Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ვმო–ზე საქართველო–რუსეთის შეთანხმების დეტალები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 ნოე.'11 / 21:37


ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო გამშვები პუნქტი საქართველო–რუსეთის საზღვარზე იმ სამი სავაჭრო კორიდორიდან ერთ–ერთია, რომელთა ამოქმედებაც შეთანხმებითაა გათვალისწინებული. ფოტო: თეა გულარიძე/Civil.ge

ვმო–ზე რუსეთსა და საქართველოს შორის მიღწეული შეთანხმება ტვირთების გადაადგილებაზე დაკვირვებისა და აუდიტის კომპლექსური, თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბდებას ითვალისწინებს, რომლითაც კერძო კომპანიის მიერ ვაჭრობაზე საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდება.

შეთანხმების მიხედვით, ”ნეიტრალურ კერძო კომპანიას” რუსეთი და საქართველო დაიქირავებენ და ის ”ანგარიშვალდებული” შვეიცარიის წინაშე იქნება.

შეთანხმების პაკეტი, რომელიც შვეიცარიელების შუამავლობით მომზადდა, შეიცავს საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის ”საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ” შეთანხმებას; ნეიტრალური კერძო კომპანიის საქმიანობის მანდატს, რომელიც შვეიცარიელი შუამავლების მიერ არის შედგენილი; და ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელშიც შვეიცარია ადასტურებს, რომ „ნეიტრალური მესამე მხარის“ როლში გამოვა.

შეთანხმება, რომელიც Civil.ge-მ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მოიპოვა, სამი სავაჭრო დერეფნის შექმნას ითვალისწინებს, საიდანაც ორი სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გადის; ჯერ კიდევ შესარჩევი კერძო კომპანიის წარმომადგენლები ვაჭრობის მონიტორინგის მიზნით თითოეული დერეფნის თავში და ბოლოში განთავსდებიან ისე, რომ მათი განლაგება არ მოხდება უშუალოდ სეპარატისტულ რეგიონებში.

”ნეიტრალური კერძო კომპანია”

შეთანხმების თანახმად, შვეიცარია  იმ ნეიტრალურ კერძო კომპანიათა სიას შეადგენს, რომელთაც გააჩნიათ საკმარისი საერთაშორისო რეპუტაცია და კვალიფიკაცია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მანდატის აღსასრულებლად. შემდეგ ამ სიას, შვეიცარიული მხარე, კონსულტაციების გავლის მიზნით, რუსეთს და საქართველოს წარუდგენს.

„ამგვარი კონსულტაციების შედეგების საფუძველზე, ნეიტრალური მესამე მხარე [შვეიცარია] არჩევს ნეიტრალურ კერძო კომპანიას“, – ნათქვამია შეთანხმებაში.

ამის შემდეგ, საქართველო და რუსეთი ცალ–ცალკე გააფორმებენ ხელშეკრულებებს შერჩეულ კომპანიასთან თითოეულ ამ ქვეყანაში საქმიანობის დასაწყებად, რასაც შვეიცარია „მოწმის სახით“ დაესწრება. 

შეთანხმების თანახმად, კომპანია „ანგარიშვალდებული“ იქნება შვეიცარიის ანუ ნეიტრალური მესამე მხარის წინაშე.

ნეიტრალური კერძო კომპანიის საქმიანობა ფინანსდება  საქართველოს და რუსეთის მიერ თანხით, რომელიც ამ ქვეყნებში კომპანიის მიერ განხორციელებული სამუშაოს ღირებულების ექვივალენტურია. ეს თანხები გადაირიცხება სპეციალურად ამ მიზნისთვის შექმნილი ფონდის ანგარიშზე. ამ ფონდს ადმინისტრირებას შვეიცარია გაუწევს. კერძო კომპანიის საქმიანობის დაფინანსების მიზნით, ფონდის ანგარიშზე ყოველწლიურად ჩაირიცხება შენატანები.

ნეიტრალურ კერძო კომპანიას, მისი მანდატის თანახმად, არ ექნება უფლება რუსეთის ან საქართველოს მოქალაქეები დაიქირავოს შეთანხმების შესრულების ”მთავარი ამოცანებისთვის, კერძოდ ადგილზე განსახორციელებელი ოპერაციებისთვის.”  

სავაჭრო დერეფნები

სავაჭრო დერეფნები თავიანთი გეოგრაფიული კოორდინატების მიხედვით განისაზღვრა; შეთანხმებაში არსად არის ნახსენები კონკრეტულ ადგილმდებარეობათა სახელები.

თითოეული სავაჭრო დერეფნის კოორდინატთა ბადის წერტილები განსაზღვრულია UTM კოორდინატთა სისტემის მიხედვით, მაგალითად UTM 37T 576170 E / 4817809 N.

სავაჭრო დერეფანი #1, რომელიც აფხაზეთის მიმართულებას ფარავს, სეპარატისტული რეგიონის სანაპირო ზოლის გასწვრივ ვიწრო ზოლად გადის.

ეს დერეფანი რუსეთში მდებარე დასახლება ადლერის სიახლოვეს იწყება (თავად ადლერი სავაჭრო დერეფანი #1–ის შიგნით არის მოქცეული), რომელიც კრასნოდარის მხარეში, სოჭთან მდებარეობს.  

შემდეგ დერეფანი მისდევს აფხაზეთზე გამავალ მთავარ გზას, რომელიც სანაპირო ზოლს მიუყვება; დერეფანი მთავრდება ზუგდიდში.

აღნიშნული დერეფანი ასევე ფარავს ტერიტორიის ნაწილს ზღვაზე, კერძოდ გაგრის, გუდაუთის, ასევე სოხუმის და ოჩამჩირის პორტების სანაპირო ზოლის მახლობლად.  

დერეფანი #2 – ცხინვალის რეგიონის მიმართულებით – ზიგზაგისებური ზოლია, რომელიც ტრანსკავკასიურ მაგისტრალს მიუყვება - გზა, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთს როკის გვირაბით ცხინვალის რეგიონთან აკავშირებს. 

ეს დერეფანი ჩრდილოეთ ოსეთის სოფელ ნართან (თავად სოფელი დერეფნის შიგნითაა მოქცეული) ახლოს მდებარე ტერიტორიიდან იწყება, საზღვრის სამხრეთ ოსეთის მონაკვეთიდან, დაახლოებით, ათ კილომეტრში, შემდეგ გაივლის როკის გვირაბს და ტრანსკავკასიური მაგისტრალის გაყოლებით ცხინვალისკენ გრძელდება, საიდანაც სამხრეთით უკვე  გორისკენ მიემართება, სადაც დერეფნის ბოლო წერტილია.

დერეფანი #3 ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე მდებარეობს.

მონიტორინგის მექანიზმი

საბაჟო ადმინისტრირების და მონიტორინგის მექანიზმი ორ ძირითად კომპონენტს აერთიანებს – ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (Electronic Data Exchange System, EDES) და საერთაშორისო მონიტორინგის სისტემას (International Monitoring System, IMS). 

ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით რუსი და ქართველი მებაჟეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას მიაწვდიან ინფორმაციას ”ყველა საბაჟო და სავაჭრო ოპერაციის შესახებ.”

ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის (EDES) შემადგენელი კომპონენტი იქნება ტვირთის შესახებ წინასწარი ინფორმაციის მიწოდების ფუნქცია (advanced cargo information). ეს არის სპეციალურად შექმნილი ვებ პლატფორმა, სადაც მოხდება გადასაზიდი ტვირთის შესახებ ინფორმაციის წინასწარ თავმოყრა, რაც კერძო კომპანიას რისკის მმართვის პროცესს გაუადვილებს. ანუ ამ ელექტრონულ პლატფორმაზე, რომელზეც წვდომა კერძო კომპანიას ექნება, ინფორმაცია თავს მოიყრის მანამ, სანამ ტვირთი სავაჭრო დერეფნის პლატფორმაზე გამოჩნდება.

შეთანხმებით „ტერმინალი“ განსაზღვრულია, როგორც ადგილი, რომელიც მდებარეობს „სავაჭრო დერეფნების გამოსასვლელში/შესასვლელში“.

შეთანხმების თანახმად, ვაჭრობის „კონტროლი და ადმინისტრირება“ უნდა განხორციელდეს ამ ტერმინალებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო კომპანიის წარმომადგენლები სეპარატისტული რეგიონების გარეთ მდებარე სწორედ ამ ტერმინალებზე განთავსდებიან.

საქართველომ და რუსეთმა კერძო კომპანიას უნდა მიაწოდონ მონაცემები ყველა იმ საქონლის შესახებ, რომელიც შედის ან გამოდის სავაჭრო დერეფნებიდან, მათ შორის დეტალური ინფორმაცია ტვირთის შესახებ, ტვირთის მიმღების სახელი და მისამართი, ექსპორტიორი ქვეყანა, ტვირთის წარმოშობის  ქვეყანა და საბოლოო დანიშნულების ადგილი, ანგარიშფაქტურები, გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებების საინდეტიფიკაციო მონაცემები. ამ ინფორმაციას რუსეთი და საქართველო ყოველთვიურად ასევე გააგზავნის ვმო–ს ინტეგრირებულ მონაცემთა ბაზაში – ბაზაში გაგზავნილ მონაცემებს კერძო კომპანიაც გადაამოწმებს.

საერთაშორისო მონიტორინგის სისტემის ერთ–ერთი ელემენტია „თითოეულ სავაჭრო ტვირთზე,  რომელიც შედის წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფანში ტერმინალის გავლით, ელექტრონული ბეჭდის“ დასმა და ამ ტვირთებზე GPS/GPRS მიკვლევადობის სისტემის გამოყენება.    

შეთანხმების თანახმად, ხელმომწერი მხარეები, ანუ რუსეთი და საქართველო, „უზრუნველყოფენ, რომ თითოეულ სავაჭრო ტვირთზე,  რომელიც შედის წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფანში ტერმინალის გავლით, დასმული იქნება ელექტრონული ბეჭედი“ და რომ „თითოეული სავაჭრო ტვირთისათვის,  რომელიც შედის წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფანში ტერმინალის გავლით, გამოიყენება GPS/GPRS სავაჭრო ტვირთის მიკვლევადობის სისტემა“.  

ხელშეკრულების თანახმად, „ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება სავაჭრო დერეფნებში შემავალ ან დერეფნებიდან გამავალ ვაჭრობას, მათ შორის ის ინფორმაცია, რომელიც მიღებულ იქნა ელექტრონული ბეჭდებისა და GPS-ის საშუალებით, გადაეგზავნება ნეიტრალურ კერძო კომპანიას“ ქართული და რუსული მხარეების მიერ.
 
„აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, ნეიტრალური კერძო კომპანია განახორციელებს რისკის მართვასა და მონაცემების აუდიტს“, – ნათქვამია შეთანხმებაში, რომელიც დასძენს, რომ კომპანია უზრუნველყოფს მიღებული მონაცემების კონფიდენციალურობას.

კერძო კომპანიის წარმომადგენლები „განახორციელებენ საბაჟო პროცედურების და საქონლის გაფორმების მონიტორინგს თითოეულ ტერმინალზე ყოფნით, ასევე დოკუმენტაციისა და ჩანაწერების შემოწმების, საქონლის ფიზიკური დათვალიერების, განმეორებითი დათვალიერების, განმეორებითი შეფასების და საეჭვო ტვირთების შემოწმების დროს ფიზიკურად დასწრების საშუალებით, და ისინი გადაამოწმებენ, რომ ტვირთებზე, რომელიც შედის წინასწარ განსაზღვრულ სავაჭრო დერეფნებში, დასმული იქნება ელექტრონული ბეჭდები“.

რისკის მართვის ანალიზის შედეგების საფუძველზე, კერძო კომპანიას შეუძლია რეკომენდაციით მიმართოს საქართველოსა და რუსეთის საბაჟო  სამსახურის ოფიციალურ პირებს, რათა კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით, ტერმინალებზე მოხდეს კონკრეტული ტვირთის გაკონტროლება და გადამოწმება. 

შეთანხმების თანახმად, რუსეთმა და საქართველომ უნდა ჩამოაყალიბონ სამუშაო ჯგუფები, რათა უზრუნველყონ საინფორმაციო ტექნოლოგიებთან და სამართლებრივ თემებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.

კერძო კომპანიის წარმომადგენელთა მანდატის თანახმად, როგორც ეს შვეიცარიელმა შუამავლებმა განსაზღვრეს, საქართველომ და რუსეთმა თავად უნდა უზრუნველყონ საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა მონიტორინგის სისტემის, მათ შორის მონაცემთა ელექტრონული გაცვლის ფუნქციონირებისთვის. 

ერთობლივი კომიტეტი და დავების მოგვარება

შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე რუსეთი, საქართველო და მესამე ნეიტრალური მხარე, ანუ შვეიცარია ”ერთობლივ კომიტეტს” შექმნიან, რომელიც  შეთანხმების შესრულებას გაუწევს ზედამხედველობას.

იგივე კომიტეტი უფლებამოსილი იქნება მხარეებს შორის შესაძლო დავები განიხილოს.

შეთანხმების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი და საქართველო კომიტეტის ფარგლებში ერთი თვის ვადაში ვერ მოახერხებენ დავის მოგვარებას, მაშინ საქმე საერთაშორისო არბიტრაჟს გადაეცემა განსახილველად. საქმის განხილვა მოხდება მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო სასამართლოს ორ სახელმწიფოს შორის დავების არბიტრაჟის შესახებ დამატებითი წესების შესაბამისად. საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება მხარეებისთვის იქნება საბოლოო და შესასრულებლად სავალდებულო. 

კერძო კომპანია, რომელიც ანგარიშვალდებულია შვეიცარიის წინაშე, „რეგულარულად წარუდგენს ანგარიშს თავისი საქმიანობის ყველა შედეგის შესახებ ერთობლივ კომიტეტს“.

შეთანხმების თანახმად, საქართველო და რუსეთი „რეგულარულად იწვევენ“ ადგილზე დათვალიერების მიზნით ნეიტრალურ მესამე მხარეს, შვეიცარიას, თავიანთ ტერმინალებზე, „მიღებული გამოცდილების  და ნეიტრალური კერძო კომპანიის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული საუკეთესო პრაქტიკის გაცნობისათვის“.

შეთანმხება, რომელიც ძალაში რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებისთანავე შევა, ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ექვემდებარება გადასინჯვას, თუმცა ასევე შესაძლოა ნებისმიერ დროს შევიდეს მასში ცვლილებები საქართველოს და რუსეთის ორმხრივი თანხმობის საფუძველზე.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35