გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) აცხადებს, რომ მიაღწია "პოზიტიურ შეთანხმებას“ ხელისუფლებასთან დევნილთა გამოსახლების გაუმჭირვალე პროცესის უკეთ ორგანიზებისთვის.
UNHCR–ის მიერ 24 აგვისტოს გავრცელებულ პრეს–რელიზში ნათქვამია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმება გულისხმობს სტანდარტული გამოსახლების პროცედურის შემუშავებას, რომელიც გამოყენებული იქნება დევნილთათვის გრძელვადიანი განსახლებისათვის საჭირო ორგანიზებული გადაადგილების დროს.
ამასთან, UNHCR "საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად გამოთქვამს წუხილს თბილისში ბოლო დროს იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიური ცენტრებიდან გამოსახლებების გამო, რომლებიც მიმდინარეობს სათანადო გამჭვირვალობის ან დევნილთათვის ინფორმაციის მიწოდების გარეშე“.
აგვისტოს თვეში, თბილისის კოლექტიური ჩასახლების ცენტრებიდან დევნილთა იძულების გამოსახლების პროცესმა ინტენსიური ხასიათი მიიღო. ხშირ შემთხვევებში, დევნილები წინასწარ გაფრთხილებულები არ იყვნენ გამოსახლების შესახებ და მათ არც ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ალტერნატიული საცხოვრებელი პირობები აკმაყოფილებდათ; იყო შემთხვევები, როდესაც გამოსახლებულებს ალტერნატიულ ფართებს საერთოდ არ სთავაზობდნენ. ამგვარმა მიდგომებმა დევნილთა პროტესტი გამოიწვია, რაც ბოლო დროს გახშირებულ საპროტესტო აქციებშიც გამოიხატა.
სახალხო დამცველის ოფისმა გააკრიტიკა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილთა გამოსახლების პროცესის გამო, რამაც იძულებით გადაადგილებულ პირებში "დაძაბულობა“ და "უკმაყოფილება“ გამოიწვია.
სახალხო დამცველის აპარატმა დევნილთა ორი ახალი ჩასახლების ადგილის მონიტორინგი განახორციელა წალენჯიხის რაიონის სოფელ ფოცხო–ეწერსა და თბილისში; და სამინისტროს "ადეკვატური საცხოვრებელი პირობების“ შექმნისაკენ მოუწოდა.
მონიტორინგის შედეგების თანახმად, რომელიც 20 აგვისტოს გამოქვეყნდა, ფოცხო–ეწერში ჩასახლებულ დევნილთა 13 ოჯახს, მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ფართები რეაბილიტირებულია, არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი, დაზიანებულია იატაკი, არ აქვთ საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი.
მონიტორინგის თანახმად, ივნისში, თბილისში ახალი განსახლების შენობაში დევნილების შესახლებისას „მძიმე საცხოვრებელი პირობები“ იყო და მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები, სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ორი თვის შემდეგ ეს პირობები "კვლავ მძიმე რჩება“, ხოლო სარემონტო სამუშაოები, რომელიც ივნისში უნდა დასრულებულიყო, შეჩერებულია.