საქსტატის მიერ 24 აგვისტოს გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2009 წელს 658.4 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2008 წელთან შედარებით 57.8%-ით ნაკლებია.
საქსტატის მიერ 2010 წლის მარტში გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, გასულ წელს ინვესტიციების მოცულობა 759.1 მილიონი აშშ დოლარი იყო. საქსტატში პირველად და დაზუსტებულ მონაცემებს შორის სხვაობას ხსნიან რამოდენიმე მიზეზით, მათ შორის იმ შემთხვევებით, როდესაც არარეზიდენტების მიერ წილების გადაფორმება ან გაყიდვა ხდება რეზიდენტებზე; ასევე იმ შემთხვევებით, როდესაც საწარმოს თუ ფირმის არარეზიდენტი დამფუძნებელი ფორმდება როგორც რეზიდენტი, რითაც მისი რეკლასიფიკაცია ხდება.
დაზუსტებულ ვერსიაში ასევე მნიშვნელოვნად შეიცვალა ინვესტიციების შემოდინების მაჩვენებლები ქვეყნების მიხედვით.
მარტში გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, ეგვიპტე საქართველოს მეორე უმსხვილესი ინვესტორი იყო 2009 წელს, თუმცა დაზუსტებულ მონაცემებში ეგვიპტე საერთოდ არ არის მოხსენიებული.
საბოლოო მონაცემებით, საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი არაბეთის გაერთიანებული საამიროებია 162.8 მილიონი აშშ დოლარით; შემდეგ მოდის თურქეთი 97.9 მილიონი აშშ დოლარით.
უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები ასევე შეიცვალა ეკონომიკის სექტორების მიხედვითაც. საბოლოო მონაცემებით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უძრავი ქონების სექტორმა მოიზიდა – 147.4 მილიონი აშშ დოლარი; შემდეგ მოდის სამრეწველო სექტორი - 139.8 მილიონი აშშ დოლარი; სამშენებლო სექტორი - 105.2 მილიონი აშშ დოლარი; ტრანსპორტი და კომუნიკაცია – 98.4 მილიონი აშშ დოლარი.