ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა 12 ნოემბერს დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე 2011 წლის ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი წარუდგინა განსახილველად.
თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, პროექტი გაზრდილია შემოსავლების ნაწილში 5.946 მლრდ ლარამდე; ხოლო ხარჯები – 5.800 მლრდ ლარამდე. გრანტების საერთო მოცულობა 346.6 მლნ ლარს შეადგენს, გადამუშავებული პროექტის თანახმად.
ფინანსთა მინისტრის თქმით, მომავალი წლის „ეკონომიკური გაჯანსაღების ბიუჯეტში“ ეკონომიკის 4.5%–იანი ზრდაა დაგეგმილი, ხოლო ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი 7%–ს შეადგენს. ბაინდურაშვილმა ასევე განაცხადა, რომ წელსაც 7%–იანი ინფლაცია იყო ნავარაუდევი, თუმცა "გადავხედეთ და ეს მონაცემი 9% გახდა“, რაც მისი თქმით, ხორბალზე ფასების მატებამ განაპირობა.
მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტული მიმართულებები კვლავ განათლება, ჯანდაცვისა და სოციალური სფერო, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იქნება, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
თუმცა განათლებისა და ჯანდაცვის უწყებების დაფინანსება, კიდევ თერთმეტი სამინისტროს მსგავსად, უცვლელი დარჩა ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტში.
თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, მხოლოდ ოთხი სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა და შემდეგნაირად განისაზღვრა: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 1.055 მლრდ ლარი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 58.3 მლნ ლარი; სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო - 105.5 მლნ ლარი; სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო – 34.5 მლნ ლარი.
კორექტირებულ ბიუჯეტში, თავდაპირველ პროექტთან შედარებით, შემცირებულია მხოლოდ ორი უწყების დაფინანსება: ფინანსთა სამინისტრო – 224.2 მლნ ლარი; და ენერგეტიკის სამინისტრო – 50.9 მლნ ლარი.
საპარლამენტო უმცირესობამ ბიუჯეტის პროექტი გააკრიტიკა "გაუმჭირვალობის“ გამო, განსაკუთრებით კი ჯანდაცვისა და განათლების პროგრამების ნაწილში. ბიუჯეტის განმარტებითი ბარათის თანახმად, პროექტში "სხვა ხარჯების" სახით 899.4 მლნ ლარია გათვალისწინებული.
ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ წარმოდგენილ დოკუმენტს "ნაციონალური მოძრაობის დაპირებების არ შესრულების ბიუჯეტი“ უწოდა.
პეტრე ცისკარიშვილმა ოპოზიციის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტი არ ითვალისწინებს პენსიების ზრდას, როგორც ამას 100 აშშ დოლარამდე მმართველი პარტია ჯერ კიდევ 2008 წელს, წინასაარჩევნოდ პირდებოდა, უპასუხა, რომ დღეს პენსიონერები პენსიას დაგვიანების გარეშე იღებენ და გარდა ამისა, სხვა სოციალური დახმარების პროგრამებიც მოქმედებს.
საპარლამენტო განხილვის შემდეგ ბიუჯეტის პროექტი შესაძლოა მცირედით კიდევ შეიცვალოს, რის შემდეგაც მას დეპუტატები დეკემბერში საბოლოოდ დაამტკიცებენ.