რუსეთის პრემიერ–მინისტრი აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის დაკრძალვაზე, სოხუმი, 2 ივნისი. ფოტო: რუსეთის პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური.
რუსეთის პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი 2 ივნისს სოხუმში ჩავიდა აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის დაკრძალვაზე დასასწრებად.
სერგეი ბაღაფშს, რომელიც 29 მაისს მოსკოვის საავადმყოფოში ფილტვზე გაკეთებული ოპერაციიდან ერთ კვირაში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა, თავის მშობლიურ სოფელ ჯგიარდაში (ოჩამჩირის რაიონი) დაკრძალავენ.
მართალია ბაღაფშის ჯანმრთელობის პრობლემებზე ხმები ვრცელდებოდა, მაგრამ მისი გარდაცვალება მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა.
პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე–პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ასრულებს იქამდე, სანამ სამ თვეში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატებად ანქვაბი, სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრი სერგეი შამბა და ოპოზიციონერი რაულ ხაჯიმბა მოიაზრებიან. პოტენციურ კანდიდატებს შორის ასევე სახელდება აფხაზი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ბესლან ბუთბა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ბაღაფშის გარდაცვალების მეორე დღეს განაცხადა, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერის გარდაცვალების გამო "ჩვენთვის ვითარება ამ ეტაპზე განსაკუთრებულად არ იცვლება“. მან ასევე განაცხადა, რომ იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის ტერიტორია ოკუპირებულია და მოსკოვიდან იმართება, "ძალიან ძნელი გასაკეთებელია ნებისმიერი პროგნოზი“.