ახალ საგადასახადო კოდექსს პარლამენტი საბოლოო, მესამე მოსმენით სექტემბერში დაამტკიცებს, ხოლო მეორე მოსმენით 21 ივლისს განიხილავს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე.
კოდექსის მეორე მოსმენით განხილვა დღეს იგეგმებოდა, თუმცა გარკვეულ საკითხებზე დამატებითი კონსულტაციების საჭიროების მოტივით, ბაქრაძემ და პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მისი შემდგომი სხდომისთვის გადადების ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს.
პარლამენტის თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, თუ კერძოდ რომელი საკითხები რჩება შეუთანხმებელი.
14 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ ახალი საგადასახადო კოდექსი, მთავრობასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის "შეუთანხმებლად“, 2011 წლიდან გრანტის ფარგლებში გაცემული ანაზღაურების საშემოსავლო გადასახადის 20%-მდე ზრდას ითვალისწინებს, არსებული საშეღავათო 12%–დან.
არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ პროექტის აღნიშნული სახით მიღება ხელს შეუშლის "დემოკრატიული განვითარების პროცესის ხელშეწყობისკენ" მიმართულ მათ საქმიანობას და ეწინააღმდეგება დონორთა ინტერესს გაცემული თანხების კონკრეტული მიზნობრიობით დახარჯვასთან დაკავშირებით; და ასევე გაამწვავებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების ნაკლებობის პრობლემას.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ გრანტიდან მიღებული ხელფასების 12%-იანი განაკვეთით დაბეგვრა 2014 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდეს და სამწლიანი მორატორიუმის ვადის გასვლის შემდეგ, საგადასახადო განაკვეთის გაზრდა განხორციელდეს მხოლოდ სამოქალაქო სექტორსა და მთავრობას შორის კონსულტაციების საფუძველზე.
არსებული საგადასახადო კოდექსით, 2011 წლიდან საშემოსავლო გადასახადი 18% უნდა გამხდარიყო და 2012 წლიდან 15%–მდე შემცირებულიყო. თუმცა ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტით, შემცირების ამ გრაფიკმა გადაიწია და საშემოსავლო გადასახადის 15%–იანი განაკვეთის შემოღება მხოლოდ 2014 წლიდან იგეგმება.
თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა 16 ივლისს მიანიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საშეღავათო დაბეგვრის სისტემა სავარაუდოდ არ შენარჩუნდება, რადგან ეს არ იქნება "სამართლიანი" სხვა სფეროში დასაქმებულებთან მიმართებაში.