Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ვენეციის კომისია საქართველოს ახალი საკონსტიტუციო პროექტის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 სექ.'10 / 19:50

ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია საბოლოო დასკვნას საქართველოში დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით 15–16 სექტემბრის სხდომაზე მიიღებს.

ამ სხდომის შემდეგ, 16–17 სექტემბერს შედგება ვენეციის კომისიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში, რომლის დროსაც კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციებს საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავენ.

ვენეციის კომისიამ, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ  საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ექსპერტიზისთვის გადაუგზავნა, პროექტთან დაკავშირებით წინასწარო მოსაზრებები ივლისის ბოლოს გამოაქვეყნა.

მასში აღნიშნულია, რომ შემოთავაზებული პროექტი ითვალისწინებს „რამდენიმე მნიშვნელოვან გაუმჯობესებას და  საყურადღებო ნაბიჯებს დადებითი მიმართულებით“; მაგრამ კომისია ასევე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებათა პროექტი "გარკვეულ ცვლილებებს“ საჭიროებს, სანამ მისი დამტკიცება მოხდება.

პარლამენტი ცვლილებებზე მსჯელობის დაწყებას სექტემბერში გეგმავს და როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა, ის სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში იქნება მიღებული.

ვენეციის კომისიის წინასწარ მოსაზრებებში ნათქვამია, რომ ახალი მოდელით ”ხდება ნაკლებად საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლა”, სადაც პრეზიდენტი ”ნავარაუდევია, რომ იყოს ნეიტრალური არბიტრი სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის“.

“[ახალი მოდელი] მიზნად ისახავს საპრეზიდენტო სისტემიდან შერეულ სისტემაზე გადასვლას, სადაც აღმასრულებელი ფუნქციები იქნება მთავრობის ხელში, რომელიც პარლამენტის წინაშეა ანგარიშვალდებული,” – აცხადებს კომისია.

მაგრამ კომისია ასევე აღნიშნავს, რომ  მთავრობის უფლებამოსილების გაზრდის მიუხედავად, პრეზიდენტი კვლავ "ინარჩუნებს მნიშვნელოვან ძალაუფლებას“ ისეთ საკითხებში, როგორიცაა საერთაშორისო ურთიერთობები, შეიარაღებული ძალები და საგანგებო სიტუაციები, ასევე იმ ვითარებაში, როდესაც მთავრობა პარლამენტის მხრიდან უნდობლობის გამოცხადების წინაშე დგას.

კომისიის აზრით არსებობს რისკი იმისა, რომ წარმოიშვას ისეთი ვითარება, როდესაც პრეზიდენტი შეიძლება კონფლიქტში შევიდეს ხელისუფლფების სხვა შტოებთან. კომისიის თქმით, ასეთი სიტუაციის არსებობის შესაძლებლობას ისიც აძლიერებს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით არჩეული პირი იქნება, რაც მის პოლიტიკურ წონას ზრდის.

“მთავრობა შეიძლება იყოს საპარლამენტო უმრავლესობის გამოხატულება, რომელიც შეიძლება განსხვავდებოდეს იმ უმრავლესობისგან, რომელმაც მხარი არჩევნების დროს პრეზიდენტს დაუჭირა, რადგან საპარლამენტო არჩევნები ტარდება ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ, ხოლო საპრეზიდენტო - ყოველ ხუთ წელში ერთხელ," – ნათქვამია ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში.

“გარდა ამისა, რაც ასევე მნიშვნელოვანია, პრეზიდენტი [წარმოდგენილ მოდელში] ასრულებს პოლიტიკურ როლს, რომელიც არ შეესაბამება სახელმწიფო კონსტიტუციური წესრიგის განგრძობადობის მიუკერძოებელი გარანტორის როლს,“– აცხადებს კომისია.  

კომისიის აზრით, შემოთავაზებული მოდელი, მისი პირველადი ვარიანტისაგან განსხვავებით,  საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მთავრობის ფორმირების "გაუმჯობესებულ“ პროცედურას ითვალისწინებს. "დროის ჩარჩოები შეიკვეცა და უკეთესად განისაზღვრა, რაც მისასალმებელია იმის მიუხედავად, რომ [პროცედურები] მაინც გრძელი რჩება,“– განაცხადა კომისიამ.

ვენეციის კომისიამ გააკრიტიკა პროექტის ის ნაწილი, რომელიც მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადებას ეხება.

პროექტის თანახმად, თუ უნდობლობის გამოცხადების პროცედურის დაწყება, რომლის ინიცირებაც დეპუტატთა 2/5–ს შეუძლია, პარლამენტის მიერ მიღებული იქნება, მას მოჰყვება "გრძელი – არა ნაკლებ ორთვიანი  – და რთული პროცედურები“, აცხადებს კომისია. თავად უნდობლობის საკითხის ინიცირება ცალკე სულ ცოტა ერთთვიან პერიოდს საჭიროებს.

“ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ პროცედურისთვის გაწერილი დრო კვლავ მეტისმეტად გრძელია და შესაძლებლობას უხსნის პოტენციურად გაუმჭვირვალე მოლაპარაკებებს პოლიტიკურ პარტიებს შორის. არსებული რედაქციით, ამ პროცედურას ახლავს რისკი, რომ პოლიტიკური კრიზისი კი არ მოგვარდეს, არამედ გახანგრძლივდეს,” – ნათქვამია წინასწარ მოსაზრებებში.

პროექტის თანახმად, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება ხორციელდება მეთოდით, რომელიც ცნობილია ”უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის” სახელით, როცა დეპუტატთა ორი მესამედი არჩევს პრემიერ–მინისტრობის ახალ კანდიდატურას და მთავრობის მოქმედი შემადგენლობისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან ერთად იმავდროულად კენჭს უყრის  მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის საკითხს. მაგრამ, წარმოდგენილი რედაქციით, პრეზიდენტი შეიძლება ჩაერიოს ამ პროცესში და უარი თქვას პარლამენტის მიერ წარმოდგენილი ახალი პრემიერ–მინისტრის დანიშვნაზე.

ამ შემთხვევაში პარლამენტს დასჭირდება  ხმების არანაკლებ 3/5–ი, ანუ 90 ხმა, რომ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო; აღსანიშნავია, რომ სხვა შემთხვევებში, მაგალითად შენიშვნებით დაბრუნებული  კანონპროექტის შემთხვევაში (გარდა საკონსტიტუციო კანონპროექტისა), პარლამენტს პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად უბრალო უმრავლესობა სჭირდება.

თუ პარლამენტი ვერ შეძლებს პრემიერ–მინისტრის კანდიდატურაზე პრეზიდენტის ვეტოს გადალახვას, პრეზიდენტს ექნება უფლება სამი დღის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.

“პროექტში ორი სხვადასხვა მიდგომაა არჩეული, რომლებიც რთულად თანაარსებობენ. ერთი მხრივ, გათვალისწინებულია უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის გამოცხადება, რათა უზრუნველყოფილ იქნას პოლიტიკური სტაბილურობა. და მეორეს მხრივ, განზრახულია რომ პრეზიდენტს ამ პროცესში საგრძნობი როლი მიენიჭოს, “ – აცხადებს ვენეციის კომისია.

“ვენეციის კომისიის შეხედულებით, პრეზიდენტის უფლებამოსილება ამ დროს დაითხოვოს პარლამენტი შეუთავსებელია უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის გამოცხადებასთან და უნდა იქნას ამოღებული,“– აცხადებს კომისია. 

ბიუჯეტის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომისია, მთლიანობაში, მიესალმება მთავრობის როლის გაძლიერებას, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ  "პარლამენტის როლი საბიუჯეტო საკითხებში საკმაოდ შეზღუდულია“.

“უფრო შესაფერისი იქნებოდა, რომ პარლამენტი უფრო მეტად იყოს ჩართული საბიუჯეტო საკითხებში,“– აცხადებს კომისია.

იქვე ნათქვამია, რომ პრეზიდენტის თანხმობის აუცილებლობა იმ შემთხვევაში, თუ საქმე მისი დაფინანსების შემცირებას ეხება, ”ახალი კონსტიტუციის საპარლამენტო ხასიათთან წინააღმდეგობაში მოდის.”

საკონსტიტუციო პროექტის თანახმად, "ორგანული კანონის“ ცნება საერთოდ ამოღებულია. კანონთა იერარქიაში ამ ტიპის კანონები ჩვეულებრივ კანონებსა და კონსტიტუციას შორის დგას და მისი მიღება ან შეცვლა შესაძლებელია პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.

ვენეციის კომისიის განცხადებით, კანონის ამ კატეგორიის გაუქმება "საჭიროებს დეტალურ განხილვას“, რადგან ასეთი გადაწყვეტილება ამ კატეგორიის კანონებს ”გაძლიერებულ დაცვის მექანიზმს მოუხსნის”.  კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ პროექტში ჩაიდოს დებულება, რომელიც ამგვარ დაცვას უზრუნველყოფს იმ კანონებისთვის, რომლებიც ამჟამად "ორგანულ“ კანონთა რიგს მიეკუთვნებიან.

ვენეციის კომისია მიესალმება მოსამართლეთა უვადო დანიშვნის დებულებას, მაგრამ მოუწოდებს ამოღებულ იქნას ის ნაწილი, რომელიც არა უმეტეს სამწლიან გამოსაცდელ პერიოდს უწესებს მოსამართლეებს. კომისიის თქმით, ამგვარმა გამოსაცდელმა ვადებმა შესაძლოა "შეარყიოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობა, რადგან მათ შეიძლება თავი იგრძნონ ზეწოლის ქვეშ.“

ცვლილებაზე, რომლითაც გუბერნატორების დანიშვნის უფლება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრზე გადადის, კომისია აცხადებს, რომ ”გაუგებარია” რატომ არის ამ თანამდებობის პირთა დანიშვნაში ჩართული პრემიერი ერთპიროვნულად, ისე რომ არ ხდება ამ საკითხის მთავრობასთან განხილვა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30