Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ–ის მომავალი ელჩი რუსეთში საქართველოზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 ოქტ.'11 / 12:41

  • ვმო–ზე რუსეთისთვის ‘საქართველოს გვერდის ავლის არანაირი შანსი არ არსებობს’;
  • საქართველოს უსაფრთხოების მხარდაჭერა ‘მთავარი პრიორიტეტია’;
  • აშშ–ს საქართველოს ‘მრავალმხრივი გზებით’ უჭერს მხარს;
  • რუსეთსა და საქართველოს შორის ‘დაძაბულობა კვლავ ძალიან მაღალია’;
  • ლიბერალური დემოკრატია ‘მნიშვნელოვანი ნაწილია იმისათვის, რომ საქართველო უფრო უსაფრთხო გახდეს’.

აშშ–ის მომავალი ელჩი რუსეთში, მაიკლ მაკფოლი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლის დროს, 12 ოქტომბერი.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მისი უსაფრთხოების გაძლიერება „ობამას ადმინისტრაციის მთავარ პრიორიტეტად რჩება“, განაცხადა მაიკლ მაკფოლმა, თეთრი სახლის მთავარმა მრჩეველმა რუსეთის საკითხებში, რომელიც მოსკოვში აშშ–ის ელჩად დასახელდა.

აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 12 ოქტომბერს მისი კანდიდატურის განხილვისას, მაკფოლმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის – ოკუპაცია „ძალიან სერიოზულ საკითხად“ მიაჩნია.

მისი განცხადებით, აშშ საქართველოს უსაფრთხოებას „მრავალმხრივი გზებით“ ეხმარება.

მისი თქმით, ერთ–ერთი მიმართულებაა დიპლომატიური ფრონტი, რომელიც მოიცავს სხვა ქვეყნების დარწმუნებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არ აღიარებაში. მაკფოლის განცხადებით, ეს ის საკითხია, რაშიც აშშ და რუსეთი „რადიკალურალურად არ ეთანხმებიან“ ერთმანეთს.

მაკფოლმა ასევე განაცხადა, რომ დიპლომატიური ძალისხმევის ნაწილია ასევე სხვადასხვა მრავალმხრივ შეხვედრებზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის „ძალიან მტკიცე“ მხარდაჭერა.  

„მესამე – ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. მეოთხე – ჩვენ კვლავ ვახდენთ ზეწოლას რუსეთზე, რომ შეასრულოს... 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც, მიგვაჩნია, რომ ისინი პატივს არ სცემენ. მეხუთე – ჩვენ კვლავაც მოვითხოვთ საერთაშორისო დამკვირვებლების და მეტი ჰუმანიტარული დახმარების შესვლას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. და მეექვსე – ჩვენ პირდაპირ მოსკოვთან ვმუშაობთ, რათა ვეცადოთ და შევამციროთ ის ზეწოლა, და ზოგჯერ იძულების გზით განხორციელებული ზეწოლა, რომელსაც ისინი საქართველოზე ახდენენ“, – განაცხადა მაკფოლმა.

„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ განვავითაროთ ისეთი არსებითი ურთიერთობა რუსეთთან, სადაც მსოფლიოს იმ ნაწილში ძალისმიერი მოქმედების ფასი უფრო მაღალი იქნება რუსეთისთვის, ვიდრე ის შესაძლოა სამი წლის წინ ყოფილიყო. პრეზიდენტმა ობამამ პირადად ჩართო პრეზიდენტი მედვედევი ამ საკითხებში და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა მან.

ამას გარდა, მაკფოლის თქმით, აშშ დახმარებას უწევს საქართველოს შიდა რეფორმებსა და ეკონომიკურ განვითარებაში.

დემოკრატიით მისაღწევი უსაფრთხოება საქართველოში

მაკფოლმა ამ თემაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც მას ამის თაობაზე სხდომის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი შეეკითხა. იგი საერთაშორისო პოლიტიკის კვლევით ცენტრში, ”ატლანტიკურ საბჭოში”, საქართველოს საკითხზე მომუშავე სპეციალური ჯგუფის თანათავმჯდომარეა. ჯგუფმა სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც აშშ–ის და ევროკავშირს საქართველოს შესახებ რეკომენდაციებს უწევს.

მაკფოლმა განაცხადა, რომ იგი ეთანხმება ანგარიშის დასკვნას, რომლის თანახმადაც „საქართველოს ლიბერალური დემოკრატიის კონსოლიდაციის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია იმისა, რომ საქართველო უფრო უსაფრთხო გახდეს“.

„ჩვენი აზრით, იმისათვის, რომ საქართველო უფრო უსაფრთხო გახდეს, ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია საქართველოში ეკონომიკური ზრდის მხარდაჭერა“, – განაცხადა მაკფოლმა.

მისი თქმით, აშშ–ისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს, როგორც დემოკრატიულმა ქვეყანამ, განსაკუთრებით რეგიონში დემოკრატიული თვალსაზრისით განვითარებული ნეგატიური მოვლენების ფონზე – ამ კუთხით მან ხაზი გაუსვა უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრის იულია ტიმოშენკოს გასამართლების ფაქტს. მისი თქმით, საქართველოში – ამ პოსტ–საბჭოთა სახელმწიფოში – დემოკრატიის წარმატება ძლიერი სიგნალი იქნება რეგიონის მასშტაბით. 

სამხედრო დახმარება

სამხედრო თემასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ საქართველოსთან ფართო თანამშრომლობა ორი მიმართულებით ხორციელდება.

“პირველი – ყოვლისმომცველ რეფორმებში, რომელსაც საქართველო ატარებს თავდაცვის სამინისტროს მოდერნიზაციისთვის. მეორე – იმ ქართველი სამხედროების წვრთნა და აღჭურვა, რომლებიც ჩვენთან ერთად მსახურობენ ავღანეთში“, – განაცხადა მაკფოლმა და დასძინა, რომ საქართველოს წვლილი ავღანეთის მისიაში ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის.

ვმო

მოსმენის დროს მაკფოლმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ობამას ადმინისტრაციის პოზიცია, რომ ის „აქტიურად უჭერს მხარს რუსეთის გაწევრიანებას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო), რადგანაც მიგვაჩნია, რომ ეს კარგი გარიგებაა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“.

მისი თქმით, ერთ–ერთი დაბრკოლება, რომელიც კვლავ არსებობს რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების გზაზე, არის დავა რუსეთსა და საქართველოს შორის – საკითხი, რომელიც „მოსაგვარებელი რჩება“.

„ვმო–ს მუშაობა კონსენსუსს ეფუძნება და რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის გარეშე, ეს საკითხი ვერ გადაწყდება“, – განაცხადა მაკფოლმა და დასძინა, რომ აშშ მხარს უჭერს „ძალიან აქტიური შუამავლობის“ პროცესს მოსკოვსა და თბილისს შორის, რომელსაც შვეიცარია უძღვება.

„მიგვაჩნია, რომ შვეიცარიამ ძალიან შემოქმედებითი იდეები წამოაყენა და მოვუწოდებთ ორივე მხარეს ძალიან სერიოზულად მიუდგნენ ამ მოლაპარაკებებს“, – განაცხადა მან.

კითხვაზე, თუ რა როლი უნდა ითამაშოს აშშ–მა ამ პროცესში, მაკფოლმა უპასუხა, რომ მართალია დროდადრო რუსეთის სხვადასხვა ოფიციალურ პირებს მიაჩნდათ, რომ ვაშინგტონის საქმე იყო გადაერწმუნებინა საქართველო, ან რომ ვმო–ში გაწევრიანება ხმის მიცემით იყო შესაძლებელი, კონსენსუსის მექანიზმის გვერდის ავლით, მაგრამ აშშ–მა „ნათლად განუმარტა“ მოსკოვს, რომ „ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამ შეხედულებას“.

მოსმენის წინ კომიტეტისთვის წარდგენილ წერილობით მოსაზრებებში, მაკფოლი აცხადებს ამ საკითხთან დაკავშირებით: „ჩვენ რუსეთს ნათლად განვუმარტეთ, რომ საქართველოს გვერდის ავლის არანაირი შანსი არ არსებობს: ორმა ქვეყანამ თავად უნდა მოაგვაროს თავისი უთანხმოებები შუამავლობის პროცესის საშუალებით. მიგვაჩნია, რომ შვეიცარიამ სამართლიანი, აზრიანი და დაბალანსებული წინადადება მოამზადა, რომელიც იმუშავებს, მაგრამ მხარეები იმ დასკვნამდე უნდა მივიდნენ, რომ მათ ინტერესში შედის შეთანხმების მიღწევა“.

რუსეთსა და საქართველოს შორის ‘დაძაბულობა კვლავ ძალიან მაღალია’

საკომიტეტო მოსმენის დროს გახსნით სიტყვაში, მაკფოლმა განაცხადა, რომ ობამას ადმინისტრაციის გადატვირთვის პოლიტიკამ რუსეთთან პროგრესი განიცადა, მათ შორის ევროპაში უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებით. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ პრობლემები კვლავ რჩება.

“ბოლო სამ წელიწადში არ ყოფილა გაზის ომები, კიბერ ომები ან საომარი მოქმედებები ევროპაში. და კვლავაც რუსეთის ჯარისკაცები ისევ ახდენენ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას; დაძაბულობა რუსეთსა და საქართველოს შორის საკმაოდ მაღალი რჩება და ამიტომაც ეს საკითხი კვლავ ჩვენ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს“, – განაცხადა მან. 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის წარდგენილ თავის წერილობით მოსაზრებებში, მაკფოლი ამბობს: „მაშინ როცა რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის ალბათობა შემცირდა, ამის შესაძლებლობა კვლავ რჩება. არსებობს მკაფიო საკითხები, რაზეც შეერთებული შტატები და რუსეთი არ აპირებენ შეთანხმებას – და საქართველო არის ერთ–ერთი მათგანი“.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12