თბილისში მდებარე სახელმწიფო შენობებიდან ბოლო დროს განხორციელებულმა ინტენსიურმა გამოსახლებებმა დევნილებში "დაძაბულობა“ და "უკმაყოფილება“ გამოიწვია; ასევე არსებობს იმის საფრთხე, რომ დევნილებში სამინისტროს მიმართ გაჩნდება უნდობლობა, რაც მომავალში დევნილებისთვის ხანგრძლივი საცხოვრებლის უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესს გაართულებს, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა 17 აგვისტოს.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა განაცხადა 13 აგვისტოს, რომ მართალია დევნილთა ორგანიზებული გადასახლება შესაძლოა საჭირო იყოს მათთვის ხანგრძლივი საცხოვრებლის უზრუნველყოფისთვის, მაგრამ „მიუხედავად ამისა, გაეროს კომისარიატი დაჟინებით მოითხოვს, რომ ამგვარი გადასახლებიდან გამომდინარე ნებისმიერი გამოსახლება საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო სტანდარტების და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად განხორციელდეს“.
26 ივლისიდან 16 აგვისტომდე პერიოდში პოლიციამ ასობით დევნილი გამოასახლა თბილისში მდებარე სხვადასხვა შენობებიდან.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს განცხადებით, დევნილ ოჯახებს 10 000 აშშ დოლარის ოდენობის ფინანსურ კომპენსაციას ან ალტერნატიულ საცხოვრებელს სთავაზობენ. დევნილთა თქმით, მათ საცხოვრებელი სოფლებში შესთავაზეს, რაც მათთვის მიუღებელია იქ დასაქმების პერსპექტივის ნაკლებობის გამო.
სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნა განცხადებაში, რომ გამოსახლების პროცესის მონიტორინგის დროს მან მთელი რიგი პრობლემები გამოავლინა, მათ შორისაა გამოსახლების შემჭიდროებული ვადები.
„დევნილებს, როგორც წესი, გამოსახლების შესახებ აფრთხილებენ 5 დღით ადრე,“ – ნათქვამია განცხადებაში, „დევნილები მიუთითებენ, რომ ხშირ შემთხვევაში გაფრთხილება ატარებს ზეპირ ხასიათს. გამოსახლების მცირე ვადები, დევნილებს არ აძლევთ საშუალებას დაცალონ შენობები თავიანთი ნივთებისგან.“
ამავე განცხადების თანახმად, ის დევნილები, რომლებიც ალტერნატიულ განსახლებას ექვემდებარებიან, არ ფლობენ ინფორმაციას ალტერნატიული საცხოვრებლის შესახებ, ან მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია აქვთ, რაც ძირითადად საცხოვრებლის ადგილმდებარეობით შემოიფარგლება. "ზემოაღნიშნულის გამო შეუძლებელია დევნილთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
"დევნილთა განმარტებით, თავად გამოსახლების პროცესი შეურაცხმყოფელ ხასიათს ატარებს. ხშირია სიტყვიერი შეურაცხყოფის, არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ცალკეულ შემთხვევაში დევნილები ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც კი მიუთითებენ,“ – აცხადებს სახალხო დამცველი.
Amnesty International-ის მიერ 5 აგვისტოს გამოქვეყნებული ანგარიში დევნილებზე, სხვა საკითხებთან ერთად, ერთ–ერთ პრობლემად გადაწყვეტილების მიღებისას ხელისუფლების დევნილებთან კონსულტაციის ნაკლებობას ასახელებს.
"იძულებით გადაადგილებული პირები უნდა იყვნენ ჩართული იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც მათ უფლებებს და მომავალს შეეხება და უნდა შეეძლოთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება,” – განაცხადა Amnesty International-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორმა ნიკოლა დაქვორთმა.