კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის ძირითადი ნაწილები, რომელიც ხელისუფლების შტოების ახალ უფლებამოსილებებს და მათ შორის განახლებულ ძალთა ბალანსის შემოღებას უკავშირდება, 2013 წლიდან შევა ძალაში, განაცხადეს დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან.
პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, საჭიროა დრო ახალ სისტემაზე გადასასვლელად, რასაც ასევე წინ უნდა უძღოდეს მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები და ფართო საინფორმაციო კამპანია.
„[კონსტიტუციური კანონის] ამოქმედება მოხდება ეტაპობრივად 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან,“– განუცხადა Civil.ge-ს პარლამენტის თავმჯდომარემ, "საბოლოო ჯამში, 2013–ში მოხდება მთლიანად ამოქმედება და მანამდე ამოქმედება მოხდება ისე, რომ ცალკეული ნაწილების ამუშავებამ ხელი არ შეუშალოს მთლიანად სახელმწიფო მექანიზმის მუშაობას“.
ეს განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ილიას უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც ერთ–ერთი იყო იმ შეხვედრების მთელ სერიას შორის, რომელიც პროექტის ერთთვიანი საერთო–სახალხო განხილვის ფარგლებში თითქმის ყოველდღიურად იმართება.
მან ასევე აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციის ასამუშავებლად "ყველა არჩევნების რიგგარეშედ დანიშვნას არ ვაპირებთ“.
პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე ხაზი გაუსვა, რომ არასწორია ვარაუდი იმის თაობაზე, რომ ცვლილებები მიზნად ისახავს პრემიერ–მინისტრის ინსტიტუტის გაძლიერებას "ვიღაცისთვის ადგილის დასაჯავშნად“.
ოპოზიციური პარტიების განცხადებით, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელსაც მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა 2013 წელს ეწურება, ხელისუფლებაში დარჩენას პრემიერ–მინისტრის რანგში გეგმავს.
მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2012 წელს, ხოლო საპრეზიდენტო 2013 წელს არის დაგეგმილი.
ახალი საკონსტიტუციო მოდელის თანახმად, ახლადარჩეული პარლამენტი ახდენს მთავრობის ფორმირებას. კერძოდ, ეს პრეროგატივა პირველ ადგილზე გასულ პარტიას ენიჭება, რომელიც წარადგენს პრემიერ–მინისტრის კანდიდატურას დასამტკიცებლად. პრეზიდენტს კი, პრემიერ–მინისტრისთვის უფლებების გადანაწილების ხარჯზე, საკმაოდ შეეზღუდება უფლებამოსილებანი.
როგორც მმართველი პარტიიდან დეპუტატმა ლაშა თორდიამ განმარტა, კონსტიტუციური პროექტის ამ ახალი დებულებების ამოქმედება ნავარაუდევია 2013 წლიდან და არ გავრცელდება 2012 წელს ასარჩევ პარლამენტზე.
საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტში, რომელიც მისი საყოველთაო–სახალხო განხილვის ფარგლებში გამოქვეყნებულია საქართველოს პარლამენტისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ძალისხმევით შექმნილ ვებ–გვერდზე, ამოქმედების ორი ვადაა მითითებული 2011 წლის 1 იანვარი და 2013 წლის 1 დეკემბერი – ამ უკანასკნელი თარიღიდან დებულებების დიდი უმეტესობის ამოქმედებაა გათვალისწინებული.
პარლამენტი პლენარულ სხდომებზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დაწყებას სექტემბერში გეგმავს.
პარლამენტის თავმჯდომარის ცნობით, სექტემბერში იგეგმება ასევე ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას ამზადებს.