Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ალასანიას პარტიამ აშშ–სა და ევროპაში ლობისტური ფირმა დაიქირავა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 სექ.'11 / 15:31

ირაკლი ალასანიას პარტიამ ”ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატები” ვაშინგტონში განთავსებული ლობისტური ფირმა BGR Government Affairs LLC-ი დაიქირავა, რომელიც  BGR Group–ის შვილობილი ფირმაა.

BGR Government Affairs-სთან ალასანიას პარტიას პირდაპირ არ დაუდია კონტრაქტი; შეთანხმება BGR Gabara–ს მეშვეობით გაფორმდა. ეს უკანასკნელი ასევე BGR Group–ში შემავალი ფირმაა, რომელიც ჯგუფის ევროპულ ფილიალს წარმოადგენს; მისი ოფისი ლონდონშია განთავსებული და მის მომსახურეობაში შედის მთავრობებთან ურთიერთობების დამყარება, ძირითადად ლონდონსა და ბრიუსელში, ასევე მედიასთან ურთიერთობი მთელი ევროპის მასშტაბით.

გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება და ხანგრძლივობა ჯერ ცნობილი არ არის.

„განაცხადის შემოტანის მომენტში [2011 წლის 22 ივლისს] ხელშეკრულების ხანგრძლივობასთან, საფასურთან და ხარჯებთან დაკავშირებით მხარეებს შეთანხმება არ ჰქონდათ მიღწეული. ამ განაცხადის შემოტანის დროისთვის უცხოურ განმცხადებელს [ანუ BGR Gabara-ს] არ ჰქონდა მიღებული ანაზღაურება და არ ქონია ხარჯი“, – ნათქვამია განაცხადში, რომელიც BGR Government Affairs-მა აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტში შეიტანა ივლისში.

ამერიკული კანონმდებლობა ავალდებულებს აშშ-ში მოღვაწე ლობისტურ ფირმებს განაცხადონ იმ ხელშეკრულებების შესახებ, რომელსაც ისინი უცხოელ კლიენტებთან აფორმებენ.

“თავისუფალი დემოკრატების“ განცხადებით, მოლაპარაკებები თანხებსა და მომსახურების ვადაზე კვლავაც მიმდინარეობს.

“კონსულტაციები  როცა დასრულდება, ინფორმაციაც გამოქვეყნდება “ – განუცხადა Civil.ge-ს პარტიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ვაკო ავალიანმა 2 სექტემბერს.

BGR Government Affairs-ი აღნიშნავს თავის განაცხადში, რომ ის აპირებს შემდეგი სახის მომსახურეობის გაწევას თავისი კლიენტისთვის: კონტაქტების დამყარებას „აშშ–ის მთავრობის წარმომადგენლებთან, მედია საშუალებებთან და სხვა პირებთან შეერთებული შტატების ფარგლებში... 2012 წლის სამართლიანი, ღია და პატიოსანი არჩევნების მეშვეობით უფრო ძლიერი ქართული დემოკრატიის ხელშეწყობის მიზნით“. 

BGR Group 90–იანი წლების დასაწყისში დააფუძნეს ჰეილი ბარბორმა, რომელიც ახლა მისისიპის გუბერნატორია, ხოლო წარსულში გავლენიანი ვაშინგტონელი ლობისტი იყო და ასევე ედ როჯერსმა, რომელიც ჯორჯ ბუში უფროსის მრჩეველი იყო.

მთავრობის ლობისტები

ასევე ივლისში საქართველოს ეროვნულმა უშიშროების საბჭომ 6 თვით გაახანგრძლივა კონტრაქტი ვაშინგტონში ერთ–ერთ წამყვან ლობისტურ ფირმასთან  Podesta Group–თან. კონტრაქტის ღირებულება 300 000 აშშ დოლარს შეადგენს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნოემბერში კონტრაქტის კიდევ ექვსი თვით გახანგრძლივების შესაძლებლობას განიხილავენ.

Podesta Group-ი, რომელიც 1988 წელს ტონი პოდესტამ, ვაშინგტონში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა დემოკრატმა ლობისტმა მის ძმასთან ერთად დააფუძნა, საქართველოს ხელისუფლებამ პირველად 2010 წლის იანვარში დაიქირავა.

საქართველოს მთავრობა ასევე ინარჩუნებს მისი დიდი ხნის კონტრაქტორის, ლობისტური და PR-საკონსულტაციო ფირმის Orion Strategies–ის მომსახურებას, რომლის მეპატრონეა რენდი შუნემენი, 2008 წლის საარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, სენატორ ჯონ მაკკეინის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ 210 00 აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი Orion Strategies–სთან ასევე ექვსი თვით გაახანგრძლივა. შეთანხმების თანახმად, Orion Strategies უზრუნველყოფს „რჩევას და საკონსულტაციო მომსახურებას, რაც უკავშირდება საქართველოს სრულ ინტეგრაციას დასავლურ ინსტიტუტებში, მათ შორის ჩრდილო ატლანტიკური ორგანიზაციის (ნატო) წევრობის კანდიდატობას“. კონტრაქტის მიხედვით, ფირმა სთავაზობს სტრატეგიულ კომუნიკაციებს, სამთავრობო კავშირებს და საზოგადოებასთან ურთიერთობის აქტივობებს აშშ–სა და ევროპაში.

საქართველოს ეროვნულმა უშიშროების საბჭომ ასევე გააგრძელა კონტრაქტი გრეგორი მანიატისთან, კონსულტანტთან Ithaca Group-დან. საქართველოს ხელისუფლება Ithaca Group-ს 330 000 აშშ დოლარს უხდის „შეერთებულ შტატებში სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მთავრობასთან ურთიერთობის სამუშაოებისთვის 2011 წლის 3 იანვრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13