ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიზნად რჩება საქართველოს ტერიტორიის ნაწილებზე ”რუსეთის ოკუპაციის დასრულება”, თუმცა ამ მიზნის განხორციელებაში პროგრესი არ შეინიშნება, განაცხადა რუსეთის საკითხებში პრეზიდენტ ობამას მრჩეველმა 10 ივნისს.
აშშ–ის პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ და ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთის და ევრაზიის საკითხებში უფროსმა დირექტორმა მაიკლ მაკფოლმა კატეგორიულად უარყო მოსაზრება, რომ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის ხარჯზე ვაშინგტონმა საქართველო მიატოვა
ვაშინგტონში არსებულ პიტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტში გამოსვლისას მაკფოლმა რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის ობამას ადმინისტრაციის ძირითადი პრინციპებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პრეზიდენტობის ვადის დაწყებისთანავე, ობამა მიიჩნევდა, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში არსებული სახიფათო ტენდენციები, რომელიც 2008 წლის აგვისტოში ”რუსეთის საქართველოში შეჭრამდე” დაიწყო, ვაშინგტონის ეროვნულ ინტერესებში არ შედის.
მისი თქმით, აშშ-ის ეროვნული ინტერესების ძირითადი გამოწვევების უმეტესობა ასევე წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვისაც, მათ შორის სიტუაცია ავღანეთში და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა.
მისი თქმით, რუსეთთან მიმართებაში აშშ-ის პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს არ მოხდეს ისეთი საკითხების ერთმანეთთან დაკავშირება, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ. მან ამის მაგალითად განაცხადა, რომ ვაშინგტონს სულაც არ დაუყენებია მიხეილ ხადარკოვსკის გათავისუფლების საკითხი, როგორც წინაპირობა დაწყებულიყო სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შესახებ განახლებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები.
ამ კუთხით კიდევ ერთ მაგალითად მან საქართველო მოიყვანა და განაცხადა: ”ჩვენ განზრახ არ ვაყენებთ საქართველოს ოკუპაციის დასრულების საკითხს, როგორც ’123 შეთანხმების’ წინაპირობას” - შეთანხმება ეხება სამოქალაქო ბირთვულ სფეროში თანამშრომლობას.
10 მაისს კონგრესისადმი გაგზავნილ განცხადებაში, სადაც ობამა საკანონმდებლო ორგანოს ამ ხელშეკრულების დამტკიცებას სთხოვს, პრეზიდენტმა განაცხადა: ”საქართველოში არსებული სიტუაცია აღარ უნდა იქნეს მიჩნეული დაბრკოლებად, რათა შემოთავაზებული ხელშეკრულების” დამტკიცება გაგრძელდეს. ამ განცხადების გამო ობამა, საპრეზიდენტო არჩევნებში მისმა ყოფილმა კონკურენტმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამგვარი პოზიცია ხელს უწყობს განწყობას, რომ ვაშინგტონი საქართველოს რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკაზე ცვლის.
თუმცა, როგორც მაკფოლმა განაცხადა, ადმინისტრაციის სტრატეგია ”არ გულისხმობს, რომ ჩვენ საქართველოს იგნორირებას ვახდენთ... ჩვენ ამ საკითხებს პარალელურად ვაკეთებთ, თუმცა მათ ერთმანეთს არ ვუკავშირებთ”.
ამავე დროს, აღნიშნა მან, ობამას ადმინისტრაცია ”არ აძლევს რუს კოლეგებს იმის საშუალებას, რომ ერთმანეთს დაუკავშირონ ისეთი სხვადასხვა საკითხები, რისი დაკავშირებაც მათ სურთ.”
”ასე რომ, ჩვენ არ ვწყვეტთ საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენას და არ გავწირავთ საქართველოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის სანაცვლოთ - ასეთი შემოთავაზება იყო ჩვენი მისამართით გაკეთებული დიდი ხნის წინ, მაგრამ ჩვენ განვაცხადეთ: ’ჩვენ ასე არ ვითამაშებთ’,” - განაცხადა მაკფოლმა.
იმ საკითხების ჩამოთვლის შემდეგ, რომლებზეც, მისი აზრით, რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის ფარგლებში პროგრესი იქნა მიღწეული, მაკფოლმა ის პრობლემებიც ჩამოთვალა, სადაც წინსვლა არ შეიმჩნევა.
”ამ სიის სათავეში არის საქართველო და დემოკრატია [რუსეთში],” - განაცხადა მაკფოლმა.
”არის ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის მიზანი ხელი შევუწყოთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დასრულებას მშვიდობიანი გზით და აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა? დიახ, აბსოლუტურად; ეს ჩვენი მიზანია. საქართველოსთან დაკავშირებით სხვა მიზნებიც გვაქვს: ჩვენი მიზანია გაძლიერდეს სტაბილურობა საქართველოში და რეგიონში, ჩვენი მიზანია გაძლიერდეს დემოკრატია და ასევე გაძლიერდეს ეკონომიკის ზრდა საქართველოში და ჩვენ ყველაფერს ამას ერთდროულად ვაკეთებთ,” - განაცხადა მან.
”მივაღწიეთ ჩვენ რაიმე პროგრესს მთავარ მიზანთან დაკავშირებით? ჩემი პასუხია ’არა’; არ მიგვიღწევია; ეს სიმართლეა. ამრიგად, ჩვენ გვაქვს მიზანი, ჩვენ გვაქვს სტრატეგია, რომელსაც ვახორციელებთ და რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, [ამ თვეში] როდესაც პრეზიდენტი მედვედევი აქ იქნება. მივაღწიეთ რაიმე რეალურ პროგრესს საქართველოს სუვერენიტეტის აღდგენაში? ჩემი პასუხია ’არა’,” - განაცხადა მან.
იმავდროულად, 10 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ განაცხადა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ საქართველოში, კერძოდ კი სეპარატისტულ რეგიონებში არსებული ვითარება აშშ-ს და რუსეთს შორის უთანხმოების მიზეზად რჩება.
”ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დაგგვიწყებია, თუ რა მოხდა საქართველოსა და რუსეთს შორის. ჩვენ კვლავ ნათლად ვეუბნებით რუსეთს, რომ საჭიროა ამ სიტუაციის შეცვლა. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას,"– აღნიშნა მან.
კროულიმ ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი აქტიურად განიხილავს ყველა ამ საკითხს რუსეთთან.
”რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები რუსეთთან მიმდინარე დიალოგის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს,” - განაცხადა მან.