Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოზე იმსჯელეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 აპრ.'11 / 17:43

13 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე მორიგი რეზოლუცია მიიღო.

რეზოლუცია მიესალმება საქართველოს ხელისუფლების "მნიშვნელოვან ძალისხმევას“ ვალდებულებების შესრულების კუთხით და იმ "მნიშვნელოვან პროგრესს“, რომელსაც ქვეყანამ აგვისტოს ომის შედეგების მიუხედავად 2008 წლის მონიტორინგის ანგარიშის შემდეგ მიაღწია. ამავე დროს რეზოლუციში საუბარია სხვადასხვა სფეროებში არსებულ პრობლემებზეც.

რეზოლუციის მიღებას წინ უძღოდა დებატები მოხსენების ირგვლივ, რომელიც საქართველოს საკითხზე ორმა თანამომხსენებელმა, დანიელმა დეპუტატმა მაიკლ იენსენმა და ალბანელმა დეპუტატმა კასტრიო ისლამიმ მოამზადეს.

დებატების დროს, გამომსვლელთა უმეტესობამ განაცხადა, რომ მოხსენება "დაბალანსებულია“. როგორც ერთ–ერთმა გამომსვლელმა აღნიშნა, თანამომხსენებლებმა "ოქროს შუალედის“ დაცვა მოახერხეს, რომლის დროსაც პროგრესსაც და ხარვეზებსაც თანაბარი ყურადღება დაეთმო. 

ყველაზე მეტი კრიტიკა რუსული დელეგაციის მხრიდან წამოვიდა. რუსი დეპუტატების შეფასებით,  მოხსენება სრულად არ ასახავდა საქართველოში არსებულ პრობლემებს, მათ შორის "პოლიტიკური პატიმრების“ კუთხით. 

რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია როსიას“ დეპუტატმა სერგეი მარკოვმა განაცხადა, რომ მოხსენება "შერეულ შთაბეჭდილებას ტოვებს“; მისი თქმით, მოხსენება არ ეხება "რეალურ საქართველოს, სადაც ოპოზიცია ცუდ მდგომარეობაში იმყოფება და შეშინებულია, სადაც სატელევიზიო არხები ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არიან“.

PACE–ში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა კონსტანტინე კოსაჩევმა განაცხადა, რომ რუსეთს ქართველი ხალხის წარმატებები გულწრფელად გაუხარდება, რადგან მათ "მეგობრებად“ მიიჩნევს. კოსაჩევის თქმით, ახლა, როდესაც ყველა შეშფოთებას გამოთქვამს ლიბიის მოვლენებთან დაკავშირებით, "ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი შეეცადა ანალოგიურად მოქცეოდა საკუთარ ხალხს“ 2008 წლის აგვისტოში.

"კადაფისთან შედარებისას, იქნებ ჩეჩნეთი გაიხსენოთ,“ – უპასუხა მას დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა დებატების დროს, "პოლიტიკურ პატიმრებზე [საუბრისას], იქნებ ხადარკოვსკი გაიხსენოთ; რაც შეეხება მეგობრობაზე საუბარს – ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რაც არის თქვენი მეგობრობა; თქვენი მეგობრობა აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ასიათასობით ქართველის გამოძევებაა“.

რეზოლუცია, რომელიც საქართველოს დელეგაციამ ძირითადად დადებითად შეაფასა, მიესალმება "პოლარიზაციის და კონფრონტაციული გარემოს დაძლევისკენ“ და "ოპოზიციის როლის გაძლიერებისკენ” მიმართულ ხელისუფლების ძალისხმევას.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები "ლაკმუსის ტესტი იქნება“. იგი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს ისეთ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდნენ, რომელიც ყველა მონაწილე მხარის ნდობას დაიმსახურებს.

მიესალმება რა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლებიც 2013 წლის ბოლოს შევა ძალაში, რეზოლუცია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას. კერძოდ, რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურებს გადახედოს იმგვარად, რომ ამ პროცესში პარლამენტის უფლებამოსილება გაძლიერდეს; დოკუმენტი საბიუჯეტო საკითხებში პარლამენტის როლის გაზრდისკენაც მოუწოდებს. 

რეზოლუცია შეშფოთებას გამოთქვამს "მართლმსაჯულების განხორციელების პრობლემებთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა კანონის თანაბრად გამოყენების პრინციპებს საფრთხე შეუქმნას“.

"ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას ამ პრობლემების მოგვარებას ურჩევს, ვინაიდან მოუგვარებლობამ შესაძლოა ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემის რეფორმირების სფეროში მიღწეულ პროგრესს და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებას ძირი გამოუთხაროს,“ – ნათქვამია რეზოლუციაში.

რეზოლუციაში ნახსენებია რომ არსებობს "მუდმივი ბრალდებები, რომლის თანახმად მაღალი დონის კორუფცია მთლიანად არ არის აღმოფხვრილი“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საპროტესტო აქციების დროს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ბრალდებების გამოძიება "არც თუ ეფექტურად და სისტემატურად ხდება“.     

რეზოლუცია მიესალმა საქართველოს მთავრობის "პოლიტიკურ ნებას“ გადაჭრას ციხეების გადატვირთულობის პრობლემა და პატიმრების არასათანადო პირობები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ პატიმართა რაოდენობის ზრდა "ძალიან მკაცრი, ხანდახან არაპროპორციული” სასჯელებითაც არის განპირობებული, ისევე როგორც დანაშაულთა შეკრებითობის პრინციპით.

რეზოლუცია მიესალმა პროკურატურის შესახებ კანონის ძალაში შესვლას, თუმცა აღნიშნა, რომ ის მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები, რომელიც იუსტიციის მინისტრს მიენიჭა - მათ შორის უფლება პირადად აწარმოოს სისხლის სამართლებრივი დევნა ისეთი მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიმართ, როგორიცაა პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, ასევე მოსამართლეები, პარლამენტის წევრები, უნდა გაუქმდეს.

რეზოლუცია „სინანულს“ გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველომ ჯერაც არ შეასრულა ვალდებულება და რეგიონალური და უმცირეობათა ენების შესახებ ევროპულ ქარტიას ხელი არ მოაწერა. რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს დოკუმენტს "შემდგომი დაყოვნების გარეშე“ მოაწეროს ხელი და მისი რატიფიცირება მოახდინოს.

რეზოლუციამ შეშფოთება გამოხატა იმ "მეთოდის გამო, რა გზითაც ცოტა ხნის წინ დევნილები გამოასახლეს თბილისში თავიანთი საცხოვრებლებიდან“. როდესაც დებატების დროს ეს საკითხი ერთ–ერთმა გამომსვლელმა წამოწია, დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა მმართველი პარტიიდან ასე უპასუხა: "არ მინდა, რომ თქვენ, ძვირფასო კოლეგებო, ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინოთ და განსახლების პროცესს ’გამოსახლება’ ან ’ხალხის ქუჩაში გაყრა’ უწოდოთ“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
70