ასტანაში 1 დეკემბერს ეუთოს სამიტზე გამოსვლისას აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა "საქართველოში ეუთოს მნიშვნელოვანი წარმომადგენლობის“ აღდგენისკენ მოუწოდა.
ეუთოს მისია საქართველოში მას შემდეგ დაიხურა, რაც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მისი მანდატის გაგრძელება დაბლოკა.
თავის გამოსვლაში კლინტონმა, რომელიც ეუთის სამიტის ფარგლებში პრეზიდენტ სააკაშვილსაც შეხვდა, განაცხადა: "სამწუხაროა, რომ მონაწილე სახელმწიფომ მისიას მასპინძლობა შესთავაზა და ეუთოს არ მიეცა პასუხის საშუალება. ჩვენ საშუალება უნდა მივცეთ ამ ორგანიზაციას აკეთოს თავისი საქმე და აღადგინოს ქმედითი წარმომადგენლობა საქართველოში“.
მან ასევე მოუწოდა "ყველა მხარეს პატივი სცენ“ 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებებს და მიესალმა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 23 ნოემბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას დადებულ ცალმხრივ პირობას ძალის არგამოყენების თაობაზე.
"ვიმედოვნებთ, ეს პირობა ახალი დიპლომატიური შესაძლებლობების გაჩენას შეუწყობს ხელს,“ – განაცხადა კლინტონმა.