Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მოსკოვი და თბილისი მიესალმებიან ვმო–ზე შეთანხმებას
სივილ ჯორჯია, თბილისი / 11 ნოე.'11 / 12:38

  • რუსეთის საგარეო უწყება: შეთანხმება ‘დიდი წარმატებაა’ მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარისთვის;
  • რუსეთის საგარეო უწყება: ‘თბილისის მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორი მიმართულებით’;
  • საქართველოს საგარეო უწყება შეთანხმების ზოგიერთ დეტალზე საუბრობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 10 ნოემბერს, რომ საქართველოსთან ვმო–ზე მიღწეული შეთანხმება ყველა მხარის წარმატება და „თბილისის მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწორი მიმართულებით“. 

„მიგვაჩნია, რომ ეს მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარის დიდი წარმატებაა. გამოვხატავთ ჩვენს გულწრფელ მადლიერებას შვეიცარიის მიმართ, რომელმაც არა მხოლოდ ეფექტურად შეუწყო ხელი შეთანხმების შემუშავებას და მიღწევას, არამედ თანხმობა განაცხადა განაგრძოს მხარდაჭერა მის განხორციელებაში“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა.    

მისი თქმით, ხელმოწერილი შეთანხმება მას შემდეგ შევა ძალაში, როგორც კი რუსეთი ვმო–ს წევრი გახდება.

ლუკაშევიჩმა ასევე აღნიშნა, რომ „ხელმოწერილი დოკუმენტი სრულად ასახავს იმ ამოცანებს, რომელსაც რუსული მხარე თავიდანვე აყენებდა“.

„შეთანხმებები უნდა დარჩეს მხოლოდ სავაჭრო პრობლემატიკის ფარგლებში, არ უნდა შელახოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების სტატუსი და ასევე ხელი შეუწყოს სავაჭრო ურთიერთობების ნორმალიზებას რეგიონში“, – განაცხადა მან.

„ამგვარი შეთანხმების დადება თბილისის მნიშვნელოვანი ნაბიჯია სწორი მიმართულებით. ვიმედოვნებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი მომენტი გახდება რეგიონში სავაჭრო და პოლიტიკური ურთიერთობების თანდათან ნორმალიზაციის გზაზე და ხელს შეუწყობს მშვიდობის და სტაბილურობის გაძლიერებას ამიერკავკასიაში“, – განაცხადა მან. 

შეთანხმების თანახმად, საერთაშორისო დამკვირვებლები კერძო კომპანიიდან „სავაჭრო დერეფნების თავში და ბოლოში განთავსდებიან და მონიტორინგს გაუწევენ რა შედის და რა გამოდის ამ დერეფნებში.” ეს დამკვირვებლები არ განთავსდებიან დერეფნების შიგნით, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი არ განთავსდებიან სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შიგნით. საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სავაჭრო დერეფნები, რომლებიც  თავიანთი გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით განისაზღვრება და არა სახელებით, სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გადის. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე სავაჭრო დერეფნის ამოქმედებას ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე, რომელიც რუსეთ–საქართველოს საზღვრის არასადავო მონაკვეთზე მდებარეობს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების პაკეტი სამი დოკუმენტისგან შედგება.

პირველი არის ორმხრივი შეთანხმება „საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ“.

„მეორე, როგორც შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების შესაბამის მემორანდუმს, რომელიც განამტკიცებს შვეიცარიის კონფედერაციის მთავრობის, როგორც ნეიტრალური მესამე მხარის როლს, რომელსაც, სხვა ვალდებულებებთან ერთად, ეკისრება საერთაშორისო მონიტორების შერჩევა და მათთვის მანდატის მინიჭება, და რომლის წინაშეც აღნიშნული მონიტორები იქნებიან ანგარიშვალდებულნი“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.

„მესამე, სამივე მხარემ - საქართველომ, რუსეთმა და შვეიცარიამ გაცვალეს დოკუმენტები იმ საერთაშორისოდ აღიარებული ნეიტრალური კერძო კომპანიის მოქმედების პირობების განსაზღვრის მიზნით, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება შვეიცარიის მთავრობის წინაშე, და რომელსაც მონიტორინგის განხორციელების მანდატს მიანიჭებს შვეიცარიის მთავრობა. მოქმედების პირობები ითვალისწინებს საერთაშორისო მონიტორინგისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. ამასთან, მოქმედების პირობების თანახმად, მონიტორი არ შეიძლება იყოს რუსეთის ან საქართველოს მოქალაქე; საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელების პროცესში მონიტორები ისარგებლებენ გადაადგილების თავისუფლებით“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.

სამინისტრომ ასევე განაცხადა: „აღნიშნული დოკუმენტების პაკეტის საფუძველზე, საქართველო და რუსეთი შეთანხმდნენ, შექმნან საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც შედგება საერთაშორისო მონიტორინგის სისტემისა და მონაცემთა გაცვლის ელექტრონული სისტემისგან“.

„საერთაშორისო მონიტორინგის სისტემა ითვალისწინებს საერთაშორისო მონიტორთა ფიზიკურ ყოფნას საბაჟო პროცედურების სრულ ფარგლებში დოკუმენტებისა და ჩანაწერების, ისევე როგორც საქონლისა და საეჭვო ტვირთის ფიზიკური შემოწმების პროცესში. მონიტორები ასევე გააკონტროლებენ, რომ ყველა ტიპის ტვირთს ჰქონდეს ელექტრონული ბეჭედი და GPS/GPRS ტრეკერები. მონაცემთა გაცვლის ელექტრონული სისტემა ითვალისწინებს ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის საერთო პლატფორმის შემუშავებას, რომელიც საერთაშორისო მონიტორებს უზრუნველყოფს ყველა სახის საბაჟო და სავაჭრო ოპერაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობით და ტვირთთან დაკავშირებული უახლესი ინფორმაციის მიწოდების გზით, მათ შესაძლებლობას მისცემს, განახორციელონ რისკის მენეჯმენტი და აუდიტი“, – აცხადებს საგარეო უწყება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმედი გამოთქვა, რომ ეს შეთანხმება „რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, მოაგვაროს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული სხვა სირთულეებიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაყრდნობით და ჩაერთოს მოლაპარაკებებში ორმხრივად ხელსაყრელი გამოსავალის გზების ძიების მიზნით“.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22