სერგეი ბაღაფში სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტი იყო 2005 წლიდან.
ფოტო: აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ვებ–გვერდი
აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში კვირას დილით მოსკოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ მარჯვენა ფილტვზე ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი გაურთულდა, განაცხადა სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლებამ.
62 წლის ბაღაფში მეორე ხუთწლიანი საპრეზიდენტო ვადით 2009 წლის დეკემბერში აირჩიეს.
სეპარატისტული რეგიონის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი შეასრულებს; ვადამდელი არჩევნები მომდევნო სამი თვის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.
”ეს აფხაზი ხალხისთვის დიდი დანაკარგია,” - განუცხადა ანქვაბმა ”ინტერფაქსს”.
ბაღაფშმა ფილტვზე ოპერაცია მოსკოვის საავადმყოფოში 21 მაისს გაიკეთა. აფხაზეთის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და რომ ბაღაფშის მდგომარეობა ნორმალური იყო. თუმცა, მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა; ამ ცნობებს აფხაზი ოფიციალური პირები უარყოფდნენ.
აფხაზეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კრისტიან ბჟანიამ განაცხადა 29 მაისს, რომ იგი ბაღაფშს სამი დღის წინ ელაპარაკა და ის უკეთ გრძნობდა თავს.
”თუმცა, ორი დღის წინ მისი მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა; მან გონება დაკარგა,” - განაცხადა ბჟანიამ. ”ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ”.
სეპარატისტული აფხაზეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ოპერაციის შემდეგ გაირკვა, რომ ბაღაფშს ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა.
სერგეი ბაღაფშს ოთხშაბათს აფხაზეთში დაკრძალავენ.
სამძიმრის წერილში რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხაზი გაუსვა ბაღაფშის ”პირად წვლილს [აფხაზეთის] დამოუკიდებლობის გაძლიერებაში”.
”ბაღაფში რუსეთთან მეგობრობის და პარტნიორობის მტკიცე მხარდამჭერი იყო; იგი დაუღალავად მუშაობდა ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე,” - განაცხადა მედვედევმა.