საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, მედიის და სასამართლოს თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრეს დღეს ორი ოპოზიციური პარტიის – ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ და ქრისტიან–დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ აშშ–ის სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან გამართულ შეხვედრაზე.
"მე პრაქტიკულად დავრწმუნდი შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს მტკიცე მხარდაჭერას ქართული დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების,“– განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს 20–წუთიანი შეხვედრის შემდეგ.
ალასანიას ინფორმაციით, რომელიც ახლახანს დაბრუნდა ამერიკიდან, აშშ დახმარების "სოლიდურ“ პაკეტს გამოყოფს საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.
"აქ არის საუბარი ისეთ კონკრეტიკაზე, როგორც არის საარჩევნო სიების დაზუსტება, საარჩევნო კოდექსზე მუშაობის გაგრძელება და იმაზე, რომ ოპოზიციური ძალებს მიეცეს შესაძლებლობა რეალურად ჩაერთონ პოლიტიკაში, ქონდეთ შესაძლებლობა მოიზიდონ ფონდები და ასევე დახმარება, რათა ჩვენი პარტიული ინფრასტრუქტურა გაძლიერდეს,“– განაცხადა ალასანიამ კლინტონთან შეხვედრის შემდეგ.
თარგამაძის განცხადებით, შეხვედრაზე აღინიშნა პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოებში განვითარების აუცილებლობა.
"განსაკუთრებით ხაზი გაესვა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოში განვითარებას, იმას რომ პოლიტიკური სისტემა თავად გახდეს საფუძველი მშვიდობიანი სახელისუფლო ცვლილებების. ამისათვის აუცილებელია, რომ პოლიტიკური მოთამაშე, პოლიტიკური პარტიები ვიყოთ კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანები,“ – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
ოპოზიციასთან შეხვედრის ფორმატში მხოლოდ ეს ორი პარტია იქნა მიწვეული.
კონსერვატორების წარმომადგენელმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ აშშ–ის საელჩომ ოპოზიციური პარტიები შეხვედრისთვის საკუთარი ხედვის შესაბამისად შეარჩია. "ისინი არჩევენ ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელთა მოსაზრებებიც ქალბატონი კლინტონის ყურისათვის არ აღმოჩნდეს უხეში მოსასმენი და ოპოზიციის მეორე ნაწილს, რომელთა მოსაზრებებიც შეიძლება იყოს ერთგვარი დისონანსი,“– განაცხადა მან.