პარლამენტში 11 თებერვალს ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მიზანია, რომ 2015 წლისთვის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მიაღწიოს ევროკავშირთან.
"ჩვენი მიზანია, რომ 2015 წლისთვის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მივაღწიოთ ევროკავშირთან და იმედია ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირთან და აშშ–თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შედეგად ქართული პროდუქციისთვის ხელმისაწვდომი გახდება ევროკავშირის და აშშ–ის ბაზრები.
2010 წლის ივლისში სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისი იმედოვნებს, რომ ორ წელიწადში საქართველოს ექნება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა: „2015 წლისთვის ჩვენ გავაორმაგებთ ექსპორტს, ასევე ნომინალურ მშპ–ს“.
2010 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6.67 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 21%–ით მეტია, ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 3.51 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9%–ით აღემატება 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.