ქრისტიან–დემოკრატებმა, რომელიც ერთადერთი საპარლამენტო პარტიაა რვა ოპოზიციური პარტიის ჯგუფში, განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან "ოპოზიციურ რვიანსა“ და ხელისუფლებას შორის შუამავლის ფუნქცია იკისრონ, რათა საარჩევნო რეფორმაზე "ჩიხში შესული“ მოლაპარაკებები საბოლოოდ არ ჩაიშალოს.
საარჩევნო რეფორმაზე დღევანდელი მოლაპარაკებების ჩაშლაში ხელისუფლებამ რვა ოპოზიციური პარტიის ჯგუფის ის წარმომადგენლები დაადანაშაულა, რომლებიც შეხვედრაზე არ გამოცხადდნენ. დღევანდელ შეხვედრაზე "ოპოზიციურ რვიანში“ შემავალი სუბიექტებიდან, მხოლოდ ქრისტიან–დემოკრატების წარმომადგენელი, დეპუტატი ლევან ვეფხვაძე მივიდა, რის მიზეზად ტექნიკური დეტალი დასახელდა - მას დღევანდელი შეხვედრის თავმჯდომარეობა უწევდა. ეს ფუქცია როტაციულია და ყველა მონაწილე პარტიის წარმომადგენელს რიგ-რიგობით უწევს შეხვედრების გაძღოლა.
მას შემდეგ, რაც პარლამენტში პოლიტიკური დებატების მიმდინარეობის მოტივით წინა ოთხშაბათს დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა, ოპოზიციურმა რვიანმა იმავე დღეს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ მათი მოლოდინები არ გაამართლა მმართველი პარტიის შემოთავაზებებმა და ისინი მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდებიან მოლაპარაკებათა მაგიდას, რაც ხელისუფლება "ადეკვატურ“ წინადადებებს წარმოადგენს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.
ლევან ვეფხვაძემ 30 მარტს ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, ქრისტიან–დემოკრატები სთავაზობენ შუამავლის ფუნქციის შესრულებას, რათა ინდივიდუალურ რეჟიმში ჩატარდეს კონსულტაციები პროცესში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებთან პოზიციათა დაახლოების მიზნით და ამის შემდეგ განახლდეს სრულფასოვანი მოლაპარაკებები არსებულ ფორმატში.
ვეფხვაძემ განმარტა, რომ ეს ქრისტიან–დემოკატების დამოუკიდებელი ინიციატივაა, რომელსაც ოპოზიციური რვიანის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მომდევნო დღეებში განიხილავს. მან ასევე განაცხადა, რომ არ უჭერს მხარს მოლაპარაკებების გაგრძელებას ოპოზიციურ რვიანში შემავალი დანარჩენი სუბიექტების გარეშე.
მსგავსი პრეცედენტი 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების წინ უკვე მოხდა, როცა აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის ეგიდით საარჩევნო კოდექსზე მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაიშალა და პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა.
ვეფხვაძის განცხადებით, ხელისუფლება შესაძლოა მოლაპარაკებათა ჩაშლის საბაბს ეძებდეს, მაგრამ ისიც "ფაქტია, რომ პროცესი გაიჭედა“.
“ოპოზიციური რვიანის“ წარმომადგენელმა ახალი მემარჯვენეებიდან მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ მისთვის "გაუგებარია“ და მას "ძნელად წარმოუდგენია, რომ რვიანის ერთ–ერთი სუბიექტი“ შუამავლის როლში გამოვიდეს.
კაციტაძის განცხადებით, რვა პოლიტიკური პარტიის პოზიცია არ შეცვლილა და კვლავაც მთავარ მოთხოვნად რჩება არა "ლაპარაკი ლაპარაკისთვის“, არამედ შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების წარმოება ხელისუფლებასთან, რისთვისაც "მზად ვართ“. თუმცა, მისი თქმით, ხელისუფლება დღესაც "ცარიელი ხელებით“ მივიდა მოლაპარაკებებზე.
კაციტაძის განცხადებით, ოპოზიცია პოლიტიკური ბრძოლის ყველა ხერხს მიმართავს, რათა აიძულოს მმართველი პარტია, რომ საარჩევნო გარემოს რეალური ცვლილება განხორციელდეს. "ეს ჩვენი მოქმედების ეფექტურობაზე იქნება დამოკიდებული,“– დასძინა მან.
დღევანდელი შეხვედრის ჩაშლის შემდეგ დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ოპონენტებმა მოლაპარაკებათა მაგიდა მიატოვეს და "მათ გადაწყვიტეს, რომ პროცესები გადაიტანონ ქუჩაში, მაგრამ არც იქ, მათ არანაირი პერსპექტივა, ბუნებრივია, არ აქვთ“.
“ჩვენმა ოპონენტებმა მიატოვეს მოლაპარაკებათა მაგიდა მარტივი მიზეზის გამო – მათ არ უნდათ, რომ ყველა რაიონს ჰყავდეს მაჟორიტარი. მათ უნდათ, რომ პოლიტიკური პარტიების წილში უჯდებოდნენ მოსახლეობას არჩევანის გაკეთების დროს და პოლიტიკური პარტიები წყვეტდნენ, რომელი პიროვნება უნდა წარმოადგენდეს ჩვენი საზოგადოების ამა თუ იმ ნაწილს,“– განუცხადა კუბლაშვილმა ჟურნალისტებს.
"ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ყველა რაიონს უნდა ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი,“– აღნიშნა მან.
საარჩევნო სისტემა, ისევე როგორც ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე საარჩევნო სიების ფორმირება მხარეთა შორის უთანხმოების ერთ–ერთი მთავარი საკითხია.
ნოემბრეში პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ჯერ კიდევ მოლაპარაკებების დაწყებამდე დააფიქსირა პოზიცია, რომ ის მაჟორიტარი დეპუტატების არჩევის მოქმედი სისტემის შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგია.
მმართველი პარტია მაჟორიტარი დეპუტატების რაოდენობის გაზრდის ინიციატივითაც გამოვიდა, თუმცა ოპოზიციისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა.
ოპოზიციის წინადადებაა, რომ 150 წევრიანი პარლამენტის 75 წევრი კვლავაც აირჩეს პროპორციული სისტემით; დანარჩენი 75 დეპუტატი კი რეგიონულ–პროპორციული წესით, ნაცვლად არსებული ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემისა. ორივე სისტემისთვის საარჩევნო ბარიერი 5% უნდა იყოს.