წლიურმა ინფლაციამ აპრილში 13.5% შეადგინა, მარტში არსებული 13.9%–ის ნაცვლად, განაცხადა "საქსტატმა" 3 მაისს.
2010 წლის ივლისის შემდეგ ყოველთვიური ინფლაცია აპრილში უმნიშვნელოდ პირველად შემცირდა.
მაღალი ინფლაციის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორებია საკვების და საწვავის ფასები.
"ჩვენ ველით, რომ საწვავის და საკვების ფასების სტაბილიზაციასთან ერთად ინფლაცია ივნისიდან კლებას დაიწყებს,“ – განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონალურმა წარმომადგემელმა საქართველოში ედუარდ გარდნერმა 3 მაისს.
სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები აპრილში წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 28.6%–ით გაიზარდა და ყოველწლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 11.8% შეადგინა, იტყობინება "საქსტატი".
ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე – 70,6%; ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე - 36,4%; ზეთსა და ცხიმზე – 34,5%; პურსა და პურპროდუქტებზე – 25,8%; ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 23,3%.
"საქსტატის" ინფორმაციით, აპრილში საწვავის ფასები, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით, 21.7%–ით გაიზარდა.