მმართველი პარტიის დეპუტატებმა, რომლებიც აქამდე თავშეკავებულ კომენტარებს აკეთებდნენ მილიარდერი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაზე პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებით, 11 ოქტომბერს იგი რუსეთთან კავშირში დაადანაშაულეს.
მმართველმა პარტიამ ასევე განაცხადა 11 ოქტომბერს, რომ შესაძლებელია პოლიტიკური პარტიებისთვის სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა, რათა არ მოხდეს „რუსული ფულის“ შემოღწევა ქართულ პოლიტიკაში.
მმართველი პარტიის დეპუტატებმა მას შემდეგ გააკეთეს განცხადებები, რაც საჯარო რეესტრის სააგენტომ განაცხადა 11 ოქტომბერს, რომ ივანიშვილი, რომელიც მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს, საქართველოს მოქალაქე არ არის. კანონი პოლიტიკურ პარტიებს უკრძალავს დაფინანსების მიღებას უცხოელი მოქალაქეებისგან.
„არასდროს ქართულ პოლიტიკაში არ იქნება რუსული ფული, არასდროს ქართულ პოლიტიკაში პუტინის მიერ ნასესხები თანხით ან პუტინის მიერ ნაბოძები თანხით პოლიტიკა არ გაკეთდება. ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ და ყველა ღონე ვიხმაროთ იმისთვის, რომ დავიცვათ ქართული პოლიტიკა რუსული ფულისაგან. შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში უნდა შეიქმნას ფონდი, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება პოლიტიკური პარტიების ფინანსური მხარდაჭერისათვის. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძლიერი კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტები ფინანსდებიან და ეს დაფინანსება კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს“, – განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა.
„ქართულ პოლიტიკურ პარტიებს უნდა ქონდეთ საშუალება, რომ მიიღონ დაფინანსება ბიუჯეტიდან და არ იყვნენ დამოკიდებული, არ იყვნენ მიბმული რუსულ კაპიტალთან“, – დასძინა მან.
ამჟამად სახელმწიფო დაფინანსება ხელმისაწვდომია ე.წ. „კვალიფიციური პოლიტიკური პარტიებისთვის“ – მათთვის, ვინც ცალ–ცალკე ან საარჩევნო ბლოკში სხვებთან ერთად გადალახეს 4%–იანი ბარიერი საპარლამენტო არჩევნებზე და 3%–იანი ბარიერი ადგილობრივ არჩევნებზე. 17 პარტიის დასაფინანსებლად წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.9 მილიონი ლარია გათვალისწინებული. მმართველი პარტია ყველა დიდ თანხას იღებს – 1.95 მილიონ ლარს, რადგანაც მან ყველაზე მეტი ხმა მიიღო არჩევნებზე. შემდეგ მოდის ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა 767,300 ლარით.
„ყველაფერი ის, რაც ჩვენ ამ დღეებში ვნახეთ, არის პუტინის მცდელობა ბიძინა ივანიშვილის ხელით შეისყიდოს საქართველოს სახელმწიფო, საქართველოს საზოგადოება და მასმედია“, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ.
დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ რუსეთს და მის პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინს სურს „საქართველოს მომავალი იყიდოს რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ფულით“.
„ჩვენი პასუხი მათდამი არის ის, რომ საქართველოს თავისუფლება და საქართველოს დემოკრატია არ იყიდება და არ იყიდება არც ქართველი ხალხის არჩევანი“, – განაცხადა მან.