ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე წინასწარი მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირებული შეთანხმებაზე მოლაპარაკებების "ყველაზე რთული“ ნაწილია, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თორნიკე გორდაძემ 12 თებერვალს EUobserver.com–თან ინტერვიუში.
თორნიკე გორდაძე, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ შარშან ზაფხულში დაინიშნა, ქართული მხარის მთავარი მომლაპარაკებელია ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე.
გორდაძის თქმით 2008 წელს საქართველოს წინაშე ”საკმაოდ სერიოზული წინაპირობები” იყო დაყენებული, რომლებიც ”მიგვაჩნია, რომ შევასრულეთ და უფრო მეტიც გავაკეთეთ.”
"მაგალითად, ჩვენ ცალმხრივად გავაუქმეთ გადასახადები ევროკავშირიდან იმპორტირებული საქონლის 86%–ზე და გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ სურსათის უვნებლობის და ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კუთხით“, განაცხადა გორდაძემ.
2010 წლის ივლისში, როდესაც საქართველომ და ევროკავშირმა ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს, სააკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ თბილისი ორ წელიწადში მიაღწევდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან. თუმცა, 11 თებერვალს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მიზანია 2015 წლისთვის მიაღწიოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან.
გორდაძემ ასევე განაცხადა, რომ ვაჭრობის საკითხებში ევროკომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მას შეექმნა "შთაბეჭდილება, რომ მათ შეცვალეს წინაპირობები". მისი თქმით, ის წინაპირობები, რაც ადრე მოლაპარაკებების დასკვნითი ეტაპისთვის იყო განსაზღვრული, ახლა მოლაპარაკებების დასაწყებად არის გადმოტანილი.
"ზოგიერთები ასევე ამბობენ, რომ ეს ცვლილება შესაძლოა იყოს გარკვეული ირიბი ზეწოლა ევროკავშირის მხრიდან, რათა აღარ გავწიოთ წინააღმდეგობა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიოს ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, რომ საქმე ამაში არ არის,“ – განაცხადა გორდაძემ.
ქართველმა მაღალჩინოსნებმა რამოდენიმეჯერ გაიმეორეს ამ ბოლო დროს, რომ საქართველო მხარს უჭერს რუსეთის გაწევრიანებას ვმო–ში, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით – რუსეთმა უნდა შეასრულოს ვმო–ს წესები. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, რუსეთმა უნდა უზრუნველყოს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტების "გამჭირვალობა“.
"ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ დიდ სურვილს რუსეთისგან, რომ დაგვიკავშირდნენ ამ საკითხზე,“ – განაცხადა სააკაშვილმა "როიტერთან“ ინტერვიუში 2010 წლის ოქტომბერში, "ჩვენ მზად ვართ სერიოზული, აზრიანი მოლაპარაკებებისთვის ამ საკითხებზე, მაგრამ გვაქვს გარკვეული საკითხები, რომელთა ყურადღების მიღმა დატოვება და იგნორირება მათ ვერ მოაგვარებს“.