რუსეთის მცდელობა, რომ აფხაზეთის "საოკუპაციო რეჟიმს შეუქმნას ლეგიტიმურობის ილუზია“, კრახისთვის არის განწირული, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 ივნისს პუტინის იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომელიც მან სერგეი ბაღაფშის დაკრძალვასთან დაკავშირებით სოხუმში ჩასვლისას გააკეთა.
2 ივნისს პუტინმა სეპარატისტული აფხაზეთის პრემიერ–მინისტრს სერგეი შამბას განუცხადა, რომ რუსეთი ხელს შეუწყობს „ თქვენს საერთაშორისო ურთიერთობებს ყველა სახელმწიფოსთან, მათ შორის ყველაზე ახლო მეზობლებთან“. "დრო ყველა იარას მოაშუშებს. იმედი მაქვს, რომ აფხაზ და ქართველ ხალხებს შორის ყველა ურთიერთობა დამყარდება,“– განაცხადა მან.
"მხოლოდ რუსეთისათვის არსებულ ე.წ "ახალ რეალობაში" კი, აფხაზეთს ორი უახლოესი მეზობელი ჰყავს - თავად რუსეთი და საქართველო,“– ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში, "კრემლი დაჟინებით ცდილობს მის მიერვე შექმნილ საოკუპაციო რეჟიმს შეუქმნას ლეგიტიმურობის ილუზია და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტრუმენტად დაამკვიდროს ეთნიკური წმენდა, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიის ნაწილების სამხედრო ოკუპაცია და არსებული საზღვრების ძალადობრივი გზით ცვლილება“.
"ვლადიმერ პუტინს კარგად უნდა ესმოდეს, რომ ყველა ეს მცდელობა კრახისთვის არის განწირული,“– აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და აღნიშნავს: "არც საქართველო და არც საერთაშორისო თანამეგობრობა არ მიიღებს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით შექმნილ და ეთნიკური წმენდის შედეგებზე დაფუძნებულ რუსეთისათვის სასურველ ე.წ. "ახალ რეალობას".
ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ პუტინი 2 ივნისს სოხუმში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის "დარღვევით" ჩავიდა.