Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა მმართველი პარტიის შემოთავაზებაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 ივნ.'11 / 15:06


მარცხნიდან მარჯვნივ: კახა შარტავა, ეროვნული ფორუმი; ზვიად ძიძიგური, კონსერვატიული პარტია; დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტია; კობა დავითაშვილი, ხალხის პარტია;და ირაკლი ალასანია, ჩვენი საქართველო;თავისუფალი დემოკრატები. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ აღნიშნა 27 ივნისს გაკეთებულ ერთობლივ განცხადებაში, რომ ისინი უარს ამბობენ მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებულ შემოთავაზებაზე.

ექვსი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შემოთავაზება მხოლოდ „ფასადურ ცვლილებებს“ შეიცავს და ვერ უზრუნველყოფს საარჩევნო სისტემის ფუნდამენტურ გაუმჯობესებას.

ექვსივე პარტია – რესპუბლიკური პარტია, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატიული პარტია, ხალხის პარტია, საქართველოს გზა და ეროვნული ფორუმი – ოპოზიციური რვიანის წევრი იყო.

ჯგუფის კიდევ ორმა წევრმა, ახალმა მემარჯვენეებმა და ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ, განაცხადეს 27 ივნისს, რომ ისინი დათანხმდენენ მმართველი პარტიის შემოთავზებას და ჯგუფი დატოვეს.   

24 ივნისს საკუთარი წინადადებების წარმოდგენისას მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ მისი ეს პოზიცია საბოლოოა და მასში მნიშვნელოვანი ცვლილებები აღარ შევა.

საარჩევნო საკითხებზე მმართველი პარტიის მთავარმა მომლაპარაკებელმა, დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა 27 ივნისს განაცხადა, რომ მათ, ვისაც შეთანხმებასთან შეერთება სურს, ორშაბათს 18 საათისთვის უნდა მოაწერონ მას ხელი.

“ხელისუფლებამ ასეთი ნაბიჯით კვლავ აირჩია ულტიმატუმი, პოლიტიკური ვაჭრობის, შანტაჟის ენა და ფაქტობრივად უარი თქვა პოლიტიკურ დიალოგზე“, – ნათქვამია ექვსი ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაში.

“ჩვენთვის მიუღებელია პრინციპი "ან დაგვეთანხმეთ ან ჩვენ ჩვენსას მაინც გავიტანთ". საარჩევნო გარემოს ცვლილება უნდა დაეფუძნოს დაუბალანსებელი საარჩევნო სისტემის გამოსწორებას და არა არასრულყოფილ წინადადებებზე დათანხმებული პარტიებისთვის ფულის შეთავაზებას. ასეთ გარიგებაში მონაწილეობა ვერ ჩაითვლება ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის შეთანხმებად“, – ნათქვამია განცხადებაში.

ექვსი ოპოზიციური პარტია გულისხმობდა მმართველი პარტიის იმ წინადადებას, რომელიც მილიონი ლარით დაფინანსებას ითვალისწინებს მხოლოდ შეთანხმებაში მონაწილე იმ პარტიების, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

“ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ სამართლიანი არჩევნებისთვის და ამ გზით ხელისუფლების შესაცვლელად. ერთად ამ ბრძოლას გადავაქცევთ ფართომასშტაბიან სამოქალაქო მოძრაობად „თავისუფალი არჩევანისათვის“ და ხალხთან ერთად მივაღწევთ გამარჯვებას“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. 

“ჩვენ შევქმნით იმ გარემოებებს ისევ საქართველოს მოსახლეობასთან ერთად, როდესაც ხელისუფლებას მოუწევს მოლაპარაკებებზე დაბრუნება. ეს ბრძოლა იქნება რთული. ჯობდა რომ ყველას ერთად გაგვეგრძელებინა... მაგრამ ჩვენმა ორმა კოლეგამ თავისი არჩევანი გააკეთა“,  – განაცხადა დავით უსუფაშვილმა, რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა.

ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ექვსი ოპოზიციური პარტია სამართლიანი არჩევნებისთვის ბრძოლას „უფრო მეტი ინტეგრაციით“ აგრძელებს, რომლის დროსაც "პოლიტიკური ბრძოლის არცერთ მეთოდს არ გამორიცხავს“.

"ის რაც შემოთავაზებულია, ეს არის მინიმალური, ფასადური, მაგრამ სამწუხაროდ რამდენიმე ჩვენი პარტნიორი დათანხმდა ამ შემოთავაზებას“, – განაცხადა ალასანიამ,.

ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ „შეურაცხმყოფელია“ ხელისუფლების მიდგომა, რომ "თუ ხელს მოაწერთ, მილიონს მიიღებთ“, რაზეც „ჩვენ არ წავალთ“.

კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ სამწუხაროდ ახალმა მემარჯვენეებმა და ქრისტიან–დემოკრატებმა“ცდუნებას“ ვერ გაუძლეს. “გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლებოდა ერთიანობის შენარჩუნების შემთხვევაში“, – აღნიშნა მან.  

ექვსი ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ ხელისუფლების წინადადებები არ უზრუნველყოფს თავისუფალ საარჩევნო გარემოს და სამართლიან კონკურენციას. მათივე თქმით, ზოგიერთი საყურადღებო პუნქტის მიუხედავად, ძირითადი საკითხები ჯერ კიდევ შორსაა ადეკვატურისაგან.

"ის სისტემა, რაც დღეს მოქმედებს და რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, გარანტირებულად იძლევა ხმების ნახევარზე ნაკლებით პროპორციულ ნაწილში საკონსტიტუციო უმრავლესობის მანდატების მიღებას. ამას პრაქტიკულად ეთანხმებიან ახლები და ქრისტიან–დემოკრატები... და თვლიან, რომ მათი პარტიები ფრაქციებით იყვნენ წარმოდგენილნი [ახალ პარლამენტში]. ამას არ ვეთანხმებით ქართული პოლიტიკური ოპოზიციის წამყვანი გაერთიანება“, –  განაცხადა დავით ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან.

მმართველი პარტიის საპასუხო პოზიციაში, რომელსაც 26 ივნისს ახალმა მემარჯვენეებმა და ქრისტიან–დემოკრატებმა ხელი არ მოაწერეს, ექვსი ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ კვლავ ძალაში ტოვებს ორ ძირითად მიმართულებას, რაზეც მოლაპარაკებების გაგრძელებას ხელისუფლებასთან კომპრომისული შეთანხმებების მისაღწევად პრიორიტეტულად მიიჩნევს. 

ესენია  – იმგვარი საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთავაზებული ალტერნატიული ვარიანტები, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და მანდატების რაოდენობის პროპორციულობას და ამომრჩეველთა სიების ფორმირებას ბიომეტრიული პარამეტრების გამოყენებით.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
78