"საქსტატის“ წინასწარი მონაცემების თანახმად, რომელიც 14 დეკემბერს გამოქვეყნდა, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება 2010 წლის მესამე კვარტალში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7.3%–ით შემცირდა და 160.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
წინასწარი მონაცემების თანახმად, პირველ კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 75.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მეორე კვარტალში – 196.9 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ჯამში, 2010 წლის იანვარ–სექტემბერში ინვესტიციების ოდენობამ 433 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.6%–ით ნაკლებია.
2010 წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი ინვესტიციები საქართველოში ნიდერლანდებიდან შემოვიდა - 27.9 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის აშშ – 21.6 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 18.6 მლნ აშშ დოლარი; აზერბაიჯანი – 16.2 მლნ დოლარი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 13.5 მლნ აშშ დოლარი.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესი წილი, 49.7 მილიონი აშშ დოლარი (31%) 2010 წლის მესამე კვარტალში ფინანსურმა სექტორმა მიიზიდა; შემდეგ მოდის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორები - 40.5 მლნ აშშ დოლარი (25%); უძრავი ქონება – 33.6 მლნ აშშ დოლარი (21%) და ენერგოსექტორი – 16 მლნ აშშ დოლარი (10%).
13 დეკემბერს "როიტერთან“ ინტერვიუში საქართელოს პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლები "ჯერ კარგ დონეზე არ არის“.
"მაგრამ ჩვენ ვხედავთ ეკონომიკურ აქტივობას... და დაახლოებით 1 მილიარდი ან 800–850 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მომავალი წლისთვის ძალიან გააჯანსაღებს ეკონომიკას,“ – განაცხადა მან.