Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ვაშაძე გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილებით 'ძალიან იმედგაცრუებულია'
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 აპრ.'11 / 12:57

გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს
შტაბბინაში, ნიუ–იორკში ჟურნალისტებს ესაუბრება, 1 აპრილი. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ იგი "უაღრესად, ძალიან იმედგაცრუებულია“ საქართველო vs რუსეთის საქმეზე ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (International Court of Justice - ICJ) 1 აპრილის გადაწყვეტილებით.

"მე უაღრესად იმედგაცრუებული ვარ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგანაც ჩემი, როგორც იურისტის შთაბეჭდილებაა – მე ახლა არ ვსაუბრობ როგორც მინისტრი, არამედ ვსაუბრობ როგორც იურისტი – რომ სასამართლო შეეცადა რაღაც საბაბი გამოენახა იმისათვის, რომ არ განეხილა საქმე,“ – განაცხადა ვაშაძემ 1 აპრილს, ნიუ–იორკში გაეროს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ის არგუმენტი, რომლითაც ჰააგის სასამართლომ დაასაბუთა გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ არ დაწყებულიყო საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის არსებითი განხილვა, "სრულიად სასაცილოა“.

"რუსეთი და საქართველო ჩართულები არიან ორმხრივ და მრავალმხრივ მოლაპარაკებებში 1991 წლის შემდეგ, როდესაც რუსეთმა გამოუცხადებელი ომი დაიწყო ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ და ამ მიზეზის დასახელება, ანუ ორმხრივი მოლაპარაკებების არარსებობა, რის გამოც ICJ–ს არ სურს საქართველოს საქმის განხილვა, აბსოლუტურად, სრულიად სასაცილოა,"– განაცხადა ვაშაძემ.

ჰააგის მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ 1 აპრილს დაადგინა, რომ "მას არ გააჩნია უფლებამოსილება განიხილოს საქართველოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილი სარჩელი“, რომელშიც საქართველო აცხადებდა, რომ რუსეთმა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (CERD) 1965 წლის საერთაშორისო კონვენციით აღებული ვალდებულებები 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე პერიოდში სამ სხვადასხვა დროს დაარღვია, როდესაც მან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ინტერვენციები განახორციელა.

სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მართებულად მიიჩნია რუსეთის არგუმენტი, რომლის თანახმადაც საქართველოს არ უცდია უშუალოდ CERD–თან დაკავშირებული საკითხები რუსეთთან განეხილა და ასევე არ უცდია კონვენციის 22–ე მუხლით გათვალისწინებული დავის მოგვარების სხვა მექანიზმები გამოეყენებინა, სანამ ის პირდაპირ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიმართავდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ გაეროს სასამართლოს ეს გადაწყვეტილება "შესანიშნავი მაგალითია“ იმისა, თუ "რატომ ვცხოვრობთ იმ სამყაროში, სადაც ვცხოვრობთ“.

"ის, რომ რუსეთი [გაეროს] უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია კიდევ ერთი კარგი დემონსტრირებაა, მაგალითია იმისა, თუ რატომ ვცხოვრობთ იმ სამყაროში, სადაც ვცხოვრობთ, როდესაც ისინი [რუსეთი] იარაღს ყიდიან ან აწვდიან ... ვიღაცეებს, როგორიც [ლიბიის ლიდერი მუამარ] კადაფია და ახლა იმ იარაღით მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ; საერთაშორისო თანამეგობრობამ ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს,“ – განაცხადა ვაშაძემ.

მისი განცხადება განსხვავდებოდა იმ კომენტარებისგან, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა თბილისში გააკეთეს მას შემდეგ, რაც სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. 

ქართული მედიისთვის გაკეთებულ კომენტარებში და ასევე საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ წერილობით ინგლისურენოვან განცხადებაში ჰააგის სასამართლოს არგუმენტი, რომლის საფუძველზეც სასამართლომ საქართველოს სარჩელის არსებით განხილვაზე უარი თქვა, შეფასდა როგორც "ტექნიკური“ პრობლემა, რომელსაც თბილისი მოაგვარებს, რათა გზა გაუკვალოს სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვას. სანაცვლოდ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სასამართლოს გადაწყვეტილების სხვა ასპექტზე გაამახვილეს ყურადღება, კერძოდ იმაზე, რომ სასამართლომ არ გაიზიარა რუსეთის არგუმენტი, რომლის თანახმადაც თბილისსა და მოსკოვს შორის "არანაირი დავა“ არ არსებობდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ეთნიკურად ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ რასობრივ დისკრიმინაციასთან დაკავშირებით. 

"ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ სასამართლომ არ გაიზიარა რუსეთის ფედერაციის მთავარი არგუმენტი იმის თაობაზე, რომ არანაირი დავა არ არსებობს ეთნიკური დისკრიმინაციის და ეთნიკური წმენდის საფუძველზე,“ – განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას "ძალიან მნიშვნელოვანი“ უწოდა.

“მე მინდა მივულოცო წარმატება ქართულ მხარეს,“– განაცხადა მან 1 აპრილს, "სასამართლომ თქვა, რომ იურისდიქცია არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე ხდება საქმის შეჩერება ტექნიკური მიზეზის გამო იქიდან გამომდინარე, რომ, სასამართლოს აზრით, 2008 წლის აგვისტომდე არ იყო დიალოგის რესურსი ამოწურული საქართველოსა და რუსეთს შორის. გარკვეული დრო მისცა რუსეთს, რომ ის ნეგატიური შედეგები, რომელიც მოყვა ეთნიკურ წმენდას, შეარბილოს, დააბრუნოს ადამიანები საკუთარ სახლებში და დაუბრუნოს საკუთრება და მოხდეს საქართველოს დეოკუპაცია. თუ ეს არ მოხდება, საქართველოს მხარეს უკვე აქვს დამტკიცებული უფლება განაახლოს საქმის განხილვა და სასამართლო უკვე შინაარსზე დაიწყებს საუბარს“.
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
39