Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ფოტოგრაფები დამნაშავედ ცნეს, საპროცესო შეთანხმებით გაანთავისუფლეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 ივლ.'11 / 18:03

თხუთმეტდღიანი პატიმრობის შემდეგ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სამი ფოტოგრაფი დამნაშავეებად ცნეს და მოსამართლის მიერ პროკურატურასა და მათ შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმებების დამტკიცების შემდეგ 22 ივლისს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე, რომელიც დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა, მთავარმა პროკურატურამ განაცხადა 22 ივლისს, რომ იგი ფოტოგრაფებთან საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმდა და სასამართლოს ბრალდებულებისთვის პირობითი სასჯელის მიკუთვნების შუამდგომლობით მიმართავს.

European Pressphoto Agency-ის (EPA) ფოტოკორესპონდენტს ზურაბ ქურციკიძეს ორწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით. დასავლურ მედია სააგენტოებზე მომუშავე ფოტოკორესპონდენტს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფს გიორგი აბდალაძეს სამწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა ოთხწლიანი გამოსაცდელი ვადით. პრეზიდენტის პირად ფოტოგრაფს ირაკლი გედენიძეს ასევე სამწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა ოთხწლიანი გამოსაცდელი ვადით; ხოლო მის მეუღლეს, ნათია გედენიძეს, რომელიც ასევე დააკავეს 7 ივლისს ჯაშუშობის ბრალდებით, თუმცა ორ დღეში გირაოთი გაათავისუფლეს, ექვსთვიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა, 1 წლის და 6 თვის გამოსაცდელი ვადით.

პირობითი სასჯელის ვადებში მათ ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვთ. მოსამართის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

საპროცესო შეთანხმების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა არ მიმდინარეობს; მოსამართლე უნდა დარწმუნდეს, რომ საპროცესო შეთანხმება ძალდატანებით არ მოხდა.  

სასამართლო სხდომის დროს, რომელსაც უამრავი ჟურნალისტი ესწრებოდა, პროკურორმა ნოდარ გრიგალაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა წაიკითხა. ბრალდების მხარემ ბრალდებულებისთვის პირობითი სასჯელის მოთხოვნის შუამდგომლობა იმით ახსნა, რომ მათ შსს–ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ღირებული ინფორმაცია მიაწოდეს, მათ შორის რუსულ დაზვერვაზე მომუშავე რამდენიმე აგენტის სახელიც.

ბრალდებულებმა უთხრეს მოსამართლეს, რომ მათ საპროცესო შეთანხმებაზე თანხმობა განაცხადეს და რომ ეს ძალდატანებით არ მომხდარა.

სასამართლოს გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე და პროკურატურის მიერ შუამდგომლობის გაკათების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებამდე, ცნობილი გახდა, რომ გიორგი აბდალაძემ თავისი ადვოკატებიდან ორს, კერძოდ ეკა ბესელიას და ლადო მაჭარაშვილს აცილება მისცა.

ბოლო დღეების მანძილზე ბესელიამ რამდენიმე საჯარო განცხადება გააკეთა,სადაც აცხადებდა, რომ აბდალაძე გამოძიების და პროკურატურის მხრიდან „ზეწოლის“ ქვეშ იმყოფებოდა, რომლებიც მისგან ბესელიას აცილებას მოითხოვდნენ. მან ასევე განაცხადა, რომ აბდალაძეს, რომელიც თავპირველად უდანაშაულოდ ცნობდა თავს, „ფსიქოლოგიური ზეწოლის“ ქვეშ მოუწია აღიარებითი ჩვენების მიცემა.

ეკა ბესელია უფლებადამცველი ორგანიზაციის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ხელმძღვანელია. მისი თქმით, იგი აბდალაძის ადვოკატებს იმიტომ შეუერთდა, რომ საქმის მასალები გაეცნო და გაეკონტროლებინა ის.

ასევე 22 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ზურაბ ქურციკიძის ერთ–ერთი ადვოკატი საქმეს ჩამოშორდა. ქურციკიძის ყოფილმა ადვოკატმა ნინო ანდრიაშვილმა, რომელიც ადამიანის უფლებათა ცენტრში მუშაობს, განაცხადა, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება საქმეს ჩამოშორდეს. მისი თქმით, ქურციკიძემ აღიარებითი ჩვენება გამოძიების მხრიდან ზეწოლის შედეგად მიიღო და რომ მისი ჩვენება მისი საკუთარი ნების გამოხატულება არ ყოფილა.

პროკურატურამ განაცხადა, რომ გარდა ბრალდებულთა მიერ გაკეთებული აღიარებითი ჩვენებებისა, გამოძიებამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე მტკიცებულება მოიპოვა ფოტოგრაფების წინააღმდეგ.

სასამართლო სხდომამდე, მთავარმა პროკურატურამ 22 ივლისს თავის ვებგვერდზე რამდენიმე კონფიდენციალური დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც მთელი ტექსტი გაშავებულია. პროკურატურის თქმით, ეს დოკუმენტები მან ბრალდებული ფოტოგრაფების სახლების ჩხრეკის შედეგად მოიპოვა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
52