Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ლავროვი: სოხუმისა და ცხინვალის პრობლემა გადაწყვეტილია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 ივნ.'10 / 19:36

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებით ეს კონფლიქტები "საბოლოოდ“ გადაწყვიტა, რასაც ასევე ეთანხმებიან "სხვა სერიოზული ქვეყნები“.  

“ჩვენთვის საკითხი გადაწყვეტილია საბოლოოდ და შეუქცევადად. გავბედავ და ვიტყვი, რომ ის ასევე საბოლოოდ და შეუქცევადად გადაწყვეტილია სხვა სერიოზული ქვეყნებისთვისაც. უბრალოდ პოლიტკორექტულობის თუ სხვა პოლიტიკური მიზეზების გამო მათ არ შეუძლიათ ეს ოფიციალურად აღიარონ. მე არა ერთხელ მითქვამს, რომ ეს ჩვენი არჩევანი არ ყოფილა და ყველა პრეტენზია უნდა მიიმართოს მიხეილ სააკაშვილისადმი, რომელმაც ფეხქვეშ გათელა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. მან ამას ჯვარი დაუსვა,“– განაცხადა მან გაზეთ "კომერსანტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, როცა მას კითხეს არის თუ არა სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში არსებული სტატუს–კვო სამუდამო. 

მისი თქმით, ამ რეგიონების სტატუსის განსაზღვრის გეგმებზე 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პროექტში არსებული პუნქტი საბოლოო ვარიანტიდან პრეზიდენტ სააკაშვილის მოთხოვნით იქნა ამოღებული.

“როდესაც შესრულდა აგრესიის ჩახშობის მიზანი და რუსეთის პრეზიდენტმა გასცა სამხედრო ოპერაციის შეჩერების ბრძანება, შეთანხმდა მედევედევი–სარკოზის გეგმა, რომელმაც შემდგომ მოქმედებებს ჩაუყარა საფუძველი. მასში მეექვსე პუნქტად აღნიშნული იყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების დაწყებისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობის თეზისი. ჩვენ ამაზე ხელი მოვაწერეთ. ანუ 2008 წლის 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტი დათანხმდა იმას, რომ ამ რეგიონების სტატუსი ექვემდებარება საერთაშორისო განხილვას," განაცხადა ლავროვმა და განაგრძო: 

“ჩვენ საერთოდ არ გვქონდა არავითარი მოსაზრება, რომელსაც გეოპოლიტიკური განზომილება ჰქონდა. ჩვენ მზად ვიყავით საომარი მოქმედებების დასრულების დღეს გაგვეგრძელებინა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე დისკუსია. დოკუმენტი იყო შეთანხმებული. საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ წაიღო ის თბილისში. შემდეგ კი დარეკა და გვითხრა, რომ სააკაშვილი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ამ რესპუბლიკების სტატუსის განხილვის, რომ მისთვის სტატუსი გასაგებია და ეს ფრაზა უნდა ამოღებულიყო. ჩვენ დავთანხმდით".

“სხვათა შორის, სააკაშვილი მანიპულირებდა მედვედევი–სარკოზის გეგმის სხვა ნაწილებითაც. ექვს პუნქტს წინ უძღოდა შესავალი ტექსტი, რომელიც ამბობდა: რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები მხარს უჭერენ ქვემოთ მოყვანილ პრინციპებს და მოუწოდებენ მხარეებს მათი შესრულებისკენ. დოკუმენტში, რომლის ხელმოწერაზეც სააკაშვილი საბოლოო დათანხმდა, მან არა მხოლოდ ამოაგდო ფრაზა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ, არამედ გადახაზა შესავალი ნაწილი და ახლა აცხადებს, რომ დოკუმენტი მოუწოდებს რაღაცეების შეწყვეტისკენ, მათ შორის რუსეთსაც. მაშინ როცა შესავალი ნაწილი ერთმნიშვნელოვნად ამბობდა, რომ ორი პრეზიდენტი მიუწოდებს მხარეებს გააკეთონ ესა და ეს. ამიტომაც ჰქვია მას მედვედევი–სარკოზის გეგმა,“– აღნიშნა ლავროვმა ინტერვიუში.

მისი თქმით, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, რომლის შესრულებისკენაც რუსული ძალების სეპარატისტული რეგიონებიდან გაყვანის კონტექსტში თბილისი და საერთაშორისო ორგანიზაციები მოსკოვს პერმანენტულად მოუწოდებენ, უკვე შეასრულა.

“ჯარები, რომლებიც მონაწილეობდნენ სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის ჩახშობაში, გაყვანილნი იყვნენ რუსეთის ტერიტორიაზე. იმ დროისთვის ჩაიშალა დისკუსიები სტატუსზე, თბილისიდან გაისმოდა რევანშისტული მოწოდებები, რომ ომი არ დასრულებულა. ამიტომაც აგვისტოს ბოლოს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სხვა გზა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და აფხაზებისა და სამხრეთ ოსების გადასარჩენად, გარდა მათი დამოუკიდებლობის აღიარებისა, არ არსებობს. რუსული ჯარების ახლანდელი კონტიგენტები სამხრეთ ოსეთშიც და აფხაზეთშიც იმყოფებიან იქ სხვა სამართლებრივ საფუძველზე – რუსეთსა და მის მიერ აღიარებულ ორ სახელმწიფოს შორის შეთანხმებების ბაზაზე. მედვედევი–სარკოზის გეგმა ამ ნაწილში რუსეთმა შეასრულა,“– განაცხადა ლავროვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თუ რუსეთის მიმართ მოთხოვნა მდგომარეობს 2008 წლის 8 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე რუსული ჯარების დაბრუნებაში, მაშინ, მისი თქმით, სამშვიდობოები ცხინვალის რეგიონშიც და აფხაზეთშიც უსაფრთხოების ზონებში, მათ შორის "საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში“ იდგნენ.

“სამშვიდობოები იყვნენ არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთში, რომელიც მაშინ საქართველოს ნაწილი იყო, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. იგივე იყო აფხაზეთის ირგვლივაც. ამიტომ თუ ჩვენ მოგვიწოდებენ რომ დავიძრათ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიღმა და დავდგეთ ხაზზე, რომელზეც უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ ჩვენი სამშვიდობოები 2008 წლის 8 აგვისტომდე, მე დიდად მადლობელი ვიქნებოდი, თუკი ჩვენ პირდაპირ ასე გვეტყოდნენ,“– განაცხადა ლავროვმა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
5