Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აპატურაი: ნატო-საქართველოს ურთიერთობა ”სწორი მიმართულებით მიდის”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 აპრ.'11 / 15:21

რეფორმების პროცესი საქართველოში და ნატო–საქართველოს ურთიერთობები, მთლიანობაში, "სწორი მიმართულებით მიდის“ და ახლა ორივე მხარეს "ამ წარმატების გაძლიერება სჭირდება,“ განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ 7 აპრილს.

თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას აპატურაიმ განაცხადა, რომ საქართველო "ძალიან ბევრს მუშაობს”, რათა ალიანსში გაწევრიანებისთვის საჭირო სტანდარტები დააკმაყოფილოს. მან ასევე განაცხადა, რომ არსებობს "აშკარა პროგრესი“, თუმცა იქვე დასძინა, რომ "მეტია გასაკეთებელი“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნატოს დაპირება საქართველოს მიმართ, რომელიც ალიანსმა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე აიღო და რომლის თანახმადაც, საქართველო გახდება ალიანსის წევრი, "არა მხოლოდ არ შეიცვალა,“ არამედ კიდევ უფრო განმტკიცდა ნატოს ლისაბონის სამიტზე ნოემბერში.

"ნატო კომპრომისს არ დაუშვებს, როდესაც საქმე ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება; ნატოს მოკავშირეები არ აღიარებენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ეს ძალიან ურყევი პრინციპებია, რომელსაც ჩვენი ურთიერთობა ეფუძნება,“ – განაცხადა აპატურაიმ.

მისი თქმით, 14–15 აპრილს ბერლინში დაგეგმილი ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პარალელურად გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რომლის დროსაც არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობები განიხილება, არამედ საკითხთა უფრო ფართო ნუსხა.

"ეს არის ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობის განვითარების და სიმწიფის ნიშანი; ეს ურთიერთობები იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ ორმხრივი [კავშირები],“ – განაცხადა მან და ამავე კონტექსტში საქართველოს ავღანეთის ოპერაციაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

7 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა და დაახლოებით, 40-მდე დაიჭრა ავღანეთში მას შემდეგ, რაც საქართველო 2009 წლის ნოემბერში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციას შეუერთდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა იმავე პრესკონფერენციაზე, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის კუთხით "სიტუაცია დღეს გაცილებით უკეთესია, ვიდრე იყო 2009 და 2010-ში”.

ნატო-სთან მიმართებით საქართველოს მიერ ნაკისრი რეფორმები ასახულია  ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში (Annual National Programme - ANP). რეფორმათა ამ ნუსხას ყოველწლიურად საქართველოს ხელისუფლება ადგენს და შემდეგ მათ შესრულებას ნატო აფასებს. ბოლო ასეთი დოკუმენტი, რომელიც კლასიფიცირებულია და საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის, საქართველოს მთავრობამ თებერვალში წარუდგინა ალიანსს.

"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ნატო არც წყვეტს, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ და არც თავზე არ ახვევს ამ გადაწყვეტილებებს; საქართველო თავად ირჩევს საკუთარ პრიორიტეტებს... ხოლო ჩვენ მას ვეხმარებით,“ – განაცხადა აპატურაიმ.

მისი თქმით, პოლიტიკური კუთხით, მნიშვნელოვანია მომავალი არჩევნები და მოლაპარაკებები საარჩევნო კოდექსზე.

"რაც შეეხება თავდაცვის რეფორმას,“ – განაგრძო აპატურაიმ, "მე ვიცი, რომ საქართველოს თავდაცვის [სამინისტროს] საბიუჯეტო ვითარება არ არის მარტივი; შემიძლია გითხრათ, რომ იგივე ხდება ყველა ჩვენს დანარჩენ ქვეყნებშიც“.

ამ კონტექსტში მან ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ეფექტიანობის გაზრდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც შეზღუდული რესურსებია და მეორეს მხრივ, აუცილებელია იმ სწორი ნიშის პოვნა, რომელზეც ქვეყანა ფოკუსირებას მოახდენს თავდაცვის სისტემის განვითარებისას.

"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ძალისხმევას გააუმჯობესოს სამხედრო განათლების სისტემა, თავდაცვის სტრუქტურები, [ალიანსთან] ურთიერთთავსებადობა,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს ორი – პოლიტიკური და თავდაცვის რეფორმები – ის "პრინციპული სფეროებია“, რომლებშიც ალიანსი განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, რათა დაეხმაროს მას დააკმაყოფილოს ნატოს სტანდარტები.  

”ANP-ი დე ფაქტო MAP-ი”

თბილისში მარტის ბოლოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ”როუზ-როსის სემინარზე” სიტყვით გამოსვლისას  ლიტვის მუდმივმა წარმომადგენელმა ჩრდილო ატლანტიკურ საბჭოში, ლინას ლინკევიჩიუსმა განაცხადა, რომ თავისი არსით ყოველწლიური ეროვნული პროგრამა (ANP) ფაქტიურად იგივეა, რაც წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP), რომლის მიღებაზეც 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტზე საქართველოს უარი უთხრეს.

"მათ, ვინც იცის მისი არსი, იციან, რომ წლიური ეროვნული პროგრამა, რომელსაც ამჟამად საქართველო ახორციელებს, იგივე დე ფაქტო წევრობის სამოქმედო გეგმაა [MAP] – საკითხების იგივე სპექტრით, უკუკავშირის იგივე მექანიზმებით,“ – განაცხადა ლინკევიჩიუსმა.

მისი თქმით, გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება "ყოველთვის პოლიტიკურია და არა ტექნიკური“ და სანამ ეს დრო მოვა, საქართველომ "წინსვლა და რეფორმების განხორციელება უნდა განაგრძოს“. მისი თქმით საქართველო რეფორმებით არ უნდა "გადაიღალოს“ და მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს ნატოსთან თანამშრომლობის არსებული მექანიზმები.

ლინკევიჩიუსმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, თავდაცვის რეფორმებთან ერთად, ასევე მოიცავს "დემოკრატიულ პაკეტს,“ მათ შორის საარჩევნო კოდექსს, სასამართლო სისტემის რეფორმას და მედია მფლობელობის საკითხებს.

"საქართველოს კარგი შესაძლებლობა აქვს, რომ ყველა ამ სფეროში პროგრესს მიაღწიოს,“ – განაცხადა მან.
 
თბილისში 7 აპრილს ნატოს სპეციალურ წარმომადგენელთან ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციისთვის საჭირო ყველა მექანიზმი გააჩნია.

"ჩვენ გვაქვს რეალურად იმაზე მეტი, ვიდრე მოველოდით ბუქარესტის სამიტისგან –  გვაქვს წლიური ნაციონალური პროგრამა და ნატო–საქართველოს კომისია, რაც არის  – ასე შინაურულად საუბრობენ ნატოში – ‘MAP-ს პლიუს’ მექანიზმი. ამიტომ ჩვენ ველით, რომ ამ მექანიზმის შეცვლა არ მოხდება, რადგანაც არ არის საჭირო.  საქართველოს აქვს ყველაფერი იმისათვის, რომ გააგრძელოს ის დემოკრატიული და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმები, რომლებიც აქამდე ნატოს მიერ იქნა შეფასებული პოზიტიურად და გახდეს ნატოს წევრი,“ – განაცხადა ბარამიძემ.

ნატოს 2010 წლის ლისაბონის სამიტის დასკვნით დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ის მხარს უჭერს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას და ასევე ძალაში რჩება ყველა სხვა გადაწვეტილება, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ბუქარესტის სამიტის შემდეგ ალიანსის მიერ იქნა მიღებული. მათ შორის არის 2009 წელს სტრასბურგსა და კელში გამართული სამიტის გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც, წევრობის სამოქმედო გეგმა, ანუ MAP, კვლავაც რჩება იმ საკითხად, რომელზეც ალიანსს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, სანამ საქართველო ნატოსთან ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადავა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
27