საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2010 წლის პირველ კვარტალში 75.7 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (130 მილიონი აშშ დოლარი) 41.5%–იანი კლებაა, იტყობინება საქსტატი.
2010 წლის იანვარ–მარტში საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი თურქეთი იყო 20.3 მილიონი აშშ დოლარით ანუ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 26.8%–ით. შემდეგ მოდის ჩეხეთის რესპუბლიკა – 19.8 მილიონი აშშ დოლარი (26.1%); ეგვიპტე – 18 მილიონი აშშ დოლარი (23.8%) და იაპონია – 15.7 მილიონი აშშ დოლარი (20.7%).
პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები სამრეწველო სექტორმა მოიზიდა - 24.2 მილიონი აშშ დოლარი – მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 31.9%. შემდეგ მოდის ენერგოსექტორი – 19.4 მილიონი აშშ დოლარი, 25.6%.
2009 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 759.1 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა, 2008 წელს არსებული 1.56 მილიარდიდან. გასულ წელს ქვეყნის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თითქმის ნახევარი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებზე და ეგვიპტეზე მოდიოდა 169.8 მილიონი და 167.5 მილიონი აშშ დოლარით, შესაბამისად.