Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საპარლამენტო დებატები ივანიშვილზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 ნოე.'11 / 15:57

  • ცისკარიშვილი: ივანიშვილი და ბენდუქიძე დიამეტრალურად განსხვავდებიან;
  • მინაშვილი: მოქალაქეობის შეწყვეტა ივანიშვილის წინასწარ განზრახული არჩევანი იყო;
  • 'დანარჩენ ასპარეზზე ივანიშვილი არის მთლიანად თავისუფალი' – ცისკარიშვილი.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა 8 ნოემბერს პარლამენტის სხდომაზე განაცხადეს, რომ ადგილი აქვს მცდელობას, რომ „კრემლის მიერ მართული“ ბიძინა ივანიშვილის გარშემო  „ახალი პრორუსული ცენტრი“ შეიქმნას.

“ეს ადამიანი არის ბოლო მათი [რუსეთის] იმედი“, რომელიც „საქართველოს უკან, წარსულში დაბრუნებაზე საუბრობს და არა განვითარებაზე, მომავალზე და დემოკრატიაზე“, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას.

ცისკარიშვილმა ივანიშვილთან დაკავშირებით ჰიპოთეზური ანალოგია მოიყვანა და განაცხადა, რომ ისრაელში ებრაული წარმოშობის მქონე ადამიანს, რომელსაც  ჰამასის დახმარებით აქვს „ნაშოვნი ფულები“, არ მისცემდნენ საშუალებას, რომ „მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში უდიდესი ფინანსებით და მოინდომოს გავლენის მოხდენა ისრაელის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე“.

“ერთი წუთი წარმოიდგინეთ: ასეთი პიროვნება რომ იყოს ებრაული წარსულით, გვარით და ასე შემდეგ დამასკოში ან ისრაელის სახელმწიფსთან დაპირისპირებულ მთავარ დედაქალაქში მოღვაწე... შემოსულიყო და მოეთხოვა, რომ ‘მე აქ უნდა დავჯდე, პოლიტიკური პროცესები ვმართო, ბანკებიდან ფული ჩემი საინკასაციო მანქანებით უნდა ვატარო და ბატონ ჯონდისნაირ ხალხს დავურიგო’... ასეთი განცხადებები რომ ეკეთებინა მას იერუსალიმსა და თელავივში, თქვენ როგორ გოგონიათ, ის გაჩერდებოდა საერთოდ იმ ქვეყანაში? საერთოდ ვინმე გააჩერებდა? მოქალაქეობა ექნებოდა? ასე თავისუფლად იფუნქციონირებდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და საზოგადოებრივ ცხოვრებაში?“ – განაცხადა მან.

“მაგრამ ჩვენი ქვეყანა არის ძალიან დემოკრატიული, რომელიც ამ ადამიანს ყველაფრის უფლებას აძლევს – კანონის ძალამ ჩამოართვა მას მოქალაქეობა და არა ხელისუფლებამ და მთავრობამ – და დანარჩენ ასპარეზზე ის არის მთლიანად თავისუფალი. აქვს თავისუფალი პრესა, თავისუფალი გადაადგილების საშუალება, შეხვედრები, პოლიტიკური პარტნიორებიც უკვე შემოიკრიბა, ვინც მისი ფავორიტები არიან, ექსპერტებიც გამოკვეთა“, – განაცხადა ცისკარიშვილმა.

ივანიშვილისადმი მიძღვნილ თავის ხანგრძლივ გამოსვლაში, მან მიმოიხილა 2004 წლიდან რუსეთის უშედეგო მცდელობები, რომ საქართველოში მასზე დაქვემდებარებული პოლიტიკური ძალა მოეყვანა ხელისუფლებაში. მან ამ მოვლენებს შორის ჩამოთვალა საქართველოსთვის 2006 წელს დაწესებული ემბარგო, 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციები, რომელსაც, მისი თქმით, აწ გარდაცვლილი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი ხელმძღვანელობდა „საქართველოს ასაყირავებლად და რუსეთის მმართველობის შემოსატანად“, 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესია, 2009 წლის გაზაფხულზე ოპოზიციის აქციები, რომლის დროსაც, მისი თქმით, ე.წ. მუხროვანის ამბოხის სახით „საკმაოდ სერიოზული სამხედრო გადატრიალება იგეგმებოდა“ და ბოლოს, მან ნინო ბურჯანაძის მიერ ორგანიზებული 2011 წლის მაისის მოვლენები დაასახელა.

“ამის მერე ვინღა დარჩა ბოლო იმედი, ბოლო ოცნება[რუსეთს]?“, – განაგრძო მან, „აბა საით იყურება ივანიშვილი და ვის მიერ არის მართვადი, თუ არა კრემლიდან და რუსეთიდან. ბურჯანაძესთან დაკავშირებით შენი სურვილით, თუ შენი ნების საწინააღმდეგოდ იძულებული ხარ, რომ ის აიყვანო პოლიტიკურ პარტნიორად იმიტომ, რომ შენმა ხელმძღვანელობამ ასე გიკარნახა“.

ივანიშვილთან დაკავშირებული საპარლამენტო დებატები მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული დასის ლიდერმა ოპოზიციური ფრაქციიდან "ერთობა სამართლიანობისთვის", ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის სხდომაზე წარმოადგინა ფოტოები, სადაც სააკაშვილის მთავრობის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე რუსეთის ამჟამინდელ პრემიერ–მინისტრს ვლადიმერ პუტინს ართმევს ხელს, ხოლო მეორე ფოტოზე ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან ერთად არის აღბეჭდილი.

ეს ფოტოები სოციალური ქსელებისა და ბეჭდური მედიის საშუალებით მას შემდეგ გავრცელდა, რაც 1 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, ბიძინა ივანიშვილმა მის მიმართ „კრემლის აგენტობის“ ბრალდებას „გამოგონილი“ ამბავი უწოდა, რადგან „არაფერი ჩემ საწინააღმდეგოდ მათ [ხელისუფლება] არ გააჩნიათ, ელემენტარული მიზეზის გამო, რომ არ არსებობს ჩემგან კანონდარღვევითი ქმედებები“.  იმავე პრესკონფერენციაზე მან ასევე დასვა შეკითხვა რატომ არ ჩნდებოდა ანალოგიური ეჭვები კახა ბენდუქიძის მიმართ, რომელმაც ასევე რუსეთში დააგროვა ქონება და საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის მიმართ, რომელიც საბჭოთა წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა მოსკოვში.

„პუტინის აგენტი მყავს აღმოჩენილი. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ისევე შესციცინებს თვალებში[ბენდუქიძე პუტინს], როგორც მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა ბაღათურიამ და დასძინა, რომ „აგენტს“ გულისხმობდა ხელისუფლების „სტანდარტებით და არა საზოგადოების“.

მან ასევე წარმოადგინა განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის, როგორც თავად აღნიშნა, ოფიციალური წერილი, რაც მის „მოღალატეობას“ ამტკიცებს, რადგან ამ წერილში ის „რუსეთის აგრესიას და ოკუპაციას უწოდებს ‘აგვისტოს მოვლენას’, სიტყვა ტრაგიკულსაც კი არ ამატებს“. „და მე ვფიქრობ რომ სასწრაფოდ მის [შაშკინის] წინააღმდეგ უნდა აღიძრას საქმე, როგორც სამშობლოს მოღალატის წინააღმდეგ,“– დასძინა ბაღათურიამ სარკაზმით.

მან მოუწოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს: „ნუ ეძახით ხალხს აგენტებს, ვისაც თქვენგან განსხვავებული აზრი აქვს...  აგენტები ეძებეთ საკუთარ რიგებში, პირველ რიგში“.

“თქვენ 90–იან წლებში ხართ ბატონო ჯონდი, როგორც ჩანს, ჩარჩენილი და რუსეთის აგენტები გელანდებათ და შპიონები“, – მიმართა ცისკარიშვილმა ოპონენტს, „აქ აგენტზე და შპიონობაზე კი არ არის საუბარი... აქ საუბარია მსოფლმხედველობრივ“ განსხვავებებზე ივანიშვილსა და ბენდუქიძეს შორის.

“ეს ორი ადამიანი დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისგან  – ბენდუქიძე და თქვენი ფავორიტი, ივანიშვილი. კაცი [ბენდუქიძე] რომელიც ემსახურება ქართულ საქმეს და კაცი[ივანიშვილი], რომელიც გამოაგზავნეს მოსკოვიდან, რომ როგორმე ეს ბოლო ოცნება თუ ბოლო იმედი, რომელიც გამოგზავნილი იქნა დიდი ფულის ტომრით, რომ როგორმე საქართველოში შეცვალოს სიტუაცია და შეაბრუნოს ჩრდილოეთისკენ ქართული ხედვები და ქართული საერთაშორისო პრიორიტეტები“, – განაცხადა მან.

მმართველი პარტიიდან კიდევ ერთმა დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა თავის გამოსვლაში იმ განსხვავებებზე დაფიქრებისკენ მოუწოდა, რომელიც, მისი თქმით, ივანიშვილს და ბენდუქიძეს შორის არსებობს –  „რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს შორის, რომელიც ჩამოდის საქართველოში და საქართველოს  პოლიტიკაში შემოდის თავისი კაპიტალით და მთელი პოლიტიკური პროცესის შესყიდვა უნდა და რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს შორის, რომელიც ჩამოდის საქართველოში და საქართველოსთვის ყველაზე სასარგებლო ეკონომიკურ რეფორმებს ახორციელებს“.

“მე გთავაზობთ ერთი განსხვავება მაინც აღმოაჩინოთ იმ პოლიტიკოსს შორის, რომელიც რუსეთის მიერ განხორციელებულ ცალმხრივ ეკონომიკურ ემბარგოს საქართველოს აბრალებს... და იმ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენს შორის, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, მინისტრი გახდა და ამ ემბარგოს შედეგების ლიკვიდაციაზე ძალიან აქტიურად იმუშავა, ქართული ბაზრების დივესიფიკაციაზე ძალიან აქტიურად იმუშავა და ის, რომ დღეს რუსულმა ემბარგომ ჩვენს მეღვინეობას პარალიზება ვერ გაუკეთა... და დღეს უფრო მეტი არის საქართველოდან გატანილი ღვინო, ვიდრე ეს იყო ემბარგომდელ პერიოდში რუსულ ბაზარზე გასული ქართული ღვინო  – აი ამას მიაღწია“, – განაცხადა გაბაშვილმა თავის გამოსვლაში.

კიდევ ერთი თემა, რომელიც საპარლამენტო დებატების დროს, აქტუალური იყო, ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას უკავშირდებოდა მისი პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა  ამ „ყბადაღებულ თემაზე“ საუბრისას, აღნიშნა, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე „საკუთარი ნება–სურვილით“ უკვე ორჯერ თქვა უარი.

“როცა ქვეყანაში მართლა ურთულესი ვითარება იყო და ქვეყანა მიდიოდა კრახისაკენ, იგი ფულს დებდა რუსეთის პოლიტიკაში და საქართველოს პოლიტიკა საერთოდ არ აინტერესებდა და ახლა უცებ გახდა გულწრფელი ადამიანი, სამშობლოს მოყვარული. მან ორჯერ განაცხადა უარი, როდესაც რუსეთის მოქალაქეობა აიღო და ახლაც, როდესაც წინასწარ იცოდა, რომ საფრანგეთის მოქალაქეობის აღების შემთხვევაში, კარგავდა საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ წინასწარი განზრახვით ეს მოქმედება ჩაიდინა“, – განაცხადა მინაშვილმა.

„ეს იყო მისი არჩევანი. მას ალბათ მიაჩნია, რომ უკეთესია, რომ ჰქონდეს რუსეთის მოქალაქეობა და საფრანგეთის მოქალაქეობა. ნება მისია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ კანონის „განსხვავებული მიდგომა არც ივანიშვილის მიმართ, არც სხვების მიმართ არ იქნება“. 

საქართველოს მოქალაქეობის არ ქონა ბიძინა ივანიშვილის პარტიის შექმნის, დაფინანსების და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას ართმევს.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
9