თუმცა, მასში ნათქვამია, რომ ლონდონში არსებულმა ფირმა, BSB Forensic-ის ექსპერტებმა შეისწავლეს ჩანაწერის ტექნიკური მხარე და დაასკვნეს, რომ თითოეული მოსაუბრე ჩაწერილია ცალ-ცალკე არხზე.

”ეს და სხვა ტექნიკური ფაქტორები მკაფიოდ მიუთითებენ, რომ ჩანაწერი ძირითად სატელეფონო სადგურში გაკეთდა,” - ნათქვამია ანგარიშში; ”სხვა ტექნიკურ ფაქტორებზე” ანგარიში არაფერია ნათქვამი.

ანგარიშის პრეზენტაციაზე ალიანსი საქართველოსთვის ლიდერებმა 26 აპრილს უთხრეს ჟურნალისტებს, რომ საქართველოს პროკურატურამ საქმის გამოძიება უნდა დაიწყოს.

რესპუბლიკელების ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ არველაძემ სისხლის სამართლის კოდექსის რამოდენიმე მუხლი დაარღვია, კერძოდ ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლა; სამეწარმეო საქმიანობის ხელის შეშლა და უკანონო სამეწარმეო საქმიანობა. უსუფაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არველაძემ იცოდა, რომ რეპორტაჟის გამაფრთხილებელი წარწერის გარეშე გაშვება კანონის დარღვევა იქნებოდა და ეს ზიანს მოუტანდა ტელეკომპანია ”იმედს,” მაინც დაჟინებით მოითხოვა ამის გაკეთება.

მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან დაირღვა კონსტიტუცია. მისი თქმით, სააკაშვილმა დაარღვია კონსტიტუციის ის ნაწილი, რომლის თანახმადაც ”შემოქმედებით პროცესში ჩარევა, შემოქმედებითი საქმიანობის სფეროში ცენზურა დაუშვებელია” და ”მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია.”

“უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობა და გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები. დავიწყოთ სამართლებრივი ბრძოლა... ბოლომდე მივიყვანოთ ეს საქმე,” - განაცხადა ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ.

”ამ გადაცემამ მთელს საზოგადოებას მიაყენა ძალიან დიდი ტრავმა, ეს იყო ფსიქოლოგიური ტრამვა... ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, ეს არის ჩვენი ეროვნული ღირსების საქმე”, - განაცხადა მან.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13