მაშინ როდესაც ოფიციალური წყაროები რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 20 პირის დაკავების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ სრულ დუმილს ინარჩუნებენ, ქართულ მედიაში ცალკეული დეტალების შესახებ ცნობები გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სულ ცოტა სამი პირი იქნა დაკავებული ბათუმში ორი კვირის წინ. მათი ადვოკატები არ არიან უფლებამოსილნი, რომ საქმის დეტალებზე ისაუბრონ, ვინაიდან გამოძიება გრიფით საიდუმლოდ მიმდინარეობს.
ორი დაკავებულის ადვოკატმა, ნანა წულაძემ ტელეკომპანია "კავკასიას“ 1 ნოემბერს განუცხადა, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მას საქმის შესახებ არ შეუძლია საუბარი. მისი ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ორი პირის გარდა, კიდევ არიან დაპატიმრებული სხვებიც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა მისთვის უცნობია.
ადვოკატის თქმით, მისი კლიენტები – არმენ გევორქიანი და რუბენ შიქოიანი ნავთობპროდუქტების შემოწმების კომპანიაში მუშაობდნენ, სადაც გევორქიანი დირექტორი, ხოლო შიქოიანი მისი მოადგილე იყო.
მესამე პიროვნება, რუსლან გალოგრე ბათუმის ერთ–ერთ სასტუმროში მენეჯერად მუშაობდა. მისმა ადვოკატმა შალვა ლებანიძემ 1 ნოემბერს ტელეკომპანია "მაესტროს“ განუცხადა, რომ გალოგრეს სისხლის სამართლის კოდექსის 311–ე მუხლი აქვს წაყენებული, რომელიც უცხოური დაზვერვისთვის მუშაობას ეხება. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებს.
ადვოკატების თქმით, მათ კლიენტებს წინასწარი პატიმრობა აქვთ მისჯილი.
ინფორმაცია, სავარაუდო, ჯაშუშების დაკავების თაობაზე ”როიტერმა” პარასკევს საღამოს გაავრცელა, საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. ოფიციალური განცხადება, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გაკეთდება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 1 ნოემბერს, რომ არ გააჩნია დეტალური ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით, რადგანაც მას შინაგან საქმეთა სამინისტრო კურირებს.
"ეს საკითხი მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის დამუშავების ფარგლებში იმყოფება. ჩვენ დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ-ჯერობით ამის თაობაზე არ გვაქვს,“ – განაცხადა საქართელოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.