Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ თბილისში შეხვედრები გამართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 ოქტ.'11 / 15:28

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ იულიამ ბერნსმა, რომელიც თბილისს კავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობს, ხელისუფლების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

მიხეილ სააკაშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა „ორმხრივი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს“ და ისაუბრეს „ქვეყანაში გატარებულ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების მნიშვნელობაზე“, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

“უილიამ ბერნსმა ამერიკის მთავრობის სახელით საქართველოს პრეზიდენტს ISAF-ის პროგრამაში მონაწილეობისთვის მადლობა  გადაუხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განსაკუთრებით აღნიშნა ქართველ ჯარისკაცთა მამაცობა“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ბერნსისა და სააკაშვილის შეხვედრას, ამავე ცნობით, ასევე ესწრებოდნენ აშშ–ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, ვმო–ში რუსეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი.

ბოკერიას იულიამ ბერნსი შეხვდა გუშინაც თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, როცა აშშ–ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე გამართა მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან.  

საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების საკითხები იყო განხილვის მთავარი თემები იმ ოპოზიციონერთა განცხადებით, რომლებმაც დღეს უილიამ ბერნსთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე, რესპუბლიკელების წარმომადგენელი ლევან ბერძენიშვილი, ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე და ეროვნული ფორუმის თავმჯდომარე კახა შარტავა.

ლევან ბერძენიშვილის თქმით, მან იულიამ ბერნსს განუცხადა, რომ საქართველოს ევროატლანტიკულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზა არ გადის „მიხეილ სააკაშვილის მარადიულ ლიდერობაზე“.

“თუ საქართველო 2012 წელს ვერ გამოცვლის ხელისუფლებას, იგი ვერასოდეს ვერ მოხვდება ვერც ნატოში და ვერც ევროპაში“, – განუცხადა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს მან და დასძინა, რომ საქართველოში არსებული ვითარება კარგად იციან ვაშინგტონში.

მისი თქმით, შეხვედრაზე მან ასევე დააფიქსირა რესპუბლიკური პარტიის უარყოფითი პოზიცია ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტის მიმართ და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში შემოსვლამ შესაძლოა გაზარდოს იმ ელექტორატის აქტივობა, რომლებიც აქამდე არჩევნებში მონაწილეობისაგან თავს იკავებდნენ.

“თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, რომელიც რესპუბლიკელებთან ერთად ივანიშვილის პოლიტიკურ პარტნიორად მოიაზრება, მან ჰილარი კლინტონის მოადგილესთან შეხვედრაზე ისაუბრა „სახელმწიფო ექსტრემიზმის განხორციელებაზე პოლიტიკაში ახალი მოთამაშის ივანიშვილის მიმართ“ და ამასთან დაკავშირებით გარკვეული მასალებიც მიაწოდა მას.

“ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა იმაზე, რომ შეუთავსებელია დემოკრატიულ ქვეყანასთან, რაც ხდება დღეს საქართველოში“, – განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს, „ძალიან წვრილად და დეტალურად ვისაუბრეთ მომავალ არჩევნებზე, თუ რა უნდა შეიცვალოს რეალურად ქვეყანაში, რომ ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები“.

ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, მან „ძალიან საინტერესო და ღია დისკუსიის“ დროს საარჩევნო რეფორმაზე ხელისუფლებასთან მიღწეული იმ შეთანხმების საკითხი წამოწია, რომელშიც მონაწილეობა რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო.

„გამოვთქვით იმედი, რომ ხელისუფლება თავის ამ გაუარესებულ ვერსიას [საარჩევნო კოდექსის პროექტს] უკან წაიღებს და საბოლოოდ, აღდგება ის კონსენსუსი, რაც არსებობდა“, – განაცხადა მან.

გამყრელიძის თქმით,  იულიამ ბერნსის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ პრეზიდენტ "ობამას ადმინისტრაცია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას".

“მან [იულიამ ბერნსმა] ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკა გააგრძელებს მხარდაჭერას ქვეყნის, გააგრძელებს მხარდაჭერას დემოკრატიის და გააგრძელებს მხარდაჭერას ქართველი ხალხის“, – განუცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებს.

ქრისტიან–დემოკრატების ლიდერის, გიორგი თარგამაძის განცხადებით, აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, რომელიც ადრე აშშ–ის ელჩი იყო რუსეთში, კარგად ესმის საქართველოში არსებული უსაფრთხოების ვითარება.

“ამერიკა ჩვენი მთავარი პარტნიორი არის არ აღიარების პოლიტიკის შესანარჩუნებლად სეპარატისტული რეგიონების მიმართ, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების და სიმშვიდის განუყოფელი ნაწილი არის ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმები, მომავალი არჩევნები“, – განაცხადა თარგამაძემ.

აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დღესვე შეხვედრები გამართა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მათ შორის სახალხო დამცველთან, გაერთიანებული პროფკავშირების, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭირვალობა–საქართველოს და მრავალეროვანი საქართველოს ხელმძღვანელებთან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
65