Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ობამას მრჩეველი ვმო-ზე ქართულ–რუსული მოლაპარაკებების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 აპრ.'11 / 12:43

თეთრი სახლის მაღალი რანგის წარმომადგენელმა განაცხადა 15 აპრილს, რომ არის შესაძლებელი რუსეთსა და საქართველოს შორის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (ვმო) დაკავშირებული დავის ”შემოქმედებითი გადაწყვეტა” გამოიძებნოს, ისე რომ სეპარატისტულ რეგიონებში სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გამჭირვალობა იქნას უზრუნველყოფილი იქ ქართველი მებაჟეების განთავსების გარეშე.

საქართველოს და რუსეთის დელეგაციები შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე ბერნში 28-29 აპრილს შეიკრიბებიან.

მარტში გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელიც პირველი იყო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველო ვმო-ზე მოლაპარაკებების ”პოლიტიზირებაში” დაადანაშაულა, რადგანაც საქართველო სეპარატისტულ რეგიონებში სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე თავისი მებაჟეების განთავსებას ითხოვდა. საქართველომ განაცხადა, რომ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების პირობების განხილვისას ის მხოლოდ სავაჭრო საკითხებს აყენებს, რაც საზღვარზე საქონლის გამჭირვალე ბრუნვას უკავშირდება. 

პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკურ ინსტიტუტში საუბრისას მაიკლ მაკფოლმა, პრეზიდენტ ობამას თანაშემწემ და ეროვნული უშიშროების საბჭოში რუსეთის და ევრაზიის საკითხების კურატორმა, განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ შუამავალი არ არის, მან აქტიურად შეუწყო ხელი ვმო-სთან დაკავშირებულ საკითხებზე თბილისსა და მოსკოვს შორის კონტაქტებს. მან ისიც განაცხადა, რომ პრეზიდენტი ობამა ”პირადად იყო ჩართული” ამაში.  

მაკფოლის თქმით, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის და აშშ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკური ინსტიტუტის კვლევის თანახმად, აშშ-ის საქონლის ექსპორტი რუსეთში, შესაძლოა, გაორმაგდეს და 19 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდოს მას შემდეგ, რაც რუსეთი ვმო-ს წევრი გახდება.

მაკფოლმა განაცხადა, რომ აშშ ”ზეწოლას არ მოახდენს” საქართველოზე რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების პირობებთან დაკავშირებით; მისი თქმით, ვაშინგტონმა ეს ”სავსებით ნათლად” განუცხადა რუსეთს.

”ჩვენ ასევე ვეუბნებით საქართველოს ხელისუფლებას: ეს [ვმო-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები რუსეთთან] არ არის მექანიზმი იმისთვის, რომ რუსეთთან თქვენი პოლიტიკური საკითხები მოაგვაროთ. ეს ძალიან მკაფიოდ ავუხსენით მათ [საქართველოს ხელისუფლებას],” - განაცხადა მან.

კითხვაზე აპირებს თუ არა ვაშინგტონი უბიძგოს საქართველოს რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას დათანხმდეს იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ქართულ პროდუქციას რუსულ ბაზარზე დააბრუნებს, მაკფოლმა ემბარგოს პრობლემას დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭა და განაცხადა, რომ ეს საკითხი ”საბოლოო ჯამში” მოგვარდება. ”მე ეს არ მაწუხებს,” - განაცხადა მან.

რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგეს, მისი თქმით, ეს არის საზღვართან დაკავშირებული ”ფუნდამენტური საკითხი”.

მისი თქმით, ეს ”ძალიან განსაკუთრებული სიტუაციაა”, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება, რადგან საქართველოს სურს ჰქონდეს ინფორმაცია სეპარატისტულ რეგიონებში ტვირთების გადაადგილების შესახებ, მათ შორის დანარჩენი საქართველოს მიმართულებით.

მას თავი შეიკავა ეთქვა, იყო თუ არა ეს მისი აზრით ვმო-სთან დაკავშირებული საკითხი, თუმცა განაცხადა, რომ ”ეს ეკონომიკური საკითხია.”

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამის შემოქმედებითი გადაწყვეტა არსებობს - მებაჟეების განთავსების გარეშე [აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან საზღვარზე]... ჩვენ ვფიქრობთ, არსებობს გზა იმისათვის, რომ გაიზარდოს გამჭირვალობა და ინფორმაციის გაცვლა იმის შესახებ, თუ რა [ტვირთები] გადაადგილდება საზღვარზე,” - განაცხადა მაკფოლმა, ”სხვათაშორის, რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ისინი გამჭირვალობას ემხრობიან; მათ გამჭირვალობის გაზრდა სურთ”.

იმ მოტივით რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მან თავი შეიკავა ”შემოქმედიბითი გადაწყვეტის” დეტალებზე ესაუბრა. 

თბილისში გამოითქვა ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ ქართულმა მხარემ მოსკოვს "კომპრომისულ წინადადება“ უნდა შესთავაზოს, რაც ევროკავშირის დამკვირვებლების განთავსებას გულისხმობს რუსეთ–საქართველოს საზღვრის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე. ამგვარი მოდელი მოლდოვასა და უკრაინაში გამოიყენება ევროკავშირის სასაზღვრო მისიის ფარგლებში. თუმცა,  მარტში რუსული გაზეთი ”კომერსანტი” რუსეთის საგარეო უწყების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ეს წინადადება არ იყო რეალისტური.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა 18 აპრილს, რომ აშშ არასდროს მოახდენს რაიმე ზეწოლას საქართველოზე, რათა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება დააჩქაროს.

”ჩვენთვის ცნობილია, რომ როგორც აშშ-ის, ისე მთელი რიგი დასავლეთის სახელმწიფოების ინტერესებშია რუსეთის გაწევრიანება მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციაში, თუმცა ჩვენს პარტნიორებს ესმით [რუსეთის მიმართ] ჩვენი პრეტენზიების საფუძვლიანობა,” - განაცხადა მან.

“გაწევრიანების საკითხი არ წარმოადგენს პოლიტიკურ საკითხს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენს დაინტერესებაშია, რომ ეს მოლაპარაკებები წარმატებულად წარიმართოს და რუსეთმა შეძლოს გაწევრიანება, თუმცა იცით თქვენ, რომ ჩვენ რამოდენიმე მოთხოვნა გვაქვს, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს სავაჭრო ორგანიზაციის წესდებიდან და არავითარ შემთხვევაში არ ატარებს ეს რაიმე სახით პოლიტიკურ ხასიათს,” - დასძინა კალანდაძემ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლარვოვმა მარტში განაცხადა, რომ თუ საქართველო კვლავაც განაგრძობდა ”პოლიტიზირებული” მოთხოვნების წამოყენებას, მოსკოვი ”სხვა გზით” შეეცდებოდა ვმო-ში გაწევრიანების საკითხის მოგვარებას. კერძოდ, მას მხედველობაში ჰქონდა ვმო-ში გაწევრიანება კენჭისყრის პროცედურით, კონსენსუნსის წესის ნაცვლად. თუმცა, მაიკლ მაკფოლმა აღნიშნა, რომ აშშ ამგვარ მიდგომას მხარს არ უჭერს, ვინაიდან ეს დავას ვერ მოაგვარებს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17