Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მედვედევი საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 აგვ.'11 / 12:30

  •  'გულგრილი ვარ აშშ–ის სენატის რეზოლუციისადმი';
  • სააკაშვილი ტრიბუნალის წინაშე უნდა წარსდგეს, თუმცა ეს არარეალურია;
  • 'სააკაშვილი ჩემი მადლიერი უნდა იყოს, რომ ის კვლავ პრეზიდენტია'
  • 'სააკაშვილი ხელჩამოსართმევი კაცი არ არის'
  • სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებისთვის ამჟამად არანაირი წინაპირობა არ არსებობს;
  • ქართული არხის მოწვევა კრემლის შემოთავაზება იყო;


პრეზიდენტი მედვედევი პასუხობს (მარცხნიდან მარჯვნივ) "ეხო მოსკვი"–დან ალექსანდრე ვენედიქტოვის, PIK–იდან ეკატერინე კოტრიკაძის და Russia Today–დან სოფო შევარდნაძის შეკითხვებს 4 აგვისტოს, სოჭში ერთობლივი ინტერვიუს ფარგლებში. ფოტო: კრემლის ვებ–გვერდი

რუსულ და ქართულ მედია საშუალებებისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების თაობაზე საქართველოსთან შეთანხმება შესაძლოა პოტენციურ ათვლის წერტილად იქცეს ორ ქვეყანას შორის „ნორმალური“ სავაჭრო ურთიერთობების და შემდეგ ასევე დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად. 

ინტერვიუ აგვისტოს ომის მესამე წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე რადიოსადგურმა „ეხო მოსკვიმ“, რუსეთის ინგლისურენოვანმა სატელევიზიო არხმა „Russia Today“–მ და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანმა არხმა „პირველი საინფორმაციო კავკასიური“  (PIK) სოჭში 4 აგვისტოს ჩაწერეს.

‘ვმო არ ღირს ადგილზე რეალობის შესაცვლელად’

დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი არ დათანხმდება, თუ საქართველო ადგილზე არსებული "რეალობის“ შეცვლას მოსკოვის ვმო–ში გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ შეეცდება.

"მე მიმაჩნია, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება სიბრძნეს გამოიჩენს... და ასევე მიმაჩნია, რომ ეს ერთ–ერთი ის საკითხია, რომელიც ურთიერთშეხების წერტილი შეიძლება გახდეს ნორმალური სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების და შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობების აღსადგენად. ეს ნამდვილად არ იქნებოდა ცუდი. მაგრამ აქ ბურთი მათ მოედანზეა“, – განაცხადა მედვედევმა. 

თუმცა, მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ვმო არ უნდა გახდეს ვაჭრობის საგანი და რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ წავა ამაზე, თუ საქართველო შეეცდება ეს საკითხი ადგილზე „პოლიტიკური რეალობის“ შესაცვლელად გამოიყენოს. მედვედევის თქმით, „ვმო–ს წევრობაც კი“ არ ღირს ამად. რეგიონში არსებულ „ახალ რეალობაში“ რუსეთი „ორი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს“ – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შექმნას გულისხმობს.
 
მედვედევმა განაცხადა, რომ ვმო–ზე შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე საქართველო ცდილობს, რომ ევროკავშირის მიერ სასაზღვრო–გამშვებ პუნქტების კონტროლის და მონიტორინგის საკითხი წამოწიოს.

„ჩვენი პოზიცია მარტივია: თუ გინდათ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ტერიტორიებზე ტვირთების და მათ შორის სატრანზიტო ტვირთების გადაადგილების შესახებ იცოდეთ, ჩვენ მზად ვართ ამგვარი ინფორმაცია გავცეთ, ელექტრონული სახით, ყველაზე თანამედროვე სახით. სხვათაშორის, ამის შესახებ შვეიცარიის პრეზიდენტს მოველაპარაკე, ხოლო გუშინ, სხვათაშორის ამის შესახებ პრეზიდენტ ობამასაც ვესაუბრე. ამ თვალსაზრისით, მზად ვართ შვეიცარიის წინადადება მივიღოთ“, – განაცხადა მედვედევმა. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 8 ივლისს რადიოსადგურ „ეხო მოსკვი“–სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სურს, რომ „ვმო–ს ხარჯზე მოვაგვაროთ ყველა ჩვენი პრობლემა“.

მან ასევე განაცხადა, რომ თბილისის მოთხოვნაზე დათანხმება, რომ სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთთან არსებულ საზღვარზე ტვირთბრუნვის საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდეს,  "მინიმალური ფასი“ იქნება რუსეთისთვის ვმო–ში გაწევრიანების სანაცვლოდ. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა 12 ივლისს, რომ სეპარატისტულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან რუსეთის საზღვრის გასწვრივ ვაჭრობის გამჭირვალობა შეიძლება „იმგვარად იქნას უზრუნველყოფილი, რომ ის ყველასთვის იყოს მისაღები“.

'სააკაშვილი საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს, თუმცა ეს არარეალურია'

მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ტრიბუნალმა უნდა გაასამართლოს იმის გამო, რომ მან 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში ომი გააჩაღა; თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ამგვარი სცენარი არარეალურია.

"მე მიმაჩნია, რომ ეს იყო საერთაშორისო სამართლის ნორმების აღმაშფოთებელი დარღვევა. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ აქ ნაკლებად სავარაუდოა მხოლოდ რუსეთის პოზიციაზე დაყრდნობა, ვფიქრობ, ასეთი ტრიბუნალის შექმნა ამ მომენტისთვის არარეალურია; ამიტომ საბოლოო განაჩენს ისტორია გამოიტანს, ხოლო შუალედურ სასამართლოს კი საქართველოს ამომრჩევლები ჩაატარებენ; მათ უნდა ამოირჩიონ, როგორ და რა მიმართულებით განვითარდნენ“, – განაცხადა მედვედევმა.

მედვედევმა განაცხადა, რომ სააკაშვილის განცხადება, რომ რუსეთი საქართველოს 2008 წლის აგვისტომდე დიდი ხნით ადრე დაემუქრა ომით, როდესაც პუტინმა „კვიპროსის მოდელი“ ახსენა, აბსოლუტური „სისულელეა“. „სააკაშვილი ბევრ რამეს ამბობს. ხშირად ის თავის საუბარს ვერც აკონტროლებს“, – განაცხადა მედვედევმა.

მან ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის განცხადება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა 2008 წლის ივლისის დასაწყისში ასტანაში ყოფნის დროს მასთან საუბარს თავი აარიდა, „ზღაპარია“. „მისი თავიდან აცილება რთულია, იმიტომ რომ ის „გეწებება“, განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ ასტანაში სააკაშვილი რამდენჯერმე მივიდა მასთან და მათ ორმხრივი შეხვედრის შესაძლებლობა განიხილეს.

'სააკაშვილი ხელჩამოსართმევი კაცი არ არის'

როგორც წარსულში არაერთხელ უთქვამს, მედვედევმა ახლაც გაიმეორა, რომ ის არ აპირებს პრეზიდენტ სააკაშვილთან ურთიერთობა იქონიოს იმ „დანაშაულების“ გამო, რომელიც მან სამხრეთ ოსეთში რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ომის დროს ჩაიდინა.  მისი თქმით, ქართველი კოლეგა „ხელჩამოსართმელი“ კაცი არ არის. 

“ყველა სხვასთან  – კი ბატონო, ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობა ვიქონიოთ ნებისმიერ თემაზე, რა თქმა უნდა, იმ საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის ფარგლებში, რომელიც ჩამოყალიბდა რეგიონში“, – განაცხადა მან.

“ადრე თუ გვიან სააკაშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი... და ამ შემთხვევაში ახალ პრეზიდენტს, ვინც არ უნდა იყოს ის, გაუჩნდება შესაძლებლობა დაალაგოს ნორმალური, პროდუქტიული ურთიერთობები რუსეთთან“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

რომ არა 2008 წლის აგვისტოს "იდიოტური ავანტიურა“, მედვედევის თქმით, შესაძლებელი იყო მაშინ არსებული ძალიან რთული პოლიტიკური ვითარების წლების განმავლობაში გაწელვა და საბოლოოდ ყველასთვის – ქართველებისთვის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებისთვის მისაღებ გადაწყვეტამდე მისვლა.

“ზუსტად ამას ვერ ვაპატიებ მას [სააკაშვილს] ვერასოდეს,“– განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, სააკაშვილი არის პიროვნება, რომელიც არ იმსახურებს პატივისცემას“ და თუ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომ ის ლიდერად დარჩეს დიდი ხნით, ის პატივისცემით მოეკიდება ამ გადაწყვეტილებას, თუმცა ეს დადებითად ვერ იმოქმედებს ორმხრივ ურთიერთობებზე.

მან ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილი მისი „მადლიერი უნდა იყოს“ იმის გამო, რომ რაღაც მომენტში აგვისტოს ომის დროს თბილისისკენ მიმავალი ჯარები გააჩერა.

“თბილისში რომ შესულიყვნენ, ალბათ ამჟამად საქართველოში სხვა პრეზიდენტი იქნებოდა“, – განაცხადა მედვედევმა და იქვე აღნიშნა, რომ ჯარებს თბილისის აღება იმიტომ არ უბრძანა, რომ ოპერაციის მიზანი იყო „საქართველოს აგრესიის შეჩერება“. მისი თქმით, სააკაშვილის ჩამოგდება გეგმის ნაწილი არ ყოფილა, თუმცა "ამის გაკეთება ძალიან ადვილი იყო“.

მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა „100 პროცენტით შეასრულა“ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება; თუმცა, მან აღიარა ამ საკითხის ირგვლივ უთანხმოების არსებობა რუსეთსა და ევროკავშირს შორის, რასაც „ვერაფერს ვერ მოუხერხებ“.

მედვედევმა თავი შეიკავა პირდაპირ დაედანაშაულებინა აშშ–ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და მისი ადმინისტრაცია სააკაშვილის ომისკენ წახალისებაში; მისი თქმით, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ გააჩნია. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილმა მასთან კონტაქტები მას შემდეგ გაწყვიტა, რაც აშშ–ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ეწვია თბილისს 2008 წლის ივლისში.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მეტი კონფლიქტი აღარ იქნება, "ხელისუფლებაში ბატონი სააკაშვილის ყოფნის პერიოდშიც კი, რადგან მან კარგი გაკვეთილი მიიღო".

'გულგრილი ვარ აშშ–ის სენატის რეზოლუციისადმი'

პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ იგი "აბსოლუტურად გულგრილია“ აშშ–ის სენატის მიერ 29 ივლისს მიღებული იმ რეზოლუციის ფორმულირებების მიმართ, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სეპარატისტულ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ“ რეგიონებად აღიარებს.

„ვფიქრობ, რომ სენატის ეს ფორმულირებები არაფერს არ ეფუძნება; მასში ასახულია სენატის ცალკეული ხანშიშესული წევრების გემოვნებები, რომლებიც სუბიექტური მიზეზების გამო ამა თუ იმ ხალხის მიმართ გამოხატავენ სიმპათიას. ეს მათი საქმეა, ეს უცხოური პარლამენტია, მე მათთან არანაირი საქმე არ მაქვს. მოდით ასე ვთქვათ, მე მათი ფორმულირებების მიმართ გულგრილი ვარ“, – განაცხადა მედვედევმა.

'სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებისთვის ამჟამად არანაირი წინაპირობა არ არსებობს'

მედვედევმა განაცხადა, რომ ამჟამად სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებისთვის "არანაირი წინაპირობა“ არ არსებობს.  

"შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება მომავალში, მაგრამ თუ არსებულ სიტუაციაზე ვსაუბრობთ, ამისათვის არც სამართლებრივი, არც ფაქტობრივი წინაპირობები არ არსებობს“, – განაცხადა მედვედევმა.

სპეკულაციები სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანების შესაძლებლობის შესახებ მას შემდეგ გაძლიერდა, რაც პრემიერ–მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა 1 აგვისტოს, რომ თავად სამხრეთ ოსეთის ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.

ქართული არხის მოწვევა კრემლის შემოთავაზება იყო

მედვედევის პრესსპიკერმა ნატალია ტიმაკოვამ განუცხადა რუსულ ვებგვერდს Gazeta.ru–ს, რომ ინტერვიუ რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ თხოვნით შედგა. „ეხო მოსკვი“ საქართველოს შესახებ ხშირად ავრცელებს სიუჟეტებს. ცოტა ხნის წინ მას პრეზიდენტ სააკაშვილთანაც ჰქონდა ინტერვიუ, რომლის დროსაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მას „ბევრი რამ აქვს საერთო“ მედევედევთან, თუმცა ერთ–ერთი მთავარი განსხვავება ისაა, რომ მედვედევი „არ არის გადაწყვეტილების მიმღები“.

ტიმაკოვამ განაცხადა, რომ „დიდი პატივია“ სააკაშვილისთვის, რომ მედვედევის ინტერვიუს საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუს პასუხი დაერქვას.

მან ასევე განაცხადა, რომ „ეხო მოსკვიმ“ მედვედევთან ინტერვიუ ითხოვა, რათა საქართველოს მიმართ მოსკოვის პოზიციაზე ესაუბრა. ტიმაკოვამ ასევე განაცხადა, რომ კრემლის იდეა იყო, რომ ქართული მედია საშუალებაც მოეწვიათ და „ეხო მოსკვიმ“ ტელეარხი PIK ურჩია მათ. „ეს რუსულენოვანი არხია და მას კავკასიაში უყურებენ“, – განაცხადა მან. 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14