მედიის ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენლები ცდილობენ, რომ ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ არსებული ის ჩიხური სიტუაცია დაძლიონ, რომელიც ტელეკომპანიას რეგულარული პროგრამების აღდგენაში უშლის ხელს.
მედიის ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენლები ტელეკომპანიის შენობაში იმყოფებიან და ცდილობენ ორივე მხარე – ერთ–ერთი თანამფლობელი მამუკა ღლონტი, რომელიც საეთეროშია ჩაკეტილი და მმართველი კომპანიის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი – დაარწმუნონ, რომ მოლაპარაკებები დაიწყონ და ჟურნალისტებს ნორმალურ რეჟიმში მუშაობის საშუალება მისცენ.
მედიის ადვოკატირების კოალიციის წარმომადგენლები მას შემდეგ ჩაერთვნენ დავის მოგვარებაში, რაც კიწმარიშვილმა და „მაესტროს“ ერთ–ერთმა თანამფლობელმა ლევან ჩიკვაიძემ მიანიშნეს ხუთშაბათს გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ ისინი მზად იყვნენ დავა მოლაპარაკებების გზით მოეგვარებინათ. ჩიკვაიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა სამოქალაქო საზოგადოების შუამავლობა დასჭირვებოდათ. მან ასევე განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „მაესტროს“ შენობის გარეთ უნდა გაიმართოს, რათა ჟურნალისტებს ნორმალური მუშაობის საშუალება მიეცეთ. კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ იგი გრძნობს, რომ ყველა მხარეს სურს დავის მოგვარება მოლაპარაკებების გზით, თუმცა აქვე მიანიშნა, რომ თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, მას მოუწევს ღლონტის იძულებით გაყვანა საეთეროდან.
„მაესტროს“ ჟურნალისტებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც მფლობელებს და მმართველ კომპანიას მოუწოდეს მოლაპარაკებების გზით მოაგვარონ დავა, თუმცა იქვე დასძინეს, რომ მუშაობის ნორმალური რეჟიმის აღსადგენად, კიწმარიშვილმა და მისი დაცვის წევრებმა ტელეკომპანიის შენობა უნდა დატოვონ.
„მაესტროს“ მმართველი კომპანიის დამფუძნებელს ეროსი კიწმარიშვილს ტელეკომპანიის მენეჯმენტის შეცვლა სურს. მან ტელეკომპანიის დირექტორის ბაჩო კიკაბიძის გათავისუფლების შესახებ გააკეთა განცხადება; თუმცა, ეს უკანასკნელი და ტელეკომპანიის თანამფლობელები აცხადებენ, რომ კიწმარიშვილის მენეჯმენტის შეცვლის შესახებ ცალმხრივი გადაწყვეტილების მიღების უფლება არ აქვს.
2009 წლის ნოემბერში მმართველ კომპანიასთან ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, კიწმარიშვილს შტატების დაკომპლექტების, ასევე ტელეკომპანიის მენეჯმენტის დამოუკიდებლად, მფლობელებთან შეთანხმების გარეშე, გათავისუფლების უფლება არ აქვს.