კადრი ტელეკომპანია PIK–ის პროექტიდან – სააკაშვილი პასუხობს მარნეულის ქარხნიდან მუშების შეკითხვებს.
პრეზიდენტი სააკაშვილი რიგით მეორე ტელეხიდის დროს, რომელსაც საქართველოს ძირითადი ტელევიზიები გადასცემდნენ, საქართველოს მოსახლეობის კითხვებს თითქმის სამი საათის განმავლობაში პასუხობდა.
პროექტი სახელწოდებით „პრეზიდენტი პასუხობს შეკითხვებს“ თბილისის ტელესტუდიიდან გადმოიცემოდა. გადაცემას ორი წამყვანი ჰყავდა და მას აუდიტორიაც ესწრებოდა. ჟურნალისტების ჯგუფი ცალკე სტუდიაში იყო მიწვეული. ტელეხიდის დროს პრეზიდენტისათვის კითხვების დასმა მოსახლეობას ელექტრონული ფოსტისა და ტელეფონის მეშვეობითაც შეეძლო. ასევე ხორციელდებოდა პირდაპირი ჩართვები რაიონებიდან.
2 საათის და 40 წუთის ხანგრძლივობის ტელეხიდის ორგანიზატორი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი პირველი საინფორმაციო კავკასიური არხი (PIK), რომელმაც სატელიტური მაუწყებლობა 25 იანვარს განაახლა.
ქვემოთ მოცემულია კითხვა–პასუხის მთავარი პუნქტები:
- თავის გახსნით სიტყვაში სააკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვან პირველ საინფორმაციო კავკასიურ არხს მაუწყებლობის დაწყება მიულოცა და განაცხადა: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა... უმაღლესი კლასის, დასავლური კლასის ჟურნალისტები მონაწილეობენ... ჩვენგან ამ ხალხმა მიიღო ერთადერთი გარანტია მხარდაჭერა სრული და სრული თავისუფლების გარანტია... ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ვინაიდან ეს ხელს შეუწყობს საქართველოში ჟურნალისტიკის სტანდარტების გაუმჯობესებას.“ მან ასევე განაცხადა, რომ არხს ექნება საშუალება, რომ "ძალიან სერიოზული გავლენა მოახდინონ მთელ რეგიონზე“.
- მან ასევე განაცხადა მათ გასაგონად, ვინც რუსეთთან "პარალელებს" ავლებს, რომ მსგავს ტელეპროექტებში „იქ არის წინასწარ დადგმული კითხვები“, ხოლო მისი მონაწილეობით "არის ნებისმიერი კითხვა, რომელიც ხალხს აწუხებს“.
სოციალური პრობლემები, უმუშევრობა
- პირველი შეკითხვები ძირითადად სამომხმარებლო ფასების ზრდას ეხებოდა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ინფლაცია არის მთავარი ეკონომიკური გამოწვევა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ჩვენი შემოსავლის ქვეყანას ეს ურტყამს... საქართველოს მთავრობა არ ფლობს, ისევე როგორც არც ერთი ქვეყნის მთავრობა არ ფლობს ბერკეტებს ამ სახის ინფლაციის შეჩერების... ჰიპერინფლაციას ჩვენ არ დავუშვებთ, ჩვენ გვაქვს მკაცრი მონეტარული პოლიტიკა. ჩამოშლა და ჰიპერინფლაცია საქართველოში არ გვექნება. გამოსავალი არის მხოლოდ ერთი, საქართველო განვითარდეს კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით, ვიდრე ისინი ვითარდებიან, ვინც გამოიწვია ინფლაცია.“
- ერთმა ქალბატონმა მისაქციელიდან სთხოვა პრეზიდენტს გახსნან სოფელში დახურული ბაღი და დაეხმარონ სასმელი წყლით მომარაგებაში. მამაკაცმა იმავე სოფლიდან პრეზიდენტს სასოფლო–სამეურნეო ტექნიკით მომარაგება სთხოვა. სააკაშვილმა უპასუხა, რომ „წყალი, ტრაქტორები, სამედიცინო ცენტრები თითოეულ და ყველა სოფელს ჩვენი წინასაარჩევნო დააპირება იყო... მე ზეპირად შემიძლია ჩამოგითვალოთ ის პრობლემები, რომლებიც სოფლებს აქვთ... არის სოფლები, სადაც პროგრამები სრულად განხორციელდა“. მისი თქმით, ზოგიერთი სოფელი უკვე უზრუნველყოფილია ტრაქტორებით, თუმცა სულ 2 000 ერთეული იყო საჭირო ყველა სოფლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მან ასევე აღნიშნა, რომ ტრაქტორები უფასო არ იქნება, თუმცა მაქსიმუმ ორ წელიწადში სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა ყველა სოფლისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
- მამაკაცმა აჭარიდან პრეზიდენტს მაღალმთიან აჭარაში კურორტების განვითარების პოტენციალზე ჰკითხა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ მაღალმთიანი აჭარა გაჭირვებაში იმყოფება და მართალია სიღარიბის დონე შემცირდა, ის კვლავ პრობლემად რჩება. მისი თქმით, რეგიონის მოსახლეობის ნაწილი სამუშაოს ბათუმის სამშენებლო ობიექტებზე პოულობს. სააკაშვილის თქმით, ის დახმარება, რომელსაც საქართველო ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციიდან მიიღებს, აჭარის ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. მისი თქმით, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მასშტაბით, მათ შორის აჭარაში, დასაქმებას შეუწყობს ხელს.
- სტუდიაში დასმული რამოდენიმე შეკითხვა უმუშევრობას, ასევე საჯარო სკოლებში დაბალი ხელფასების პრობლემას ეხებოდა. ერთმა ინგლისური ენის მასწავლებელმა ჰკითხა მას, გაგრძელდება თუ არა პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ (TLG).
- უმუშევრობასთან დაკავშირებით სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2010 პირველი წელი იყო, როდესაც უმუშევრობა მცირედით, თუმცა მაინც შემცირდა. "რითი შეგვიძლია შევამციროთ უმუშევრობა: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ინფრასტრუქტურა,“ განაცხადა მან. სააკაშვილის თქმით, საქართველოს გააჩნია პოტენციალი, რომ სულ ცოტა გააორმაგოს სასოფლო–სამეურნეო პროდუქცია მომდევნო რამდენიმე წლის მანძილზე. ტურიზმთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ 2010 წელს საქართველოს 2 მილიონი უცხოელი „ვიზიტორი“ ყავდა და 2011 წელს 3 მილიონს ელის. ინფრასტრუქტურის შესახებ მან განაცხადა, რომ „წელს და მომავალს წელს მასობრივად ვიწყებთ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას: ხუდონი, ნამახვანი, ხრამი, ფარავანჰესი – 20–30 ათასი დასაქმებული მარტო ამ სფეროში... წელს პირველად გავხსნით ქარხანას საქართველოში, რომელიც აწარმოებს კომპიუტერებს.
- წლევანდელი წლის მეორე ნახევრიდან დაიწყება ეს და 2012 წელს სერიოზული გარღვევა მოხდება უკეთესობისკენ, უმუშევრობის კუთხით,“ – განაცხადა მან. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კვალიფიკაციის ამაღლების გარეშე არაფერი არ გამოვა.
- მისი თქმით, ინგლისური ენის შესწავლა იმ მიზნის ნაწილია, რომელიც ადამიანური რესურსების კვალიფიკაციის ზრდას ემსახურება. მან ასევე აღნიშნა, რომ TLG-ის პროგრამა გაგრძელდება და ამ მიზნით მომდევნო ოთხი ან ხუთი წლის მანძილზე 10 000 ინგლისურად მოსაუბრე მასწავლებელი იქნება მოწვეული.
- მასწავლებლების ხელფასებთან დაკავშირებით სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში მასწავლებელთა ხელფასი არის „დაუშვებლად დაბალი და ჩვენ ვართ საუკუნო ვალში ჩვენი მასწავლებლების წინაშე. მასწავლებლის ხელფასი არის 380 ლარიდან 400 ლარამდე – ეს არის დაბალი, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ იყო 100 ლარი. ახლა შემოვიღეთ ატესტაცია, რათა მასწავლებლები „მუდმივად იზრდებოდნენ“. ყველა ვინც ჩააბარებს ატესტაციას, ემატებათ მათ 200 ლარი, და 25%–ს ყველაზე მაღალი შედეგებით შევუვსებთ ხელფასს 1000 ლარამდე. შემდეგ მან აღნიშნა, რომ უდაოდ იყო შეცდომები განათლების რეფორმაში, რაც იქნა „ლიკვიდირებული“. მთლიანობაში განათლების რეფორმა სწორი იყო, სამართლიანად გაკეთდა, მაგრამ მერე მოხდა გადახრები.
- ერთმა სტუდენტმა ჰკითხა პრეზიდენტს, როგორ დაეხმარება მთავრობა სტუდენტებს „ინოვაციური იდეების“ განხორციელებაში; მეორე სტუდენტმა მას ბათუმში დაგეგმილი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებ ჰკითხა, ხოლო მესამემ დაიჩივლა, რომ რთული იყო სამსახურის შოვნა, თუ პირს საზღვარგარეთ არ ჰქონდა მიღებული განათლება. ამ უკანასკნელ კითხვაზე სააკაშვილმა უპასუხა, რომ მთავრობაში ბევრი მინისტრია, რომელთაც საზღვარგარეთ არ აქვთ მიღებული განათლება და სხებტან ერთად, მაგალითად შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი დაასახელა და დასძინა: „მელიტოკრატია – ჩვენ ნიჭზე და შენ დამსახურებაზე დაფუძნებული წარმატება. ეს არის განსხვავება წინა დროსთან შედარებით“.
- სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი არის ჩემი ერთ–ერთ უმთავრესი ოცნება, რომელიც მე გამაჩნია“. მისი თქმით, მთავრობამ სთხოვა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას, რომ „მთავარი ფული იყოს ჩადებული განათლებაში, გვინდა ამერიკული უნივერსიტეტი შემოვიყვანოთ და მათ გასცენ ამერიკული დიპლომი“. მისი თქმით, ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნას 2–3 წელიწადი დასჭირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ინოვაციები მთავარი მამოძრავებელი ძალა იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. შემდეგ მან სინგაპური ახსენა და განაცხადა, რომ „საქართველოზე პატარა" სინგაპურმა შეძლო "დღე და ღამე შრომით და მაღალტექნოლოგიური განვითარებით წარმატების მიღწევა“. მისი თქმით, სწორედ სინგაპურის მაგალითი უნდა გაიზიაროს საქართველომ.
'ჩვენ პენსიების 100 დოლარამდე გაზრდის საარჩევნო დაპირებას შევასრულებთ'
- კითხვები ასევე დაისვა სოციალური და ჯანდაცვის პრობლემების შესახებ, მათ შორის ერთი ეხებოდა ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებას პენსიების 100 დოლარამდე გაზრდის თაობაზე. სააკაშვილმა განაცხადა: „პენსიები ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ საარჩევნო დაპირება არ დაგვვიწყებია. ჩვენ ამ დაპირებას შევასრულებთ“. მისი თქმით, საარსებო მინიმუმის ზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა სოციალური დახმარებები გაიზრდება. მისი თქმით, ბოლო წლებში სიღარიბის დონე საქართველოში "50%–დან 20%–მდე შემცირდა. სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ერთი მილიონი ადამიანი იღებს სახელმწიფო დაზღვევას. თუმცა, 2–3 წელიწადი დასჭირდება სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესებას, განაცხადა მან. „საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი წამლები ჩვენ რეგიონში. ეს არის დაუშვებელი... [აფთიაქებთან ვიდეო] კამერები დავაყენეთ – ეს არაფერს არ გააძვირებს, ეს უყურებს ასევე ფასებს". მისი თქმით, მთავრობა მუდმივად მუშაობს, რომ ეს ფასები შეამციროს.
- მან ასევე განაცხადა, რომ "დასაზღვევო ფირმების მოგების მარჟა არის დაუშვებლად მაღალი".
'გახდებით თუ არა პრემიერ–მინისტრი?'
- წამყვანმა ტელესტუდიიდან შარშან მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი დასვა და შეეკითხა პრეზიდენტს, აპირებდა თუ არა ის პრემიერ–მინისტრის პოსტის დაკავებას.
- სააკაშვილმა უპასუხა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი გამჭირვალედ წარიმართა, რომლის დროსაც ფართომასშტაბიანი განხილვებიც შედგა. „2013 წლიდან ერთპიროვნული მმართველობა და ცენტრალიზებული მმართველობა არ შეეძლება არავის, ეს იქნება კოლექტიური მმართველობა“, განაცხადა მან და დასძინა, რომ კონსტიტუცია არ არის მორგებული არც ერთ პიროვნებაზე.
- „ჩვენ გამოვიარეთ ეკონომიკური ემბარგო, მრავალთვიანი პროვოკაციები, შინააშლილობა და სამხედრო გადატრიალების მცდელობები, დედაქალაქის დაცემის საფრთხე და ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. მომეცით საშუალება ამ სამი წლის განმავლობაში ამ ყველა შედეგების გადალახვის,“ – განაცხადა სააკაშვილმა. "ჩემი ამოცანაა ამაზე მოვახდინო კონცენტრაცია... ჩემი მთავარი ინტერესი არის ის, არა სად ვიქნები მე, არამედ სად იქნება ჩემი ქვეყანა. მე ყოველთვის დავაყენებ ჩემ ქვეყანას საკუთარ თავზე მაღლა“.
- ოპოზიციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე მან განაცხადა, რომ ქვეყანაში 2–3 წლის წინ იყო ძალიან ძლიერი, თუმცა "ძირგამომთხრელი" ოპოზიცია. "მე მირჩევნია დღევანდელი სიტუაცია, როცა ეგენი დასუსტდნენ,"– განაცხადა მან.
- პრეზიდენტის თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია ისეთი ოპოზიციის ყოლა, რომელიც ძალაუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ქვეყანას არ გადაახვევინებს აღებული კურსიდან. მისი თქმით, ასეთი ოპოზიცია საქართველოში ჩამოყალიბების პროცესშია. "მე მინდა ისეთი ოპოზიცია, რომელიც იქნება ძლიერი და რომლის მიერ ხელისუფლების ჩანაცვლება არ იქნება ქვეყნისთვის კატასტროფა,"– განაცხადა მან.
დევნილთა გამოსახლება
- ერთმა ჟურნალისტმა დევნილების გამოსახლების საკითხი წამოწია და ჰკითხა სააკაშვილს, მიაჩნია, თუ არა მას, რომ ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც გამოსახლების უკან დგანან, უნდა დაისაჯონ; მეორე ჟურნალისტმა ჰკითხა მას, თუ რატომ არ ხვდება ის გამოსახლებულ დევნილებს; ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს მას სამაუწყებლო მედიის მფლობელების გამჭირვალობაზე, ასევე სახელმწიფო სახსრებით ძვირადღირებული შოუების და კონცერტების მოწყობაზე;
- "მთავარი, რაც უნდა ყველას გვესმოდეს, სანამ ერთი ადამიანი მაინც არის დევნილი, საქართველოს სრულფასოვან ქვეყანად ვერ ჩაითვლება და პირადად მე ვარ ძალიან, გაბრაზებული და გამწარებული... მეც დევნილად მიმაჩნია თავი, ვინაიდან აფხაზეთი ჩემი სახლია... არცერთ ადამიანთან და ჯგუფთან არ მაქვს ისეთი სოლიდარობის გრძნობა, როგორც ამ ადამიანებთან... საარჩევნო დადგმა არ იყო ჩემი ცრემლები... 'მომავალ წელს სოხუმში' – ამას გავიმეორებ ყოველთვის, ეს ორგანულად ჩვენი მიწაა და ორგანულად ყველაზე საუკეთესო ნაწილი არის იქიდან გამოყრილი," – განაცხადა მან.
- მისი თქმით, მთავრობამ სწრაფი რეაგირება მოახდინა და აგვისტოს ომის შემდეგ დევნილებისთვის სახლები ააშენა. „ბათუმში, ანაკლიაში შენდება დევნილებისთვის სახლები – იქ, სადაც იქნება დასაქმების ადგილები... მაგალითად, წეროვანში რამდენიმე საწარმო მე გავხსენი... ჩვენ ამას ვუყურებთ კომპლექსურად,"– განაცხადა მან.
- მისი თქმით, დევნილების ნაწილმა მიიღო კომპენსაცია, ნაწილმა საცხოვრებელი, მაგრამ ის "არ მოხდება, რომ ისინი თავის შვილებს გაზრდიან რომელიმე სახელმწიფო დაწესებულებაში თბილისში".
- სააკაშვილის თქმით, კონცერტებზე ფულის დახარჯვა, მათ შორის ბათუმში, ტურიზმის განვითარებას და აჭარაში ვიზიტორთა მოზიდვას ეხმარება. მისი თქმით, ეს კონცერტები რამოდენიმე ქვეყანაში პირდაპირ ეთერში გადაიცა. „და ეს იყო ჩვენი გზავნილი მსოფლიოსადმი, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ,"– განაცხადა მან და დასძინა: "რამდენიმე მილიარდიანი ბიუჯეტიდან პროცენტის მეათედზე ნაკლები, მათ შორის იხარჯება კონცერტებზე".
- მედიის მფლობელობის გამჭირვალობასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ დემოკრატიას სულაც არ ნიშნავს ის, როდესაც ბიზნესმენი, რომელსაც ტელეკომპანია აქვს, მთავრობის დაშანტაჟებას ცდილობს მცდარი ინფორმაციის გავრცელებით. მისი თქმით, იგი დადგა ასეთი პრობლემის წინაშე და განაცხადა, რომ ერთი ბიზნესმენი უამრავ ბიზნესს ითხოვდა იმის სანაცვლოდ, რომ ტყუილების გავრცელებას შეწყვეტდა. მან არ დააკონკრეტა, თუმცა სავარაუდოდ, სააკაშვილი გარდაცვლილ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს გულისხმობდა.
- მან აღიარა, რომ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა უნდა გაუმჯობესდეს.
მოშიმშილე ომის ვეტერანთა აქციის დაშლა
- შემდეგ მან თავად წამოწია ომის ვეტერანთა შიმშილობის აქციის პოლიციის ძალით დაშლის თემა და განაცხადა, რომ „ყველა ვეტერანს აქვს უფლება გამოთქვას პროტესტი“ და დააყენოს სოციალური მოთხოვნები, მაგრამ "სამშობლოს დაცვისთვის, რაღაც პრივილეგიებს კი არ უნდა ითხოვდე". მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი სათაყვანებელი ადგილია, სადაც „მივიდა 6 კაცი [ვეტერანი], სადაც ორი ჯარისკაცი [საპატიო ყარაული] დგას, დააფარეს ამათ თავზე საქართველოს ძველი დროშა – ეს არ არის ჩვენი ოფიციალური დროშა, ფეხებს შორის ამ ორ ჯარისკაცს ჩაუდგეს საწოლი, გამოფინეს თავიანთი საცვალი და ბოდიში და მოშარდეს“.
- "თუ დემოკრატიას ეძახით ეროვნულ სიმბოლოზე მოშარდვას, ასეთი დემოკრატია არ იქნება, სანამ მე ვარ პრეზიდენტი," – განაცხადა მან.
რუსეთი და ჩრდილოეთ კავკასია
- რუსეთთან ურთიერთობების შესახებ საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებაში იგი გამოიყენებს ტერმინს „მტერი“, თუმცა ელოდება იმ დროს, როცა მას აღარ მოუწევს ამ ლექსიკით საუბარი.
- „არსებობს ბუმერანგის პრინციპი და დიდი ტრაგედია მოხდა მოსკოვში [აფეთქება მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში] – არანაირი გამართლება არ აქვს ტერორიზმს. დასაგმობია და ადამიანურად მე ეს ხალხი ძალიან მეცოდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
- მისი თქმით, ტერმინი „ოკუპაცია“ დამკვიდრდა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში და ეს არის მთავარი მიღწევა. „ოკუპაცია ყოველთვის მთავრდება დეოკუპაციით,“ – განაცხადა მან.
- „საქართველოსთან რომ უნდათ კარგი ურთიერთობა [რუსეთში], საქართველო რა არის მათთვის? რუკა ხომ არსებობს,“ განაცხადა მან და დასძინა, რომ რუსეთისთვის საქართველო არის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე.
- მისი თქმით, რუსეთი არის „დასუსტების სტადიაზე მყოფი იმპერია, რომელსაც რიტორიკა კი გაუძლიერდა", მაგრამ შიგნიდან სუსტდება. „რომ შეიძლებოდეს მოლაპარაკება, მე ვერავინ დამასწრებდა. რეპტილიის დონეზეა მათი პოლიტიკა... ამიტომ რაც უფრო განერიდები ამ ნიანგს, მით უფრო ჩქარა მიხვალ აღთქმულ მიწამდე“, – განაცხადა მან.
- „ომი არ დამთავრებულა. არაფერი არ დამთავრდა, სამწუხაროდ; თუ ვიქნებით კონსოლიდირებულები და განვვითარდებით, ჩვენ ამ ომს ნამდვილად მოვიგებთ,“ – განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, "პუტინის მასშტაბის დამპრყობელი საქართველოს შაჰ–აბასის შემდეგ არ ჰყოლია".
- მან ჩრდილოეთ კავკასიას „გეტო“ უწოდა, სადაც, მისი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა რეპრესირებულია. "ერთიან კავკასიაში მე არ ვგულისხმობს საზღვრების მოშლას, ის ბუნებრივად არის გაყოფილი,"– განაცხადა მან.
- მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკა, რომელიც ახლო კონტაქტების დამყარებას გულისხმობს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან, მათ შორის მათთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების გზით, მიზნად ისახავს მათი კეთილგანწყობის მოპოვებას. "ხშირად ჩემი დასავლელი მეგობრებით მეკითხებიან – ‘აი რად გინდათ ეს ჩრდილოკავკასია? რა ვიცით, თავის ტკივილი არ იყოს?' მე კი ვეკითხები: 'ჩემო ძვირფასებო, შემდეგ ჯერზე 50 ათას შეიარაღებულ ჩეჩენს რომ გამოგვიგზავნის ჩვენი მეგობარი ვლადიმერი [პუტინი], თქვენი ჯარისკაცები ჩამოვლენ და დაგვიცავენ მათგან?' ჩვენ ახლა უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს არ მოხდეს,“– განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველო–თურქეთის მოლაპარაკებები ისტორიულ ძეგლებზე
- სააკაშვილს თურქეთთან მიმდინარე მოლაპარაკებებზეც ჰკითხეს. საქმე ეხება თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციას საქართველოში რამოდენიმე მეჩეთის რეკონსტრუქციის და აღდგენის სანაცვლოდ. სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში 200 000–ზე მეტი მუსულმანი ცხოვრობს და იმის თქმა, რომ მეჩეთის აშენება ანტი–ქართულია, იმის ტოლფასია, რომ ეს მუსულმანები არ უნდა ცხოვრობდნენ საქართველოში. „მე ამას ვერ დავუშვებ. თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს სახელმწიფო, უნდა გავიზარდოთ და უნდა ამოვიდეთ სახელმწიფო ინტერესებიდან, ნაცვლად იაფფასიან დემაგოგიაზე თამაშისა,“ – განაცხადა მან.