რვა ოპოზიციურ პარტიას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ახალ წინადადებებზე, რომლებიც გასულ კვირას წარმოადგინეს, მმართველი პარტიისგან რაიმე პასუხი არ მიუღია.
“ოპოზიციური რვიანის“ წარმომადგენელი ახალი მემარჯვენეებიდან, მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ მმართველ პარტიას მათი მორიგი შეთავაზებები მედიისა და საარჩევნო მოლაპარაკებების მოდერატორი ორგანიზაციის – საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მეშვეობით გაეგზავნა.
“თუმცა რაიმე კონკრეტული ტიპის ინიციატივა ან პასუხი ჯერ არ მიგვიღია,“– განუცხადა მან 11 აპრილს Civil.ge-ს და დასძინა, რომ არაოფიციალურ დონეზე არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ხელისუფლება გარკვეულ შემხვედრ წინადადებებს ამზადებს.
“ამ გაზაფხულის განმავლობაში ხელისუფლება ვერ აირიდებს თავიდან პასუხის გაცემას,“– აღნიშნა კაციტაძემ.
მმართველი პარტიის დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე საარჩევნო მოლაპარაკებების ირგვლივ არსებულ ვითარებასა და ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ ახალ წინადადებებზე.
მმართველი პარტია აცხადებდა, რომ არ დათანხმდება ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. თავდაპირველად ოპოზიცია არსებული სისტემის შეცვლას მოითხოვდა, თუმცა ბოლო შემოთავაზებით დათანხმდა მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების პრინციპს იმ პირობით, რომ პარტიას როგორც მაჟორიტარული წესით, ისე პარტიული სიით იმდენი მანდატი უნდა ერგოს პარლამენტში, ამომრჩეველთა რამდენი პროცენტიც დაუჭერს მას მხარს.
ამ საკითხზე ერთადერთი კომენტარი მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა გააკეთა. გასულ კვირას მან განაცხადა, რომ ოპოზიციამ "აბსურდული“ შემოთავაზებით პრაქტიკულად კონსტრუქციული დიალოგის გზა მოჭრა.
საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებები 9 მარტის შემდეგ შეჩერებულია, რაშიც მხარეები ერთმანეთს სდებენ ბრალს.
ოპოზიციური რვიანი აცხადებს, რომ მათი პოზიცია უცვლელია და როგორც კი ხელისუფლება "ადეკვატურ“ წინადადებებს წარმოადგენს, ისინი მოლაპარაკებათა მაგიდას დაუბრუნდებიან.
მანამდე კი კაციტაძის განცხადებით, "რვიანის" წარმომადგენლები განაგრძობენ შეხვედრებს საერთაშორისო და ადგილობრივ წარმომადგენლებთან მათი პოზიციისათვის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით. ამ კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები რიგი საელჩოების წარმომადგენლებთან და ასევე რეგიონებში გასვლითი შეხვედრები.
იმავდროულად, 13 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავს.
რეზოლუციის პროექტში წამოწეული ერთ–ერთი საკითხი საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებებს ეხება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები „ლაკმუსის ტესტი იქნება საქართველოში მომწიფებული, უფრო ყოვლისმომცველი და ძლიერი დემოკრატიული სისტემის კონსოლიდაციისთვის“.
რეზოლუციის პროექტი მიესალმება საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ხელახლა ჩამოყალიბებას და ასევე, „სრულიად ახალი საარჩევნო კოდექსის“ მიღების რეკომენდაციას იძლევა. პროექტი ასევე ურჩევს ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას, რომელიც ყველა მონაწილე მხარის ნდობას დაიმსახურებს.
რეზოლუციის პროექტი ასევე მოუწოდებს, რომ აღმოიფხვრას ის ხარვეზები, რომლებიც საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს. პროექტში აღნიშნულია, რომ საჭიროა საარჩევნო ოლქების საზღვრების ხელახლა განსაზღვრა ხმის მიცემის თანასწორუფლებიანობის პრინციპის საფუძველზე და უპარტიო კანდიდატებისთვის უფლების მიცემა მაჟორიტარულ არჩევნებში იყარონ კენჭი; არსებული წესების თანახმად, მხოლოდ პარტიას შეუძლია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა.