ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში პარასკევს ღამით რადიკალურად განწყობილი მართლმადიდებლური ჯგუფების ლიდერებსა და მათ ოპონენტებს შორის მიმდინარე დებატები ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა როგორც ტელეკომპანიის გარეთ, ასევე მის სტუდიაში.
ახალგაზრდა მამაკაცებმა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიდან, რაც თავის მხრივ ასოცირდება ახლადდაფუძნებულ სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობასთან, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გადაცემა ”ბარიერის” ზოგიერთ სტუმარს და ასევე ტელეკომპანიის რიგ თანამშრომლებს, აცხადებენ თვითმხილველები.
”ბარიერში” დებატებზე, რომელიც ნინო ჯანგირაშვილს მიყავდა, მიწვეული იყვნენ სპეციალური სტუმრები და ასევე სტუდიაში იმყოფებოდა აუდიტორია. სტუმრებს შორის იყვნენ მალხაზ გულაშვილი, მედია ჰოლდინგ Georgian Times-ის მფლობელი და სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის თანადამფუძნებელი; ნანა დევდარიანი, ყოფილი სახალხო დამცველი და ცესკოს ყოფილი თავმჯდომარე შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, რომელიც სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრია და ლევან ჩაჩუა, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენელი. დებატებში მათი ოპონენტები იყვნენ პროფესორი სერგო რატიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; თეო ხატიაშვილი, კინოკრიტიკოსი და უფლებადამცველი ბექა მინდიაშვილი.
დებატების მთავარი თემა იყო ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, რომლებიც გამოიხატა დაპირისპირებათა მთელ სერიაში რადიკალური მართლმადიდებლური ჯგუფების ახალგაზრდა მიმდევრებსა და მათ მოწინაღმდეგეებს შორის, რომლებიც ახლად შექმნილ სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობას განიხილავენ, როგორც ”ფაშისტურ” ორგანიზაციას. მსგავსი დაპირისპირება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან 7 მაისსაც მოხდა.
გადაცემის დასაწყისში წამყვანმა გამოთქვა იმედი, რომ დებატები იქნებოდა აქტიური, მაგრამ გაცილებით უფრო ”მშვიდი და კონსტრუქციული” ვიდრე ეს გასული დღეების განმავლობაში იყო.
თუმცა დებატები თავიდანვე უხეში ფორმები მიიღო. გულაშვილმა ოპონენტებს რამდენჯერმე გაუმეორა: ”თქვენ არ ხართ ლიბერალები; თქვენ ხართ ლიბერასტები”.
ბექა მინდიაშვილმა უთხრა გულაშვილს, რომ პოლიციის კომპეტენცია იყო მის აქტივისტებთან ურთიერთობა 4 მაისს მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმის გამო.
დებატების დაწყებიდან დაახლოებით ერთ საათში ბექა მინდიაშვილმა თქვა, რომ აზრი აღარ ჰქონდა დისკუსიის გაგრძელებას და დატოვა სტუდია. ცოტა ხანში იგივე გააკეთეს თეო ხატიაშვილმა და შემდეგ სერგო რატიანმაც.
ამის შემდეგ გადაცემა სარეკლამო პაუზაზე გავიდა; თუმცა გადაცემის განახლება მომდევნო ოცი წუთის მანძილზე ვერ მოხერხდა.
როცა პროგრამა ეთერში დაბრუნდა, წამყვანმა განაცხადა, რომ სტუმრების მიერ სტუდიის დატოვების შემდეგ, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლებმა სტუდიის გარეთ მათი სიტვიერი შეურაცხყოფა დაიწყეს და ”ცდილობდნენ მათ პროვოცირებას”. მისი თქმით, ყველაფერი ეს გადაიზარდა ჩხუბში, რომლის დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ ”კავკასიის” რამდენიმე თანამშრომელსაც. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ”კავკასიის” დამფუძნებელს, დავით აქუბარდიასაც.
ამ განცხადების შემდეგ სტუდიაში ხელახლა ატყდა ჩხუბი და წამყვანმა მოუწოდა პოლიციას დაუყოვნებლივ მისულიყო და აღეკვეთა შექმნილი ვითარება. რამდენიმე წუთის შემდეგ, რამდენიმე მღვდელი და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის რამდენიმე აქტივისტი შევიდნენ სტუდიაში, სადაც ბრალს სდებდნენ წამყვანს, რომ ეს პროვოკაცია მის მიერ იყო მოწყობილი. სტუდიაში ასევე შევიდა პოლიციაც, მათ შორის თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჩკორი. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სულ მცირე სამი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთი ცნობით, დაკავებულია ოთხი პიროვნება.
პროგრამა გაგრძელდა რამდენიმე წუთში, როცა ”კავკასიის” სტუდიაში მომხდარის დასაგმობად მივიდნენ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლები. სტუდიაში გამოჩნდნენ ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გია ჭანტურია და იმავე მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე, რათა ტელეკომპანია ”კავკასიისთვის” სოლიდარობა გამოეცხადებინათ.
სტუდიაში სხვა ოპოზიციურ პოლიტიკოსებს შორის რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელიც იმყოფებოდა, რომლის თქმითაც, მას მიაჩნია, რომ რადიკალურად განწყობილ მართლმადიდებლურ ჯგუფებს ხელისუფლების მხარდაჭერა აქვთ.
მისი თქმით, ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე ისინი ვერ გაბედავდნენ ამგვარი რამის გაკეთებას. ხიდაშელის თქმით, ხელისუფლების ინტერესებში შედის ამ ტიპის ინციდენტების პროვოცირება, რათა მოახლოებული ადგილობრივი არჩევნებიდან ყურადღება იქნას გადატანილი.
მალხაზ გულაშვილი, რომელმაც 2010 წლის მარტში სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა ჩამოაყალიბა, განუცხადა მოძრაობის წევრებს 7 მაისს გამართულ შეკრებაზე, რომ იწყებს ბრძოლას ”თავისუფლების ინსტიტუტის დიქტატისგან საქართველოს გასათავისუფლებლად”. გულაშვილის თქმით, თავისუფლების ინსტიტუტი და მისი მხარდამჭერები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ”ანტი-რელიგიურ იდეოლოგიას” უწევენ აგიტაციას.
წარსულში გულაშვილი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ბიზნეს პარტნიორი იყო. ჯგუფის მფლობელი დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის გელა ბეჟუაშვილის ძმა, დეპუტატი დავით ბეჟუაშვილია. გულაშვილი და საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი საინფორმაციო სააგენტოს Georgian Business Consulting-ის აქციების მფლობელები იყვნენ. ინდუსტრიულ ჯგუფს ასევე აქვს აქციები ტელეკომპანიებში ”რუსთავი 2”, ”მზე” და ”პირველი სტერეო”. თუმცა, როგორც რამოდენიმე თვის უკან გულაშვილმა განაცხადა, მას ბეჟუაშვილთან არანაირი ბიზნეს ან სხვა ურთიერთობები აღარ აქვს.