საქართველოს და რუსეთის წარმომადგენლები რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებაზე შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს 20 ოქტომბერს ჟენევაში გამართავენ, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ.
მოლაპარაკებების წინა რაუნდები პროგრესის გარეშე დასრულდა, რადგანაც რუსეთი უარს აცხადებს იმ მექანიზმების მიღებაზე, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთებზე ვაჭრობის „სრულ გამჭირვალობას“ უზრუნველყოფს, განუცხადა Civil.ge-ს კაპანაძემ.
მისი თქმით, რუსეთი მხოლოდ იმ ტვირთების მონიტორინგს თანხმდება, რომლებიც, შესაძლოა, რუსეთიდან სეპარატისტული რეგიონების გავლით შევიდეს საქართველოში და არა იმ ტვირთების, რომელთა დანიშნულების საბოლოო ადგილი სეპარატისტული რეგიონების შიგნით მდებარეობს.
„ინტერფაქსი“ იტყობინებოდა 14 ოქტომბერს, ვმო–ზე რუსეთის მთავარი მომლაპარაკებლის მაქსიმ მედვედკოვის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ვმო–ს სამუშაო ჯგუფის არაფორმალური შეხვედრა 26–27 ოქტომბერს იგეგმება, ხოლო სამუშაო ჯგუფის საბოლოო ფორმალური შეხვედრა 10 ნოემბერს გაიმართება.
ვმო–ს ახალ წევრთან დაკავშირებული მოლაპარაკებები სამუშაო ჯგუფის ფარგლებში იმართება. ეს ჯგუფი იმ ქვეყნებს აერთიანებს, რომელთაც კანდიდატ ქვეყანასთან მოუგვარებელი სავაჭრო საკითხები აქვთ. შვეიცარიის შუამავლობით რუსეთსა და საქართელოს შორის მოლაპარაკებები ცალკე იმართება.
კაპანაძემ განაცხადა, რომ საქართველოსთან შეთანხმების გარეშე, რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებაზე არსებული სამუშაო ჯგუფი ფორმალურ შეხვედრას ვერ გამართავს. ამგვარ ფორმალურ შეხვედრაზე უნდა მოხდეს გაწევრიანების დოკუმენტის პროექტი მიღება; ეს დოკუმენტი მოცულობითი ანგარიშია სადაც დეტალურად უნდა იყოს გაწერილი რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანების პირობები.