Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი საარჩევნო კანონმდებლობაზე, ოპოზიციაზე და მმართველ პარტიაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 დეკ.'11 / 15:04

  • ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი დეპუტატთა რაოდენობის გაზრდის;
  • პარტიების დაფინანსების ძალიან კარგი სისტემა შემოდის;
  • ნეოშევარდნაძისტული ფლანგი გვიპირისპირდება;
  • იმედია, გამოჩნდებიან ახალი ოპოზიციური ძალები;
  • ნაციონალური მოძრაობა დგას უფრო მაღლა, ვიდრე ჩემი პიროვნება

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საკმარისი რესურსი არსებობს იმისათვის, რომ „ნორმალურად გადავაგოროთ შემდეგი წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები“.

“საკმარისი მარაგი გვაქვს იმისათვის, რომ ყველაზე უარესი ავიცილოთ თავიდან, გავაგრძელოთ ეს აღმშენებლობა, გავაგრძელოთ ინსტიტუტების განვითარება, ნორმალურად გადავაგოროთ შემდეგი წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ყველაფერი ეს უზრუნველყოფს საქართველოს შეუქცევადად დადგომას ევროპულ გზაზე.

ეს განცხადება პრეზიდენტმა სააკაშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, რომელიც 20 დეკემბერს გადაიცა. ინტერვიუ ბათუმში იყო ჩაწერილი და მასში ასევე მონაწილეობდა საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტი ვილფრიდ მარტენსი.

სააკაშვილი მიესალმა გადაწყვეტილებას, რომლითაც დეპუტატთა რაოდენობა პარლამენტში 150–დან 190–მდე აღარ გაიზრდება. მან ადრეც განაცხადა, რომ ამ ინიციატივას, რომლის ავტორადაც ოპოზიციას ასახელებდა, არ ეთანხმებოდა.

„ჩვენ მივიღეთ ძალიან საინტერესო რეკომენდაციები ვენეციის კომისიისგან საარჩევნო კოდექსზე, მომეშვა გულს, კიდევ კარგი შევთანხმდით, რომ 150–ზე მეტი არ გაიზრდება დეპუტატების რაოდენობა – ყოველთვის ამის წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ კომპრომისი მიღწეულია ოპოზიციის უმთავრეს ჯგუფებთან ერთად“, – განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე „ძალიან კარგი სისტემა“ უწოდა პარტიების დაფინანსების ახალ წესს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით საარჩევნო კოდექსის პროექტთან ერთად პირველი მოსმენით 20 დეკემბერს მიიღო.

„პარტიების დაფინანსების ძალიან კარგი სისტემა შემოდის ახლა ევროპელების რეკომენდაციით, ამას დიდი ხანია ითხოვდნენ ვენეციის კომისია და ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ორგანო, რომ ვერავინ ვერ შეძლოს გარედან და მითუმეტეს დამპყრობლის შემოტანილი ფულით საქართველოში რაიმე პროცესებისთვის ხელის შეშლა და საქართველოს განვითარების შეფერხება“, – განაცხადა მან.

მომდევნო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრის დროს მან იმედი გამოთქვა, რომ გამოჩნდებიან ახალი ოპოზიციური ძალები.

“დღეს ძირითადი ძალები მაინც, რომლებიც ჩვენ გვიპირისპირდებიან ეს არიან წარსულიდან მოსული ძალები“, – განაცხადა მან, „არის ნეოშევარდნაძისტული რაღაცა ფლანგი, რომელიც ყალიბდება ერთის მხრივ; მეორე მხრივ ის ხალხი, ვინც  ვერ მონახა თავისი ადგილი თანამედროვე პირობებში. მაგრამ მე, რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა, რომ ასევე ოპოზიციურმა პარტიებმაც, ახალმა ძალებმა, რომლებიც იმედია გამოჩნდებიან, წარსულით არადისკრედიტირებულნი, შესთავაზოს საზოგადოებას უკეთესი ხედვა“.

მმართველი პარტიის მომავალ საარჩევნო სტრატეგიაზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ წარსულზე ფოკუსირების ნაცვლად, უნდა „შევთავაზოთ ჩვენ ხალხს რა გვინდა მომავალში, რა არის მომავალზე ორიენტირებული ხედვა“. მან ასევე განაცხადა, რომ „ყველა შემთხვევაში“ ნაციონალური მოძრაობას დასჭირდება ახალი „სისხლის გადასხმა“.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პარტიის ბედს პიროვნებები არ უნდა წყვეტდნენ.

“იმიტომ, რომ ეს პარტია დგას უფრო მაღლა, ვიდრე ჩემი პიროვნება, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანის პიროვნება“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ მთავარია გაგრძელდეს „რეფორმისტული, პროევროპული, საქართველოს მომავალზე ორიენტირებული, მაღალი დონის, ცხოვრების მაღალი ხარისხის საზოგადოების შექმნის, ქართული სასწაულის გაგრძელების“ ოდეოლოგია.

“დემოკრატიულ ქვეყანაში როგორი გამოკითხვებიც არ უნდა გქონდეს პოლიტიკოსს, როგორი პოპულარობაც, ეს არის ყოველდღიური ბრძოლა არსებობისთვის; ყოველდღიური ბრძოლა პოლიტიკური გადარჩენისთვის.  დემოკრატიის ხიბლი ის არის, რომ შენ არ შეგიძლია სადღაც დაჯდე იმპერატორივით და ხანდახან დაენახო ხოლმე ხალხს შენი შიშველი სხეულით ან შენი რაღაცა ბრუტალურობით შეაშინო“, – განაცხადა მან. 

“შენ ყოველდღე უნდა იყო ბრძოლაში, ყოველდღე უნდა აჩვენო, დაამტკიცო, რომ ტყუილა არ გაჭმევს ეს ხალხი პურს, ტყუილა არ გიხდის ხელფასს. რაღაც მომენტში შეიძლება ეს ვერ დაამტკიცო, მაგრამ მანამ სანამ შეგიძლია იყო ტალღის ზედაპირზე, არ ჩაგითრიოს ამ პოლიტიკურმა მორევმა, ყოველთვის უნდა ისწავლო ამ ზედაპირის შენარჩუნება, სანამ ეს არის შენი ქვეყნისთვის სასარგებლო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი მიესალმა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე გადაწყვეტილებას და აღნიშნა: "ჩემი პრეზიდენტობის ამ ვადაში ვაპირებ რომ ჩვენ დავამთავროთ მოლაპარაკება და მთლიანად გვქონდეს თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან".

“ეს წელიწადი იყო ჩვენთვის გარღვევის წელიწადი ევროპის მიმართულებით და ეს შედეგი იყო ის კი არა, რომ ვარსკვლავები ასე დალაგდა და ვიღაცას თვალში მოუვედით და მოვეწონეთ. უბრალოდ ეს არის ის, რომ ომის შემდეგ, როცა ყველას საქართველო ჩამოწერილი ჰყავდა, მე პოლიტიკურ ცხედრად ვყავდი გამოცხადებული მავანს – არა მხოლოდ, სხვათაშორის, რუსებს, არამედ ზოგიერთ ევროპელსაც შეიძლება რაღაც დონეზე  – და როცა საქართველოს დიდ მომავალს არ უწინასწარმეტყველებდნენ, აი ამ სამ წელიწადში მოხდა ამ ყველა რეფორმის გატარება... საქართველო მაინც ახერხებს აღმშენებლობას სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ გავატარეთ რეფორმები... ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ყველამ დაგვიწყო უკეთესად ყურება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35