Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს ძალის არგამოყენების პირობა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 ნოე.'10 / 18:00

  • "მზად ვარ მედვედევთან მოლაპარაკებებისთვის“;
  • მოუწოდა ევროპარლამენტს რუსეთის ქმედება ოკუპაციად შეაფასოს;
  • "დემოკრატიას შუბლზე იარაღმობჯენილი ვაშენებთ“.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის გამოვიდეს "ცალმხრივი ინიციატივით და განაცხადოს, რომ საქართველო არასოდეს გამოიყენებს ძალას, რათა უკუაგდოს რუსული ოკუპაცია და აღადგინოს კონტროლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განუცხადა 23 ნოემბერს ევროპარლამენტარებს, რომ შესაბამის წერილს გაეროს გენერალურ მდივანს, ეუთოს გენერალურ მდივანს და ევროკავშირის ლიდერებს გაუგზავნის, სადაც "ნათლად განვაცხადებთ, რომ ჩვენ პირობას ვდებთ, რომ არ გამოვიყენებთ ძალას, რათა აღვადგინოთ კონტროლი ჩვენს უკანონოდ დაყოფილ ქვეყანაზე, არც ოკუპანტი ძალების და არც მათი მარიონეტული რეჟიმების წინააღმდეგ“. 

"ჩვენ გვესმის, რომ მშვიდობა ჩვენი უზენაესი ინტერესია და დარწმუნებული ვართ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მართალია საქართველოს მთავრობას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმებით უკვე ნაკისრი აქვს ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის თაობაზე, რომელსაც თბილისი სრულად ასრულებს, მაგრამ ”ბევრი ფიქრის” და ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ ქვეყანამ კიდევ ერთხელ აიღოს ეს ვალდებულება.

მან განაცხადა, რომ საქართველო ძალის გამოყენების უფლებას, მხოლოდ თავდასხმის შემთხვევაში იტოვებს.

"საქართველო არასდროს  გამოიყენებს ძალას თავისი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღსადგენად; ის გამოიყენებს მხოლოდ მშვიდობიან საშუალებებს მისი დეოკუპაციისა და გაერთიანებისთვის. მაშინაც კი, თუ რუსეთის ფედერაცია უარს იტყვის თავისი საოკუპაციო ჯარების გაყვანაზე; მაშინაც კი, თუ მისი მოკავშირე [აფხაზეთის და სამხრეთ ოსური] შეიარაღებული რაზმები გააორმაგებენ ადამიანთა უფლებების დარღვევას, საქართველო დაიტოვებს მხოლოდ თავდაცვის უფლებას ახალი შეტევის და საქართველოს ტერიტორიის იმ 80 პროცენტზე შემოჭრის შემთხვევაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა აკონტროლებს,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

"ჩემი პირობა აქ, თქვენს წინაშე, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სრულუფლებიანი სუბიექტის ცალმხრივ დეკლარაციას,“ – დასძინა მან.

მოსკოვი დიდი ხანია - ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე და მის შემდეგაც - მოითხოვდა ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებების ხელმოწერას თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის. რუსეთის ერთ–ერთი ბოლო შემოთავაზება გულისხმობს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ცალცალკე, "ცალმხრივი დეკლარაციების“ ხელმოწერას თბილისის, სოხუმის და ცხინვალის მიერ. თავად რუსეთი უარს ამბობს ამგვარი დოკუმენტის ხელმოწერაზე, რადგანაც თავს კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს.

თბილისის პოზიცია იყო, რომ ის სრულად ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიან შეთანხმებას, რომელიც ძალის არგამოყენების ვალდებულებასაც შეიცავს, თუმცა იგი მზად იყო კიდევ ცალკე, დამატებითი შეთანხმებისთვის მოეწერა ხელი იმ პირობით, თუ რუსეთი იქნებოდა ამ შეთანხმების მხარე  და არა ცხინვალი და სოხუმი. საქართველოს სურვილი იყო, რომ ახალ შეთანხმებაში ის ვალდებულებებიც ასახულიყო, რომელიც რუსეთმა ექვსპუნქტიანი შეთანხმებით აიღო და რომლის თანახმადაც რუსეთის შეიარაღებული ძალები იმ პოზიციაზე უნდა დაბრუნდნენ, სადაც ისინი 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებამდე იყვნენ განლაგებული.

სააკაშვილის განცხადება ევროპარლამენტში უფრო ახლოსაა იმ წინადადებასთან, რომელიც მოსკოვმა ბოლოს წამოაყენა და რომელიც ცალცალკე, "ცალმხრივი დეკლარაციების“ გაკეთებას ითვალისწინებას. 

სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ქმედება ძალის გამოუყენებლობის პირობასთან დაკავშირებით თბილისის "კონსტრუქციული ცალმხრივობის“ ნაწილია – ეს ტერმინი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა გამოიყენა თავის სტატიაში, რომელიც Civil.ge-მ აგვისტოში გამოაქვეყნა და სადაც ამ ტერმინით აღწერილია საქართველოს მიერ სეპარატისტული რეგიონების მიმართ აგვისტოს ომის შემდეგ გადადგმული რამოდენიმე ნაბიჯი.

ევროპარლამენტარების წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთს და კერძოდ თავის კოლეგას, დიმიტრი მედვედევს დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა.

"მე მზად ვარ ღრმა და ყოვლისმომცველი დიალოგისთვის ჩემს რუს კოლეგასთან.“ – განაცხადა მან.

მისი თქმით, თბილისი ჟენევის მოლაპარაკებების ერთგული რჩება. "მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება პოლიტიკური დიალოგის დაწყება,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

"მე მზად ვარ ვიმუშავო რუსეთის ხელმძღვანელობასთან... რათა ომის შედეგები შემობრუნდეს და მშვიდობისთვის სათანადო პირობები დამყარდეს," – განაცხადა მან.  

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია "ძალიან დადებითი როლი შეასრულოს ჩვენი საერთო რეგიონის პოზიტიურ ტრანსფორმაციაში “ და დასძინა: "ჩვენ ყველას გვინდა - პირადად მე მსურს - რუსეთი იყოს პარტნიორი და არა მტერი.”

იმისათვის, რომ ეს დიალოგი დაიწყოს, განაგრძო მან, საერთაშორისო თანამეგობრობამ ნათლად უნდა განუცხადოს რუსეთის ლიდერებს, რომ სიტუაცია არის "სრულიად არამართებული და არამდგრადი“ და იმისათვის, რომ მოხდეს რუსეთის დაყოლიება კომპრომისის განხილვაზე, აუცილებელია "მკაფიოდ დავახასიათოთ, თუ რა ვითარებასთან გვაქვს საქმე“. 

ამისათვის, განაცხადა სააკაშვილმა, საქართველო სთხოვს საერთაშორისო თანამეგობრობას და ევროპარლამენტს რუსული სამხედრო კონტინგენტის ყოფნა სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეაფასონ, როგორც სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების "ოკუპაცია“.

"ჩვენ კონსტრუქციულ ცალმხრივობას და რომლის შესახებაც ახლა განვაცხადე, არ ექნება მოსალოდნელი შედეგი თუ ჩვენი ევროპელი მეგობრები არ იტყვიან სიმართლეს. თუ თქვენ არ იტყვით სიმართლეს, მაშინ ვინ იტყვის?“ – განაცხადა სააკაშვილმა.

როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ მასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტის პრეზიდენტს იერჟი ბუზეკს ჰკითხეს მზად იყო, თუ არა ევროპარლამენტი ტერმინი "ოკუპაცია“ გამოეყენებინა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში, მან პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და ამის სანაცვლოდ ევროპარლამენტის მიერ 2010 წლის მაისში მიღებული რეზოლუცია მოიშველია, სადაც ევროპარლამენტარებმა უპირობო მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ამ რეზოლუციის თავდაპირველი პროექტი შეიცავდა ტერმინს "ოკუპირებული ტერიტორიები,“ თუმცა ევროპარლამენტარების მიერ 20 მაისს მიღებული საბოლოო ტექსტიდან ეს სიტყვები ამოღებულ იქნა.

"დემოკრატიას შუბლზე იარაღმობჯენილი ვაშენებთ“

ევროპარლამენტში თავის 25–წუთიან გამოსვლაში, რომელიც 2006 წლიდან მოყოლებული მისი უკვე მეორე გამოსვლა იყო, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე ისაუბრა, როგორც მან უწოდა, საქართველოს პროგრესზე საბჭოთა მემკვიდრეობის აღმოფხვრის საქმეში, რაც მისი თქმით ვარდების რევოლუციის შემდეგ დაიწყო.     

მისი თქმით, ვარდების რევოლუციამ "მენტალური რევოლუცია“ მოიტანა, რაც საზოგადოების ევროპულ ტრანსფორმაციას დაეხმარა.

"ეს არის ის გზავნილი, რომელიც ჩვენ, ქართველებმა ვუთხარით ჩვენს რეგიონს. ეს არის ის გზავნილი, რომელმაც ჩვენს მიმართ ამდენი ბრაზი გამოიწვია იმპერიის მიმართ ნოსტალგიით შეპყრობილ ხალხში. მაგრამ, ეს არის გზავნილი, რომელმაც საქართველო რეგიონში რეფორმების ლაბორატორიად აქცია,“ – განაცხადა სააკაშვილმა. 

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ "დაყავი და იბატონეს“ საბჭოური პოლიტიკის საპირისპიროდ, ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ "მულტიკულტურალიზმზე“ გააკეთა არჩევანი.

მან ასევე აღნიშნა, რომ რეფორმების პროცესში საქართველოს ჰქონია "შეცდომები და ამ შეცდომებზე ვსწავლობდით კიდეც “. "მაგრამ ჩვენ ასევე გვქონდა გასაოცარი წარმატებები,“ – დასძინა მან.

სააკაშვილის თქმით, გასაკეთებელი კიდევ ბევრი რჩება და საქართველო დემოკრატიის და შემდგომი რეფორმების ერთგული რჩება.

მან განაცხადა, რომ საქართველოს პასუხი რუსული აგრესიის მიმართ იყო მეტი დემოკრატიული რეფორმები და იქვე დასძინა, რომ საქართველო დემოკრატიის შენება ”შუბლზე იარაღმობჯენილს” უწევს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15