Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მარათონი აფხაზეთის ლიდერობისთვის
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 აგვ.'11 / 13:57


მარცხნიდან მარჯვნივ: ალექსანდრე ანქვაბი, რაულ ხაჯიმბა და სერგეი შამბა 12 აგვისტოს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ესაუბრებიან. სამი კანდიდატი 18 აგვისტოს კვლავ შეიკრიბა, როდესაც ისინი მოქმედმა და ყოფილმა აფხაზმა დეპუტატებმა დახურულ შეხვედრაზე მიიწვიეს.

პარასკევს, სერგეი ბაღაფშის გარდაცვალებიდან სამი თვის თავზე, აფხაზი ამომრჩევლები ვადამდელ არჩევნებზე სეპარატისტული რეგიონის მესამე ლიდერს აირჩევენ.

ხუთი წლით სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტის თანამდებობის მოსაპოვებლად ვიცე–პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, პრემიერ–მინისტრი სერგეი შამბა და ყოფილი ვიცე–პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იყრიან კენჭს. ამ უკანასკნელის მხარდამჭერია ოპოზიციური პარტია „აფხაზეთის ხალხთა ერთობის ფორუმი“. 

საარჩევნო მარათონს სამი კანდიდატის მონაწილეობით აშკარა ლიდერი არ ჰყავს, თუმცა აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, ზოგიერთი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ანქვაბს, რომელიც თავს გარდაცვლილი ლიდერის სერგეი ბაღაფშის კურსის გამგრძელებლად მიიჩნევს, წარმატების უკეთესი შანსები აქვს.

საარჩევნო სეზონი აფხაზეთში კიდევ ორი კვირით გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმების ნახევარზე მეტს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამგვარი სცენარის შემთხვევაში, სავარაუდოდ, ანქვაბს და შამბას მოუწევთ მეორე ტურში ერთმანეთთან დაპირისპირება.

საარჩევნო კამპანიამ ყველაზე მეტი სიმწვავე 15 აგვისტოს შეიძინა, როდესაც შამბას მხარდამჭერებმა სოხუმში ღია ცის ქვეშ თენგიზ კიტოვანთან ინტერვიუს ჩვენება მოაწყვეს, სადაც კიტოვანი ამბობს, რომ ომის დროს ანქვაბი თბილისთან თანამშრომლობდა და ქართულ დაზვერვას ინფორმაციას აწვდიდა. 

ვიდეოს ჩვენების შემდეგ ანქვაბმა შამბა შავი პიარის გამოყენებაში დაადანაშაულა, მიუხედავად იმისა, რომ ორი კვირით ადრე სამივე კანდიდატმა „სუფთა და სამართლიანი არჩევნების“ შესახებ  შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც მათ პირობა დადეს, რომ არ გამოიყენებდნენ „შავ ტექნოლოგიებს“ ერთმანეთის წინააღმდეგ საარჩევნო კამპანიის დროს.

თავად შამბა შეეცადა თავი შორს დაეჭირა ვიდეოინტერვიუს ჩვენებიდან და განაცხადა, რომ მას არაფერი ჰქონდა საერთო ამ ღონისძიების ორგანიზებასთან, მაგრამ მისმა საარჩევნო შტაბმა  გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც პროკურატურას ანქვაბის ომისდროინდელი საქმიანობის გამოძიებისკენ მოუწოდა. იმ პერიოდში ანქვაბი სეპარატისტული რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. მანამდე კი 80–იანი წლების ბოლოს საბჭოთა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. თუმცა,  ამ მოწოდების შემდეგ შამბას საარჩევნო შტაბს ეს მოთხოვნა აღარ გაუმეორებია.  ანქვაბმა განაცხადა, რომ იგი დიდ ყურადღებას არ აქცევს მის წინააღმდეგ ამგვარ ბრალდებებს, რადგანაც ვიდეოჩვენებას, მისი თქმით, „ბუმერანგის ეფექტი“ ჰქონდა მისი ორგანიზატორებისთვის.

საარჩევნო კამპანიის დროს შამბა პოპულიზმში დაადანაშაულეს, რადგანაც იგი ამომრჩევლებს პენსიების თითქმის ათჯერ გაზრდას დაპირდა.

რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანი სამსახურისთვის „ეხო კავკაზა“–სთვის 24 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში შამბამ განაცხადა, რომ ყველა მისი დაპირების განხორციელება შესაძლებელია ჩრდილოვანი ეკონომიკის აღმოფხვრის გზით. მისი თქმით, ანქვაბის დაპირება იყო პოპულისტური, რომელიც სოფლის მეურნეობის მხარდასაჭერად მილიონებს დაპირდა. მან ასევე განაცხადა, რომ რეგიონის ეკონომიკური განვითარების ცენტრში ტურიზმი უნდა მოექცეს და არა სოფლის მეურნეობის განვითარება. შამბა ასევე აცხადებს, რომ არჩევის შემთხვევაში, იგი მხოლოდ ერთი ვადით იმსახურებს ამ პოსტზე და მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის აღარ იბრძოლებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი სატელევიზიო დებატები კანდიდატებს შორის საარჩევნო კამპანიის კულმინაცია უნდა გამხდარიყო, თუმცა 20 აგვისტოს დაგეგმილი დებატები დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიდო, რადგანაც სერგეი შამბა ავტოავარიის შედეგად მსუბუქად დაშავდა.

ბოლო დროს ორ კანდიდატს – ანქვაბსა და შამბას შორის მომხდარი დაპირისპირების გამო რაულ ხაჯიმბა გარკვეულწილად ჩრდილში მოექცა.

2005–2009 წლებში ხაჯიმბა სეპარატისტული რეგიონის ვიცე–პრეზიდენტი იყო. მან ეს პოსტი 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან ძალაუფლების გაყოფის შესახებ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დაიკავა.

მართალია იმ არჩევნებში ხაჯიმბას კანდიდატურას მოსკოვი ღიად უჭერდა მხარს, მაგრამ ბოლო წლებში იგი ხშირად ცდილობდა აფხაზეთის მოსკოვზე ზედმეტად დამოკიდებულება გაეკრიტიკებინა. იგი ხელისუფლებას რუსეთის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების არაეფექტური გამოყენების გამო აკრიტიკებდა.

აგვისტოს დასაწყისში შამბამ და ხაჯიმბამ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს და პარლამენტს ერთობლივი მიმართვა გაუგზავნეს, რათა კანონში ცვლილება შეეტანათ და არჩევნების დღეს ამომრჩეველთა რეგისტრაციაზე შეზღუდვა დაეწესებინათ. მართალია ანქვაბმა აღიარა „ნაკლოვანებები“, მაგრამ მან უარი თქვა შეერთებოდა ამ მიმართვას და განაცხადა, რომ არასწორი იყო საარჩევნო კოდექსის კარსმომდგარი არჩევნების წინ შეცვლა.

ამჟამად სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტის მოვალეობებს პარლამენტის სპიკერი ნუგზარ აშუბა ასრულებს, ვინაიდან ვიცე–პრეზიდენტ ანქვაბს საარჩევნო კამპანიის დროს შვებულების აღება მოუხდა.

თბილისი მომავალ არჩევნებს „არალეგიტიმურად“ მიიჩნევს იმის გამო, რომ ის „ოკუპაციის პირობებში“ ტარდება.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12