სეპარატისტული აფხაზეთის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატებმა 27 ივლისს ხელი მოაწერეს „სუფთა და სამართლიანი არჩევნების“ შეთანხმებას, სადაც ისინი პირობას დებენ, რომ არ გამოიყენებენ „შავ ტექნოლოგიებს“ ერთმანეთის წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიის დროს.
შეთანხმებას, რომლის ინიციატორიც ყოფილი ვიცე–პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას მხარდამჭერი ოპოზიციური პარტია „აფხაზეთის ხალხთა ერთობის ფორუმია“, ხელი მოაწერეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ანქვაბმა, პრემიერ–მინისტრმა სერგეი შამბამ და რაულ ხაჯიმბამ.
შეთანხმების ტექსტის თანახმად, კანდიდატები პირობას დებენ, რომ „იმოქმედებენ მხოლოდ აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე; არ დაუშვებენ თავისი ქმედებებით არჩევნების ლეგიტიმურობის და რეალური შედეგების დარღვევას“; აწარმოებენ „ღია და სამართლიან“ კამპანიას და „ღია იქნებიან ამომრჩეველთა და ჟურნალისტების მიერ დასმული ნებისმიერი კითხვისთვის“.