
პოლიციელები დგანან ნუცუბიძის ქუჩაზე სამსართულიანი შენობის წინ 30 ნოემბერს, სადაც "მაესტროს" ოფისია განთავსებული. ფოტო: ინტერპრესნიუსი
ტელეკომპანია „მაესტრო“ კვლავ ვერ ახერხებს რეგულარული პროგრამების განახლებას, რადგანაც მფლობელებსა და ტელეკომპანიის მმართველი კომპანიის დამფუძნებელს შორის დაპირისპირება უკვე მეორე დღეა გრძელდება.
„მაესტროს“ თანამფლობელი მამუკა ღლონტი, რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, ტელევიზიის საეთეროში იმყოფება, ხოლო მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, ეროსი კიწმარიშვილი, საკუთარი დაცვის წევრებთან ერთად, შენობის დანარჩენ ნაწილში. კიწმარიშვილი აცხადებს, რომ მან, როგორც მმართველი კომპანიის წარმომადგენელმა, მამუკა ღლონტი ტელეკომპანიის პროდიუსერის თანამდებობიდან გაათავისუფლა და ამ უკანასკნელმა დაუყონებლივ უნდა დატოვოს ტელეკომპანიის შენობა. კიწმარიშვილი ასევე აცხადებს, რომ მან ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ბაჩო (ილია) კიკაბიძე ასევე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.
მამუკა ღლონტის თქმით, 2009 წლის ნოემბერში მმართველ კომპანიასთან ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, კიწმარიშვილს ტელეკომპანიის მენეჯმენტის დამოუკიდებლად, მფლობელებთან შეთანხმების გარეშე, გათავისუფლების უფლება არ აქვს. ღლონტი ასევე აცხადებს, რომ კიწმარიშვილი უკანონოდ შეიჭრა ტელეკომპანიის შენობაში, რომელიც მისი და ტელეკომპანიის სხვა თანამფლობელების კერძო საკუთრებაა და მოუწოდებს პოლიციას გაიყვანონ იგი ამ შენობიდან. პოლიცია, რომელიც ადგილზე იმყოფება, აცხადებს, რომ ის არ ერევა მხარეებს შორის არსებულ კონფლიქტში და იქ მხოლოდ შესაძლო ფიზიკური დაპირისპირების აღსაკვეთად იმყოფება. ტელეკომპანიის ერთ–ერთმა მფლობელმა ლევან ჩიკვაიძემ განაცხადა დღეს დილით, რომ იგი ტელეკომპანიის შენობაში არ შეუშვეს.
ხუთშაბათს დილით კიწმარიშვილმა გააფრთხილა ღლონტი დაეტოვებინა საეთერო და საინფორმაციო სამსახურის ოთახი; წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებით გამოყვანით დაემუქრა.
„მართალია ჩვენ გაგვაჩნდა ყველა საშუალება, რომ მამუკა ღლონტი და სხვა დამფუძნებლები გამოგვეძევებინა ბლოკირებული ტერიტორიიდან, ჩვენ ეს არ გავაკეთეთ. დღეს პირდაპირ მივმართავ დამფუძნებლებს, რომ გამოიჩინონ კეთილი ნება და დატოვონ ბლოკირებული საინფორმაციო საშუალების ტერიტორია, გადავიტანოთ ნებისმიერ ტიპის ურთიერთბის გარკვევა მოლაპარაკების მაგიდასთან ან პირდაპირი გზით, ან ნებისმიერ სამოქალაქო საზოგადოების აღიარებული მედიატორის მონაწილეობით. თუ მათი მხრიდან ეს წინადადება არ იქნება მიღებული, ჩვენ დღევანდელი დღის განმავლობაში გამოყენებთ ჩვენს საშუალებებს და აღვადგენთ „მაესტროს“ სრულფასოვან მაუწყებლობას. ჩვენ იძულების ძალით გამოვიყვანთ მათ და მივცემთ ჟურნალისტებს საშუალებას დაუბრუნდნენ ნორმალურ ფუნქციონირებას“, – განუცხადა კიწმარიშვილმა ჟურნალისტებს 1 დეკემბერს.
„ეროსი კიწმარიშვილის მუქარის შემდეგ მე საერთოდ გამოვრიცხავ ამ ტერორისტთან ნებისმიერ მოლაპარაკებას. არავითარ შანტაჟზე, არავითან დამუქრებაზე ჩვენ არ წამოვეგებით“, – უპასუხა ღლონტმა „მაესტროს“ სტუდიიდან.
„მაესტროს“ გენერალური დირექტორი ბაჩო კიკაბიძე აცხადებს, რომ მისი ადვოკატები მიმართავენ მთავარ პროკურატურას თხოვნით, რომ კიწმარიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.
„ის [კიწმარიშვილი] მე ვერ გამანთავისუფლებს დაკავებული თანამდებობიდან. დღეს ჩვენი ადვოკატი მიდის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით“, – განუცხადა მან „მაესტროს“ და დასძინა, რომ თუ კიწმარიშვილი ძალას გამოიყენებს შენობიდან ხალხის გამოსაყვანად, ეს კიდევ ერთი სისხლის სამართლებრივი ქმედება იქნება მისი მხრიდან.
საჯარო რეესტრში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებში კიკაბიძე კვლავ დარეგისტრირებულია, როგორც „მაესტროს“ დირექტორი.
კიწმარიშვილი აცხადებს, რომ „მაესტროს“ თანამფლობელები ცდილობდნენ ჩამოაშორონ ის და მისი მმართველი კომპანია ტელეკომპანიის საქმეებს. მისი ვარაუდით, მფლობელებს მასთან ხელშეკრულების შეწყვეტა ჰქონდათ განზრახული, რათა შემდეგ მილიარდერ ქველმოქმედ ბიძინა ივანიშვილთან შესულიყვნენ გარიგებაში. ამ უკანასკნელმა საჯაროდ განაცხადა იმის თაობაზე, რომ ტელევიზიის ყიდვა სურს. თუმცა, ივანიშვილმა ისიც განაცხადა ნათლად, რომ კიწმარიშვილთან არ ითანამშრომლებდა. მამუკა ღლონტმა უარყო, რომ აქციების ივანიშვილისთვის მიყიდვას აპირებს.
ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ კიწმარიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ 2009 წლიდან ტელეკომპანიაში 4.5 მილიონი აშშ დოლარი მიიზიდა, აგრესიულ ქმედებაზე გადავიდა იმის შიშით, რომ მას ივანიშვილთან შესაძლო ხელსაყრელ გარიგებას ჩამოაშორებდნენ. თუმცა, სხვები აცხადებენ, რომ კიწმარიშვილი ამას ვერ გააკეთებდა ხელისუფლების მხრიდან ფარული მხარდაჭერის არსებობის გარეშე და რომ ეს ქმედება შესაძლოა იმ გეგმის ნაწილი იყოს, რომელიც „მაესტროზე“ კონტროლის ჩამორთმევას ისახავს მიზნად.
ივანიშვილის პრესსამდივნომ 30 ნოემბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტებს“ და გმობს „ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლას“. „დაუყონებლივ უნდა მიეცეთ ჟურნალისტებს მუშაობის გაგრძელების საშუალება, ხოლო სადავო საკითხი გადაწყდეს ცივილიზებული გზით“, – ნათქვამია განცხადებაში.
„მაესტროს“ აქციები რამდენიმე პირს შორისაა განაწილებული. კერძოდ, 25%–ის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძეა. „მაესტროს“ აქციების 25%–ის მფლობელია მაკა ასათიანი, გაჩეჩილაძის დიდი ხნის მეგობარი. დანარჩენ აქციებს ტელეკომპანიის ოთხი თავდაპირველი დამფუძნებელი იყოფს, საიდანაც სამს 15% აქვს, მათ შორის მამუკა ღლონტს, ხოლო ერთს – 5%.
26 ნოემბერს, „მაესტროს“ ირგვლივ წარმოშობილ დაპირისპირებამდე სამი დღით ადრე, გაჩეჩილაძეს და ტელეკომპანიის ოთხ თავდაპირველ დამფუძნებელს შორის შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც გაჩეჩილაძე თავისი აქციების 25%–ის მართვის უფლებას ტელეკომპანიის დირექტორს ბაჩო კიკაბიძეს გადასცემს. იმავე შეთანხმების თანახმად, გაჩეჩილაძე თავის კუთვნილ აქციებს 2012 წლის 10 დეკემბრისთვის ოთხ თავდაპირველ დამფუძნებელს მიჰყიდის მას შემდეგ, რაც კიწმარიშვილის კომპანიასთან მართვის შესახებ სამწლიანი კონტრაქტის ვადა ამოიწურება.