გალში 8 აპრილს მომხდარ სროლას, რომელიც ბოლო ათი თვის მანძილზე, სავარაუდოდ, ყველაზე სერიოზული ინციდენტია, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ძალების ერთი სამხედრო თანამშრომელი ემსხვერპლა.
აფხაზეთის და რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგემლებმა განაცხადეს, რომ ინციდენტი სოფელ ჭუბურხინჯში მაშინ მოხდა, როდესაც რუს მესაზღვრეებს პატრულირების დროს "ქართველი დივერსანტები“ დაესხნენ თავს.
საპასუხო ცეცხლის გახსნის დროს ორი თავდამსხმელი დაიღუპა, იტყობინება რუსული მედია რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით.
სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლების თქმით, სროლის დროს მოკლული იქნა ორი ქართველი, ლაშა სიჭინავა და მალხაზ ხარჩილავა; აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ ორივე მოკლული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან თანამშრომლობდა. აფხაზურმა მხარემ ასევე განაცხადა, რომ ორივე მამაკაცი სოხუმის მიერ იძებნებოდა დივერსიებისა და მკვლელობების განხორციელების გამო.
თბილისმა უარყო გალში 8 აპრილს მომხდარ სროლასთან რაიმე კავშირი და ინციდენტს "შეიარაღებული კრიმინალური გარჩევა“ უწოდა.
ქართულმა მხარემ დაადასტურა, რომ სროლის დროს მოკლული ერთ–ერთი პიროვნება მართლაც ლაშა სიჭინავა იყო, თუმცა განაცხადა, რომ მას არანაირი კავშირი არ ჰქონდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა გუშინ, რომ სიჭინავა 2002 წლიდან იძებნებოდა ქართველი სამართალდამცავების მიერ ყაჩაღობის, ქურდობისა და მძევლად ხელში ჩაგდებისათვის და მას დაუსწრებლად მისჯილი ჰქონდა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად ხდება კრიმინალური "გარჩევები" - გავლენის სფეროებისა და ფულის გადანაწილების მიზნით - რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებს, რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებსა და კრიმინალებს შორის,“ – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
"აღნიშნული კრიმინალური ინციდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს განუყოფელი ნაწილები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი გადაქცეულია კრიმინალურ "შავ ხვრელებად," – განაცხადა საგარეო უწყებამ.