Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბიძინა ივანიშვილი პირველი სატელევიზიო ინტერვიუსთვის ემზადება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 ოქტ.'11 / 13:27


ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელი სახლი მთაწმინდაზე, რომლის სახურავზეც განთავსებულია ვერტოდრომი და რომელიც თბილისსა და ბოტანიკურ ბაღს გადაჰყურებს. ფოტო: Civil.ge

მილიარდერი ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც პოლიტიკაში წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, პირველი სატელევიზიო ინტერვიუს მიცემას გეგმავს.

მისმა პრესმდივანმა ირაკლი ტრიპოლსკიმ განაცხადა შაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომ ივანიშვილი „14 ოქტომბრიდან მზად არის, საზოგადოებრივ არხზე ნებისმიერ ფორმატში გასცეს პასუხი ჟურნალისტთა შეკითხვებს“.  საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე დათანხმდა და მზადყოფნა გამოთქვა ბიზნესმენს უმასპინძლოს.

იმავდროულად, 12 ოქტომბერს ივანიშვილი ახალი წერილობითი განცხადების გამოქვეყნებას გეგმავს, სადაც „ნათლად იქნება განმარტებული მისი დამოკიდებულება პოლიტიკური სუბიექტების, მედიასაშუალებებისა და სხვა პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ“, განაცხადა ტრიპოლსკიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილის მიერ 7 ოქტომბერს გავრცელებულ წერილობით განცხადებას, სადაც იგი თავის პოლიტიკურ მიზნებზე საუბრობს, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება და არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა.

ყველაზე სადავო მისი 7 ოქტომბრის განცხადებაში ის ნაწილი იყო, რომელშიც ის ტელეკომპანიებს „მაესტროს“ და „კავკასიას“ უტევს, რომლებიც სამი ნაციონალური ტელეარხისგან განსხვავებით, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილნი. თავის განცხადებაში ივანიშვილი აცხადებს, რომ ეს ორი ტელეარხი მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილს ეხმარება ქვეყანაში დემოკრატიის ფასადის შექმნაში.

ზოგიერთმა მედია მიმომხილველმა, რომელთაც მედიასთან დაკავშირებით ივანიშვილის განცხადებები გააკრიტიკეს, მისი დამოკიდებულება გაიხსენეს იმ ტელეკომპანიის მიმართ, რომელსაც ის ფლობდა. ივანიშვილმა „მე–9 არხი“ 2004 წელს დახურა ისე, რომ თავისი გადაწყვეტილების მიზეზები არც დაუკონკრეტებია. იმ დროს ტელეკომპანიის დახურვას სპეკულაციები მოყვა იმის თაობაზე, რომ ეს ნაბიჯი ქვეყნის სამაუწყებლო მედიის ხელში ჩაგდების მიზნით ხელისუფლების ძალისხმევის ნაწილი იყო და ამან აიძულა ივანიშვილი ტელეკომპანია დაეხურა. 

'მე მატერიალისტი ვარ; ვერ ვიტან ფორმალობებს'

ივანიშვილის ერთადერთი ინტერვიუ პრესისთვის 2005 წლით თარიღდება, რომელიც მან რუსულ გაზეთ „ვედომოსტის“ მისცა.

ივანიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი ერიდება წვეულებებს და საზოგადოებრივ ღონისძიებებს.

„არ მიყვარს ჟურნალისტებთან შეხვედრა, საზოგადოებრივ ღონისძიებებში და სხვადასხვა წვეულებებში მონაწილეობა; ადამიანს ნიღბის გაკეთება უწევს [ასეთ ღონისძიებებზე], მაგრამ მე ვერ ვიტან ფორმალობებს. მე მატერიალისტი ვარ. არ მჯერა ცხოვრების სიკვდილის შემდეგ და თავად სიცოცხლე ხანმოკლეა და არ მინდა ისეთი რამ გავაკეთო, რაც შეზღუდავს ჩემს თავისუფლებას. ზოგადად, არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, არ მიყვარს დღესასწაულები; ჩემს დაბადების დღესაც კი არ აღვნიშნავ“, – განუცხადა მან „ვედომოსტის“ 2005 წლის აპრილის ინტერვიუში.

7 ოქტომბრის განცხადებაში ივანიშვილი აცხადებს, რომ მისთვის ადვილი გადასაწყვეტი არ ყოფილა პოლიტიკაში წასვლა, რადგანაც ყოველთვის სურდა პოლიტიკური ცხოვრების მიღმა დარჩენილიყო. მისი თქმით, 2008 წლის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მან ოპოზიციურ პარტიებზე სერიოზული დაკვირვება დაიწყო, რათა მიეღო გადაწყვეტილება, თუ რომელი მათგანისთვის გაეწია დახმარება. საბოლოოდ, იგი დარწმუნდა, რომ „პირადი მონაწილეობის გარეშე, ძალიან გაჭირდებოდა საჭირო შედეგის მიღება“; ამიტომაც მან გადაწყვიტა პირადად ჩართულიყო პოლიტიკაში, რათა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების გზით შეცვალოს სააკაშვილის მმართველობა.

თავის საკმაოდ გრძელ საგაზეთო ინტერვიუში, რომელიც ივანიშვილმა დაახლოებით ექვსი წლის წინ მისცა, იგი იხსენებს, როგორ შექმნა თავისი ფინანსური იმპერია რუსეთში და როგორ გახდა მილიარდერი, რასაც ვერასდროს იფიქრებდა.

ივანიშვილი 1956 წელს საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში დაიბადა; მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო–ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა, პარალელურად მუშაობდა დამლაგებლად ჩარხმშენებელ ქარხანაში.   

იგი 1982 წელს მოსკოვში გაემგზავრა, სადაც შრომის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩააბარა, შემდეგ კი თბილისში დაბრუნდა და იმავე ინსტიტუტის ფილიალში უფროს მეცნიერ–მუშაკად დაიწყო მუშაობა – სამსახურში, რომელსაც, როგორც ივანიშვილმა „ვედომოსტი“–სთან ინტერვიუში აღნიშნა, მომავალი არ ჰქონდა. იგი ასევე იხსენებს, რომ მიხვდა, რომ მომავალი კომპიუტერებში იყო და მათი შემოტანა დაიწყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც პირველი, ერთი მილიონი მანეთის ოდენობის გარიგება დადო, მისი ფირმის ანგარიშები პროკურატურამ დაბლოკა, რამაც უბიძგა ივანიშვილის მოსკოვში წასულიყო, სადაც მან განაგრძო კომპიუტერების და საოჯახო ტექნიკის იმპორტი ასპირანტურაში შეძენილ მეგობართან, ვიტალი მალკინთან ერთად. მალკინი შემდგომში დიდი ხნით მისი ბიზნეს პარტნიორი გახდა. მისი თქმით, 1990 წლისთვის მათ 100 000 აშშ დოლარი იშოვეს, რაც იმ დროს საკმარისზე მეტი იყო, რათა ბანკი „როსიისკი კრედიტი“ დაეფუძნებინათ.

ივანიშვილის თქმით, მალკინი კომპანიის საზოგადოებრივი სახე იყო, ხოლო იგი მთავარი სტრატეგი, რომელიც კულისებს მიღმა რჩებოდა, თუმცა ყველა ძირითად გადაწყვეტილებას კურირებდა და საქმიანობის ყველა დეტალს აკონტროლებდა მიკრო მენეჯმენტის დონეზე. ივანიშვილის თქმით, მან თავის მენეჯერულ მოვალეობებში პასუხისმგებლობები სხვებს მხოლოდ ბანკის დაარსებიდან ოთხი წლის თავზე გაუყო, რადგანაც მისმა იმპერიამ ზრდა დაიწყო.     

იგი დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა ბიზნეს პარტნიორების შერჩევის თემას და ამბობდა, რომ „ვცდილობ მოვერიდო პარტნიორობას“.

ივანიშვილი იმ ბიზნესმენებს შორისაა, რომელთაც თავისი ქონება რუსეთის სახელმწიფო აქტივების პრივატიზაციის წყალობით დააგროვეს. ივანიშვილმა განაცხადა, რომ იმ დროს მის ბანკს საკმარისი ფული ჰქონდა, რომ ამ პროცესის ნაწილი გამხდარიყო. თუმცა, მისი თქმით, იგი ყოველთვის ერიდებოდა იმ ქონების შესყიდვას, რომლისთვისაც კონკურენცია საფრთხის შემცველი იყო. ნაცვლად იმისა, რომ ენერგო და მეტალურგიული წარმოებებით დაინტერესებულიყო, იგი რკინის მადნის საბადოებს ყიდულობდა. 

ლებედის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსება

2005 წლის ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ მან პირველად და ერთადერთხელ (ინტერვიუს ჩაწერის დროს)  პოლიტიკაში მონაწილეობა 1996 წელს მიიღო, როდესაც რუსეთის საპრეზიდენტო კანდიდატის, ალექსანდრე ლებედის კამპანიას დაუჭირა მხარი და დააფინანსა. ლებედი 2002 წელს ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაიღუპა. ივანიშვილმა განაცხადა, რომ მართალია თავდაპირველად ბევრი სკეპტიკურად შეხვდა მის არჩევანს, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ კანდიდატმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რათა ბორის ელცინს ხელახლა არჩევაში დახმარებოდა. ლებედმა, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა, მეორე ტურში ელცინს დაუჭირა მხარი და სანაცვლოდ, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა მიიღო.     

რუსეთში აქტივების გაყიდვა

7 ოქტომბრის წერილობით განცხადებაში ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი აქტივების მესამედი რუსეთში მდებარეობს, თუმცა საქართველოში მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებამდე იგი მათ გაყიდის, რათა თავიდან აიცილოს სპეკულაციები რუსეთთან მისი კავშირების შესახებ.

თავის რუსულ აქტივებს ივანიშვილი Unicor–ის საშუალებით მართავს – ამ კომპანიას ბიზნეს ინტერესები გააჩნია საბანკო, სამშენებლო და უძრავი ქონების, სამრეწველო და სოფლის მეურნეობის სფეროებში და 422 აფთიაქისგან შემდგარ ქსელს  – „დოქტორ სტოლეტოვ“–ს მართავს.

2005 წლის ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი მსხვილი ინვესტიციების ჩადებას გეგმავდა რუსეთის სოფლის მეურნეობაში. მისი თქმით, ეს გარკვეულ გამოწვევას შეიცავდა და „სპორტული ინტერესს წარმოადგენდა წარმატებული კომპანიის შექმნა რთულ სექტორში“.

თავის 7 ოქტომბრის განცხადებაში ივანიშვილმა პირობა დადო, რომ 1 მილიარდ აშშ დოლარს ჩადებს საქართველოს სოფლის მეურნეობაში.

საქართველოში ინვესტიციების განხორციელება ივანიშვილმა 90–იანი წლების შუიდან დაიწყო; მისი ბიზნესი მოიცავდა ბანკს, სოფლის მეურნეობის და კვების სექტორებს, თუმცა, დაახლოებით, ექვსი წლის წინ მან თავისი აქტივები საქართველოში გაყიდა და მხოლოდ „ქართუ ბანკი“ დაიტოვა.

მისი ვაჟიშვილი, ბერა პოპ–მომღერალია, რომელმაც საკუთარი ხმისჩამწერი ლეიბლი „ქართული ოცნება“ 2010 წელს დააარსა. თავის Facebook-ის გვერდზე პარასკევს გამოქვეყნებულ ქართულენოვან გზავნილში ბერა წერს: „დღეს დავასრულე სიმღერა სახელწოდებით „ქართული ოცნება“, რომელსაც ვუძღვნი მამაჩემის გადაწყვეტილებას!"

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36