ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული „აგრესიული“ ქმედებები „აბროლუტურად მიუღებელია“ მისი პარტიისთვის.
- პოლიციამ ივანიშვილის ბანკის კუთვნილი „დიდი ოდენობით“ ნაღდი ფული ამოიღო
- ალასანია გმობს ‘ყაჩაღურ თავდასხმას’ ივანიშვილის ბანკის ინკასაციის მანქანაზე
„ბოლო დღეების განმავლობაში ბატონი ივანიშვილის მიმართ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არის აბსოლუტურად მიუღებელი. თუმცა ხელისუფლების ტაქტიკა აბსოლუტურად ნათელია – ეს ტაქტიკა გულისხმობს აგრესიულ ქმედებებს, პროვოცირებას თავად ბატონი ივანიშვილისა, რათა მანაც გადადგას აგრესიული, რადიკალური ნაბიჯები, გამოიწვიოს ქუჩის აქტიურობა“, – განუცხადა თარგამაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ 19 ოქტომბერს და დასძინა, რომ ხელისუფლება უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, როდესაც ოპონენტებს ქუჩის საპროტესტო აქციებზე უპირისპირდება.
ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა და მისი ლიდერი ივანიშვილმა 12 ოქტომბერს წერილობით განცხადებაში გააკრიტიკა და მათ „ფსევდოოპოზიცია“ უწოდა, რომელიც „ხელისუფლების დაკვეთას“ ასრულებენ. თარგამაძემ მას უპასუხა, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ადგილის დამკვიდრებას „ბინძური ხერხებით მოთამაშე პოლიტიკოსის მეთოდებით“ ცდილობს.
19 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში თარგამაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად ივანიშვილთან უთანხმოებისა რამდენიმე საკითხზე, მისი პარტია „დაინტერესებულია“ ივანიშვილის ყოფნით ქართულ პოლიტიკაში, რადგანაც ეს ქვეყანაში კონკურენტული პოლიტიკური გარემოს შექმნას დაეხმარება.