აფხაზეთში დაგეგმილი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები „ოკუპაციის პირობებში, საოკუპაციო რეჟიმების ზედამხედველობის პირობებში“ ტარდება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 18 ივლისს.
როდესაც მას ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე ჰკითხეს, თუ რას შეცვლის 26 აგვისტოს დაგეგმილი არჩევნები და მისი შედეგები თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობებში, კალანდაძემ უპასუხა: "ჩვენ არა მხოლოდ მოლოდინი არ გვაქვს, რომ ამ ვითარებაში რაიმე პოზიტიური შედეგი შეიძლება არსებობდეს, არამედ ამ არჩევნებს საერთოდ არ განვიხილავთ ლეგიტიმურად“.
"ეს არჩევნები არის არალეგიტიმური, მისი ყველა შედეგი იქნება არალეგიტიმური“, – განაცხადა მან, "ეს არჩევნები მიმდინარეობს ოკუპაციის პირობებში, საოკუპაციო რეჟიმების ზედამხედველობის პირობებში და აფხაზეთის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. შესაბამისად, ყველა კომპონენტი, რომელიც არჩევნების ლეგიტიმურობასთან შეიძლება კავშირში იყოს, ირღვევა ამ შემთხვევაში“.
სეპარატისტული რეგიონის საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი; პრემიერ–მინისტრი სერგეი შამბა და ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.